ვინ და როგორ განახორციელა თბილისის ლომბარდის ძარცვა
ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 16.07
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
პუბლიკაცია ეხება თბილისის ლომბარდის ძარცვის ლეგენდარულ საქმეს, რომელსაც საბჭოთა მთავრობა ათწლეულების განმავლობაში მკაცრად ასაიდუმლოებდა.
გაქცევა
1967 წლის სუსხიან ზამთარში შუა ციმბირის ¹4 მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან ორი ქართველი პატიმარი გაიქცა: 44 წლის ბეტრე ბობოხიძე, მეტსახელად „ბომბორა“ და 29 წლის ალექსანდრე ზარანდია. „ბომბორა“ მძარცველი-რეციდივისტი იყო და ამ საქმეში არა მარტო საქართველოში, მთელ საბჭოთა კავშირში ბადალი არ ჰყავდა. ზარანდია კი პირველ „სროკს“ იხდიდა ინკასატორის ძარცვის მცდელობისთვის. მას 7 წელი ჰქონდა მისჯილი და 3 უკვე მოხდილი ჰქონდა. ზარანდიამ თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ინკასატორს ხელიდან გამოჰგლიჯა ფულით სავსე ჩანთა და გაიქცა. მაგრამ ის „გაის“ ინსპექტორმა ქუჩაში დააკავა და მილიციაში წაიყვანა. „ბომბორამ“ და ზარანდიამ ისარგებლეს რა დენის გათიშვით, კოლონიიდან დილით ადრე, უთენია გაიქცნენ. ზამთარში დაბალი ტემპარეტურის გამო კოლონიაში ხშირად ითიშებოდა ხოლმე დენი. ქვესადგურში სადენები ფუჭდებოდა. მაგრამ სულ რაღაც 5 წუთში კვლავ აღდგებოდა ხოლმე. პატიმრები წინასწარ მოემზადნენ. უდენობით ისარგებლეს და გაიქცნენ. მათ, მაქსიმუმ, 3 საათი ჰქონდათ სამშვიდობოზე გასასვლელად. დათოვლილი ტაიგის 15-კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა გაევლოთ და მაგრად უნდა გამართლებოდათ, რომ მშიერ მგლებს, დათვს ან ვეფხვს არ შეეჭამათ. ერთი სიტყვით, პატიმრებს ფრთხილად და შეუჩერებლად უნდა ევლოთ. რკინიგზას რომ მიაღწევდნენ, მატარებელს უნდა შეხტომოდნენ. ერთსაათიანი სირბილის შემდეგ „ბომბორა“ დავარდა და აღარ იძროდა. მას ინფარქტი მოუვიდა. ზარანდია რომ მის სიკვდილში დარწმუნდა, მკვდარს თავისი ციხისნომრიანი სამოსი ჩააცვა. თავად კი მისი ჩაიცვა და გზა განაგრძო. გათვლა მარტივი და ჭკვიანური იყო. მდევარი მხოლოდ პატიმრის სამოსს აღმოაჩენდა, რადგან ცხედარს ტაიგის ნადირი შეჭამდა და მილიცია „ბომბორას“ დაუწყებდა ძებნას, ხოლო ზარანდიას კი მკვდრად გამოაცხადებდა.
„ბომბორას“ სქემა
ბანაკიდან გაქცევა „ბომბორას“ იდეა იყო. ბობოხიძეს შემუშავებული ჰქონდა თბილისის ლომბარდის ძარცვის გეგმა და თითქმის ყველაფერი წინასწარ ჰქონდა მომზადებული. რომ არ დაეპატიმრებინათ, „ბომბორას“ ლომბარდი გაძარცვული ექნებოდა და უზარმაზარი ქონებით საზღვარგარეთაც გაიქცეოდა. მაგრამ ბობოხიძე ძველ საქმეზე დააპატიმრეს და გაასამართლეს. „ბომბორა“ იმ ძველი საქმის ერთ-ერთმა მონაწილემ ორწლიანი დუმილის შემდეგ „ჩაუშვა“. ახალი სამოსი რომ მოირგო, ზარანდიამ „ბომბორას“ ცხედარს დახედა. პირჯვარი გადასწერა და გაიქცა. მას გაუმართლა – არც ტაიგის მტაცებელი დასხმია თავს, არც მდევარი დასწევია. რკინიგზასაც მშვიდობიანად მიაღწია. სატვირთო ვაგონს შეახტა და 3 კვირის შემდეგ თბილისში ჩამოვიდა. ყველაფერი კი ისე განვითარდა, როგორც ზარანდია ვარაუდობდა. მდევარმა „ბომბორას“ შეჭმული ცხედრის ძვლები და ზარანდიას ციხის სამოსი აღმოაჩინეს. ზარანდიას საქმე დახურეს და არქივში გადააგზავნეს. „ბომბორაზე“ კი საკავშირო ძებნა გამოაცხადეს. სამშობლოში დაბრუნებული ზარანდია ძალიან ფრთხილობდა. ბუნებრივია, რომ ის სახლში არ მისულა, თავის ბავშვობის მეგობარს, თანაკლასელ ირაკლი გაგუას მიაკითხა და მასთან შეაფარა თავი. ალექსანდრემ გაგუას ყველაფერი უამბო და ისიც გაუმხილა, რომ თბილისის ლომბარდის გაძარცვას აპირებდა. მას მხოლოდ ორი თანამონაწილე და ერთი ისეთი მანქანა სჭირდებოდა, რომლითაც ნაძარცვ ნივთებს წაიღებდნენ. გაგუა დაეთანხმა ზარანდიას ძარცვაში თანამონაწილეობაზე. მეორე „პაძელნიკი“ კი თავად „ბომბორას“ ძველი „პაძელნიკი“ იაგო იმნაძე იყო. 40 წლის იაგოსა და „ბომბორას ერთად რამდენიმე საქმე ჰქონდათ გაკეთებული და იმნაძე არასდროს დაუპატიმრებიათ. მილიციამ მის შესახებ, უბრალოდ, არაფერი იცოდა. იაგო უბადლო ელექტრომონტიორი იყო და სიგნალიზაციის ბლოკირებას ოსტატურად ახორციელებდა. ამგვარად, ასევე „ბომბორას“ სქემით, ეს დანაშაული პარასკევ ღამეს უნდა დაწყებულიყო და მძარცველებს ორი დღე ჰქონდათ ნაძარცვის გამოსაზიდად, რადგან შაბათ-კვირას ლომბარდი არ მუშაობდა და მართლაც, სამივე მძარცველი ლომბარდში „ბომბორას“ მიერ წინასწარ გათხრილი 8-მეტრიანი გვირაბით შეძვრნენ. ორი დარაჯი კი გაკოჭეს. შემდეგ სიგნალიზაციის ბლოკირება მოახერხეს, უზარმაზარი სეიფები ბურღებისა და ფოლადის ხერხის დახმარებით გააღეს და საქმეს შეუდგნენ. მათ 36 საათი დასჭირდათ ლომბარდიდან თითქმის ყველა ძვირფასი ნივთის გასატანად, გარდა დიდი ზომის ანტიკვარებისა. მათ ნაძარცვი გატაცებულ ავტომობილ „კოლხიდაში“ ჩატვირთეს და იქაურობას გაეცალნენ. ორშაბათ დილას კი ლომბარდის ძარცვის ამბავი უკვე მთელ ქვეყანას მოედო და ბოროტმოქმედების კვალს დაადგნენ, რომელიც მდინარე მტკვარზე წყდებოდა. ეს ისტორია ხალხისთვის მხოლოდ 2007 წელს, 40 წლის შემდეგ გახდა ცნობილი და ყველა დეტალიც მაშინ შეიტყვეს. სამივე მძარცველი უკვე გარდაცვლილი იყო. ნაძარცვ ნივთებს კი რა ბედი ეწია, დღემდე უცნობია და არც ამ ნივთების რაოდენობა და ღირებულებაა დადგენილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან