კრიმინალური ისტორიები

ვინ იყო იატაკქვეშა ქართველი მილიარდერი, რომელსაც „ბამბის მეფეს“ უწოდებდნენ

№50

ავტორი: ნიკა ლაშაური 21:51 16.12

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მისი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

                                                              ანალიტიკური დასკვნა


  გაგანია „პერესტროიკა“ მძვინვარებდა – 1987 წლის დეკემბერი იდგა. საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უკვე საკმაოდ ბევრი სტრატეგიული ხელშეკრულება იყო გაფორმებული, მათ შორის ერთ-ერთი სტრატეგიული სარაკეტო ობიექტების მშენებლობების შეჩერება  და აკრძალვა იყო. ახალი წლის წინა დღეებში საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტში ამერიკის ცენტრალური დაზვერვის (ცეერუ) თანამშრომელი მოვიდა და ამერიკული სპეცსამსახურის ანალიტიკური დასკვნა მიიტანა, რომელსაც თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები ერთვოდა. დასკვნაში ეწერა, რომ უზბეკეთში, ფერგანის ველზე გრანდიოზული ფარული მშენებლობა მიმდინარეობდა. ამერიკელ ანალიტიკოსთა დასკვნით, ეს იყო საბჭოთა ულტრათანამედროვე სარაკეტო-გამშვები მოედანი. თანამგზავრის სურათებზე თვალნათლივ ჩანდა რკინიგზის ხაზი, რომელიც ობიექტზე სამშენებლო მასალებს ეზიდებოდა. „კაგებესთვის“ ეს სიახლე იყო, რადგან იქ სარაკეტო-გამშვები პუნქტის მშენებლების თაობაზე არანაირი ცნობები არ ჰქონდათ. ინფორმაცია და სურათები მიხეილ გორბაჩოვს მიაწოდეს, მან კი უზბეკეთის ცეკას პირველ მდივანს, ინამკონ უსმანხოჯაევს დაურეკა, რომელმაც ამ პოსტზე იმ პერიოდში უკვე გარდაცვლილი შარაფ რაშიდოვი შეცვალა. უზბეკეთის ლიდერმა ერთ საათში გადაურეკა გორბაჩოვს და აცნობა, რომ ფერგანის ველზე კერძო აგარაკი შენდებოდა და არა სტრატეგიული ობიექტი. გორბაჩოვმა უსმანხოჯაევი რამდენიმე დღეში მოხსნა და მის ადგილზე რაფიკ ნიშანოვი დანიშნა, უზბეკეთში კი გენერალური პროკურატურის განსაკუთრებული ჯგუფი გაგზავნა.

ბამბის მეფე


მთელი ამ საქმის კომიკურობა ის იყო, რომ ფერგანის ველზე გაშლილი გრანდიოზული მშენებლობა მართლაც არ ჩამოუვარდებოდა სტრატეგიული ობიექტების მშენებლობას და ამერიკელები სწორედ ამან შეაცდინა. კერძო აგარაკის საერთო ფართობი მილიონი კვადრატული მეტრი იყო, ანუ 1 000X1 000. იმისთვის, რომ ობიექტზე საჭირო მასალები მიეტანათ, რკინიგზის 12-კილომეტრიანი ლიანდაგი გაიყვანეს, ხოლო წყალმომარაგებისთვის კი – 24-კილომეტრიანი უზარმაზარი მილსადენი. ამ ყველაფერთან ერთად აშენდა ძალიან მძლავრი ელექტროსადგური, ამ ყველაფრის პატრონი კი 43 წლის ქართველი, ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი მევლუდ ბუცხრიკიძე იყო. მევლუდს კარგად იცნობდნენ უზბეკეთის უმაღლეს პარტიულ წრეებში, ის თავის დროზე შარაფ რაშიდოვთან იყო დაახლოებული. შემდგომ კი – უსმანხოჯაევთან და მას „ბამბის მეფეს“ უწოდებდნენ. მევლუდი ძალიან გაქნილი საქმოსანი იყო და უზბეკურ ბამბაზე იმდენ ფულს შოულობდა, რომ პარტიულ ელიტასაც კვებავდა და თავად კი იატაკქვეშა მილიარდერი იყო.


„სიმ-სიმის გამოქვაბული“


როდესაც პროკურატურის საგანგებო ჯგუფი ბუცხრკიძის სამფლობელოს მიადგა, პატრონი იქ არ დახვდათ. ის წინასწარ გააფრთხილეს და მან მიმალვა მოახერხა. თან ის საგანძურიც წაიღო, რისი წაღებაც შეძლო. თუმცა, თითქმის აშენებულ აგარაკზე ძალოვნებს მაინც ზღაპრული სიმდიდრე დახვდათ. რომ არაფერი ვთქვათ თავად აგარაკსა და მის მორთულობაზე, ოთხ აუზსა და საჯინიბოზე, აგარაკის ქვეშ უზარმაზარი ბუნკერი აღმოაჩინეს. ბუნკერი კი უფრო სიმ-სიმის ზღაპრულ გამოქვაბულს ჰგავდა, იქ შესულმა ძალოვნებმა კუბებად დაწყობილი ასმანეთიანების დასტები აღმოაჩინეს, რომლებიც მილიარდ მანეთს აღემატებოდა. მთელი ეს ქონება სკურპულოზულად აღწერეს და მევლუდ ბუცხრიკიძეზე საკავშირო ძებნა გამოაცხადეს.

„კუნძულის მმართველი“


მევლუდ ბუცხრიკიძეს ოთხი წლის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა მისი მოხელთება ვერ შეძლეს. შემდეგ საბჭოეთი დაიშალა და მისი ძებნა ავტომატურად გაუქმდა. ქართველმა იატაკქვეშ მილიარდერმა კი მოახერხა და თავისი უზარმაზარი ქონება ისრაელში გაიტანა და ადგილობრივი მოქალაქეობა მიიღო. თანხის ნაწილი ქვეყნის ფასიან ქაღალდებში დააბანდა, ნაწილი – ერთ-ერთი ცნობილი საავტომობილო ფირმის აქციებში. შემდეგ ფიჯის ერთ-ერთი პატარა კუნძული შეიძინა, რომელსაც „აია“ დაარქვა. მევლუდი საკუთარ თავს „კუნძულის მმართველს“ უწოდებდა და ცხოვრების უმეტეს ნაწილს სწორედ იქ ატარებდა. მასთან მრავალი ცნობილი ადამიანი ჩადიოდა სტუმრად, ძირითადად, „შავი სამყაროს“ ავტორიტეტები, რომლებსაც ის გულუხვად უმასპინძლდებოდა. მევლუდ ბუცხრიკიძე 2001 წელს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა და კუნძულ აიაზეა დაკრძალული. ქუთაისელი საქმოსნის ქონებას ახლა მისი სამი ვაჟი განკარგავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

11-17 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ჯუბა

როგორ უდგას კოვიდპანდემიის დროს ქვეყანას მხარში „ა...