კრიმინალური ისტორიები

ვინ და როგორ მოაწყო ყოფილ საბჭოთა კავშირში „ბესპრედელი“

№14

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 13.04, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„ისარი“

როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა და უზარმაზარ რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში „ბესპრეძელი“ (განუკითხაობა) დაიწყო, პირველი დარტყმა ყოფილ ძალოვნებს მიაყანეს, იმ ხალხს, ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში ორგანიზებულ დამნაშავეებს ებრძოდა. მათგან გამწარებულმა კრიმინალებმა ხოცვა-ჟლეტას მიჰყვეს ხელი და ბოროტმოქმედთა ტყვიებსა და ყუმბარებს ძირითადად პატიოსანი მილიციელები და „ჩეკისტები“ ეწირებოდნენ, ანუ ის ადამიანები, ვინც ბოროტმოქმედებმა ვერ მოქრთამეს.

1993 წლის დასაწყისში, როგორც ეს მოგვიანებით განსაჯაროებული საბუთებიდან გაირკვა, საბჭოთა კავშირის მილიციის ყოფილმა პოლკოვნიკმა ომარ მჭედლიძემ შეკრიბა თავისი ერთგული თანამოაზრეები და იატაკქვეშა ორგანიზაცია „ისარი“ ჩამოაყალიბა. ამ საიდუმლო კავშირის წესდებაში ეწერა, რომ მისი წევრების ამოცანა იყო ორგანიზებული ბანდების მეთაურების ლიკვიდაცია და იმ ხალხის დახოცვა, ვინც მათი პატიოსანი კოლეგების მკვლელობებში მონაწილეობდნენ. თავად მჭედლიძესა და ამ ორგანიზაციის წევრებს, ერთი მხრივ, მჭიდრო ოპერატიულ-სამძებრო გამოცდილება ჰქონდათ, მეორე მხრივ კი, ფართო ნაცნობობა მოქმედ, უკვე პოლიციად წოდებულ სტრუქტურებში და ყველა საჭირო ინფორმაციას სწორედ მათგან იღებდნენ.

დიდი „სხოდკა“

მას მერე, რაც კრიმინალურმა დაჯგუფებებმა საკმაოდ დიდი რაოდენობის ცნობილი და პატივსაცემი ყოფილი მილიციელები გამოასალმეს სიცოცხლეს, ხოლო საპასუხოდ ათმაგი მსხვერპლი მიიღეს, სანკტ-პეტერბურგში (ყოფილი ლენინგრადი) ორგანიზებული დაჯგუფებების დიდი „სხოდკა“ (შეკრება) გაიმართა. დღის წესრიგში იდგა ერთადერთი საკითხი – როგორმე შეეჩერებინათ ეს უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა, რაც საბოლოოდ კრიმინალების სრული ამოწყვეტით უნდა დასრულებულიყო. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ავტორიტეტმა, ეროვნებით ქართველმა, მეტსახელად „ჯიქმა“ (ოთარ მინდელი) თანამოძმეებს უთხრა:

– ძმებო! ძაღლები (მილიცია-პოლიცია) აქ მყოფთაგან არავის გვევასება, მაგრამ საკითხი ჩვენს სიკვდილ-სიცოცხლეზე დგას. ვფიქრობ, რომ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ მათთან. ზავი დავდოთ და ეს უბედურება შევაჩეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს დიდ საძმოს გადაშენება უწერია და ეს ყველამ უნდა გავიაზროთ.

„სხოდკაზე“ გადაწყდა, რომ „ძაღლებთან“ (მილიცია-პოლიციასთან) „ხოდი“ (მისასვლელი კავშირი) გამოენახათ და „ჯიქმა“ მათ უთხრა, რომ ასეთი „ხოდი“ არსებობდა და ეს ვინმე ილია პოპელნუხას შეეძლო. მინდელის თქმით, პოპელნუხა ყოფილი მილიციის მაიორი იყო და სწორედ ის მოახერხებდა, კავშირი დაემყარებინა ამ ორ მტრულ დაჯგუფებას შორის. ავტორიტეტებმა თანხმობა განაცხადეს. „ჯიქმა“ პოპელნუხა „სხოდკას“ გააცნო და შეთანხმდნენ, რომ აუცილებლად შედგებოდა „დიდი“ გაერთიანებული „სხოდკა“.

გაერთიანებული „სხოდკა“

ორი კვირის შემდეგ უკვე მოსკოვში, სასტუმრო „კოსმოსში“ ერთმანეთს კრიმინალები და „ისრის“ წევრები შეხვდნენ. ორივე მხარიდან ბევრი მათგანი ერთმანეთის კარგად იცნობდა. მათ გადაწყვიტეს, რომ პირველ რიგში, ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა შეეწყვიტათ, თანაც გავლენის სფეროები გადაენაწილებინათ. კრიმინალებმა კაზინოები, ბაზრობები და საკოლმეურნეო ბაზრები აირჩიეს, ყოფილ ძალოვნებს კი („ისრის“ წევრებს) კომერციული დაწესებულებები, სუპერმარკეტები და ბანკები ხვდათ წილად. „სხოდკიდან“ ორივე მხარე კმაყოფილი წავიდა, რადგან წილები, ფაქტობრივად, თანაბარი იყო.

ნამდვილი „ხაზეინი“

არაფორმალური ზავი 2000 წლამდე გაგრძელდა, მაგრამ მეოცე საუკუნის მიწურულს, ამერიკის შეერთებულ შტატებში „ეფესბეს“ პოლკოვნიკი ოლეგ როტმანი გაიქცა, რომელმაც სენსაციური ცნობები გამოაქვეყნა და ფარდა ახადა იმ „ბესპრედელს“, რაც საბჭოეთის დაშლის შემდეგ ხდებოდა ძირითადად რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა (ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს გარდა) სივრცეში. როტმანის მტკიცებით, რასაც შესაბამისი ფოტო, ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებიც ახლდა თან, მთელი 90-იანი წლების „ბესპრეძელი“ ყოფილი „კაგებეს“, იმჟამინდელ უკვე „ეფესბეს“, ხელდასხმით ხორციელდებოდა. პოლკოვნიკყოფილმა თქვა, რომ „ეფესბეში“ შემქმნილი იყო სპეციალური ჯგუფი ყოფილი „კაგებეშნიკებისგან“, რომელშიც თვითონაც შედიოდა. სწორედ ამ ჯგუფმა შექმნა „ისარი“ და ეს ჯგუფი აკონტროლებდა ორგანიზებულ დანაშაულსაც. ყველაფერი კი ამ ორივე დაჯგუფების საკონტროლებლად გაკეთდა და „ეფესბეშნიკები“ დიდ წილს იღებდნენ მათგან (ორივე დაჯგუფებისგან), თან, საჭიროებისამებრ, მათი ძალებითაც მანიპულირებდნენ. სწორედ ამ კომბინაციების შედეგად მოაგებინეს ორი არჩევნები ელცინს. შემდგომ კი ის „საკუთარი ნებით“ გადააყენეს და ხელისუფლებაში თავიანთი „კაცი“ მოიყვანეს. სწორედ ის „თავიანთი“ კაცი იყო მთელი ამ კომბინაციის სათავეში და როდესაც ეს ჯგუფი პოლიტიკურ მმართველობას დაეუფლა, დაიწყეს იმათი ლიკვიდაცია, ვინც ყველაფრის საქმის კურსში იყო. როტმანი დროზე მიხვდა, რომ მასაც მოკლავდნენ და გაიქცა. თუმცა, 2004 წელს როტმანი ნიუ-იორკში, ერთ-ერთ სასტუმროში მოკლეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი