რა საიდუმლო სამხედრო დოკუმენტაცია გაიტაცა საბჭოთა ინჟინერმა თურქეთში
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
საყოველთაოდ გავრცელებული აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლაში ლომის წილი შეიტანა, ეგრეთ წოდებულმა, „სოის“ პროგრამამ, ანუ თავდაცვის სტრატეგიულმა ინიციატივამ, რომელიც პრინციპში, ბლეფი იყო და მას თითქოს საბჭოთა კავშირის ეკონომიკურად განადგურება უნდა მოჰყოლოდა. თუმცა, თითებზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა იციან, რომ სინამდვილეში ეს „ფეიკი“ საბჭოთა დაზვერვაში იყო შემუშავებული და მიზნად ისახავდა ამერიკის შეერთებული შტატების ცრუ კვალზე გაშვებას. მისი ავტორი იყო მაიორი ნოდარ ლეჟავა, რომელიც შემდგომ გენერალ-ლეიტენანტი გახდა.
გაქცევა
1973 წლის ივნისში ბათუმიდან თურქეთში გაიქცა ომარ სილაგაძე. მან სწრაფმავალი კატერი გაიტაცა და დევნის მიუხედავად, ჯერ ნეიტრალურ წყლებში შევიდა, იქიდან კი – თურქეთის ტერიტორიაზე და ადგილობრივ ხელისუფლებას ჩაბარდა. 38 წლის ომარ სილაგაძე მოსკოვის დახურულ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო და თანამედროვე სამხედრო-სარაკეტო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობდა. მას თან აღმოაჩნდა შავი ფერის ტყავის საქაღალდე. მასში იდო 200 ფურცელზე დაბეჭდილი დაშიფრული ტექსტი. სილაგაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშესთან შეხვედრა ითხოვა და განაცხადა, რომ მასთან კონფიდენციალური საუბარი სურდა გლობალური უსაფრთხოების თაობაზე. თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ზერელედ დაათვალიერეს შავი ფერის ტყავის საქაღალდე და ომარს დაუბრუნეს. შემდგომ ის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელს შეახვედრეს და სულ ორ დღეში ამერიკის საელჩომ თურქებს მოსთხოვა, რომ სილაგაძე მათი წარმომადგენლისთვის გაეტანებინათ საელჩოში უფრო დიდხნიანი საუბრისთვის. თურქმა კონტრმზვერავებმა უფროსების ნებართვა მიიღეს და კატერის გამტაცებელი ამერიკელს გაატანეს.
„მშვიდობის მტრედი“
ამერიკის საელჩოში ომარ სილაგაძე ჯეიმს მაკნილს შეახვედრეს. ეს ადამიანი „ცეერუს“ გამოცდილი თანამშრომელი იყო. მან ყურადღებით მოუსმინა ომარს, რომელმაც მაკნილს აღსარებასავით მოუყვა:
– მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მოქალაქე ვარ, ჭირივით მძულს ეს ქვეყანა. ეროვნებით ქართველი ვარ და ჩემი სამშობლო საქართველოა, მაგრამ ის რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ჩემი ქვეყნის მთავრობაში კი ქართველი ერის მოღალატე ადამიანები არიან. მე ორი წლის ვიყავი, როცა 1937 წელს სრულიად უსაფუძვლოდ, დამიხვრიტეს უდანაშაულო დედ-მამა. მე კი უპატრონო ბავშვთა სახლში გამამწესეს. მხოლოდ დეიდა მყავდა ცოცხალი და ისიც 20 წელი ციხეში იჯდა და 1957 წელს გათავისუფლდა. მომძებნა და მთელი სიმართლე მომიყვა. მაშინ 22 წლის ბიჭი ვიყავი. სარაკეტო ინჟინერიის სფეროში ვმუშაობდი და საბჭოთა ქვეყნის პატრიოტად მივიჩნევდი თავს. თუმცა, დეიდის მონათხრობმა რადიკალურად შემიცვალა აზრები. იმ დღეს მტკიცედ გადავწყვიტე, რომ საბჭოთა კავშირისთვის დიდი ზიანი მიმეყენებინა და აი, აქ ვარ.
– მაგ საქაღალდეში რა გაქვს? – ჰკითხა მაკნილმა სილაგაძეს.
– უახლესი ზესაიდუმლო სამხედრო-სარაკეტო ტექნოლოგიების სრული აღწერილობა. მე ამ სფეროში ვმუშაობ და ყველაფერი კოდირებული მაქვს. მოვითხოვ, შეერთებულ შტატებში გადაყვანას, ამერიკის მოქალაქეობას, უსაფრთხოების გარანტიებს და თუ საჭიროდ ჩათვლით, ამ სფეროში თქვენზე მუშაობას.
ომარ სილაგაძე ამერიკაში ჩაიყვანეს. „ცეერუში“ საგულდაგულოდ დაჰკითხეს. პოლიგრაფზეც შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ ეს ადამიანი სიმართლეს ამბობდა. შემდგომ მისი დაშიფრული ჩანაწერები გააშიფრინეს. სპეციალისტებს გააცნეს და მოხსენება დააწერინეს. მასში აღნიშნული იყო, რომ საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული საიდუმლო სამუშაოები უდიდეს საფრთხეს უქმნიდა ამერიკასა და მთელ მსოფლიოს და რომ აუცილებელი იყო საწინააღმდეგო ტექნოლოგიების სასწრაფოდ შექმნა, რომ შეერთებული შტატები დაცული ყოფილიყო. როდესაც სილაგაძის შესახებ ენგელტონს შეატყობინეს, რომელიც „ცეერუში“ საბჭოთა განყოფილებას ხელმძღვანელობად, მან ირონიით თქვა: რუსეთიდან ამერიკის გადასარჩენად „მშვიდობის მტრედი“ მოფრინდაო.
„უკან გაფრენა“
ომარ სილაგაძე, სინამდვილეში საბჭოთა დაზვერვის მაიორი ნოდარ ლეჟავა იყო. მას საინჟინრო განათლება ჰქონდა და ინსტიტუტის დასრულების შემდეგ „კაგებეში“ მუშაობა დაიწყო. ნოდარი ჯერ ტექნიკურ განყოფილებაში მუშაობდა და მსგავსი ტიპის ქაღალდებთან ჰქონდა საქმე. მუშაობის პროცესში კი მას დაებადა იდეა, რომ ამერიკელებისთვის „ფეიკი“ შეეცურებინათ და ისინი ცრუ კვალზე გაეშვათ და სანამ ამერიკული დაზვერვა ფანტომზე ინადირებდა და საბჭოთა სარაკეტო შეტევისგან დასაცავი ფარის შექმნაზე უამრავ ფულს დახარჯავდა, საბჭოთა მეცნიერები რეალურ საქმეებზე იმუშავებდნენ. ლეჟავამ ამ „ფეიკს“ საფუძვლად დაუდო კოსმოსიდან ატომურქობინიანი, მოუხელთებელი რაკეტების დამიზნება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეზე. ეს იყო იდეა და მანვე მოხაზა ამ იდეის განხორციელებისთვის საჭირო ტექნოლოგიები, რომლებიც დამუშავებას მოითხოვდნენ. და სანამ ამერიკელები მიხვდებოდნენ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ „ფეიკი“ იყო, საბჭოთა მეცნიერები დიდ სამუშაოებს ჩაატარებდნენ და ბევრს მიაღწევდნენ. როდესაც ლეჟავამ ეს იდეა ხელმძღვანელობას გააცნო, ქართველი მაიორი შესაბამისად მოამზადეს და ოპერაციაც დაიწყო.
ქართველმა მზვერავმა 1976 წლამდე იმუშავა შეერთებულ შტატებში, შემდგომ კი მისი იქ დარჩენა საშიში გახდა. ამერიკელებმა იეჭვეს, რომ ეს მხოლოდ ბლეფი იყო და საბჭოთა მზვერავს კუდზე დაასხდნენ. თუმცა მისი დროულად გამოყვანა მაინც მოხერხდა და ნოდარ ლეჟავა 1976 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირში ჩამოფრინდა. ამერიკელები ცოფებს ყრიდნენ. „ცეერუში“ რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს. თუმცა, ქართველი ოფიცრის მიერ მოფიქრებული ეს ფეიკი 80-იან წლებში არქივიდან ამოიღეს, დახვეწეს და საბჭოთა კავშირს „პერესტროიკის“ დროს, „სოის“ სახელით, უკან შემოუცურეს, რამაც ლომის წილი შეიტანა ქვეყნის დაშლაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან