ვინ და როგორ გადააგდო ჯაბა იოსელიანი მილიონ დოლარში
ავტორი: ნიკა ლაშაური 49 წუთის წინ
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
საძმო
კარლო კაკალაძე თბილისის ერთ-ერთი, ეგრეთ წოდებული, საძმოს წევრი იყო და მას კანონიერი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დამხობაში დიდი წვლილი მიუძღოდა. კაკალაძე ძველი სპორტსმენი იყო და თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის საკავშირო პირველობაც კი ჰქონდა მოგებული. მეოცე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში კი კაკალაძე ხულიგნობისთვის დააპატიმრეს და ადამიანისთვის მძიმე ტრავმების მიყენების გამო 4 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. ხოლო, როცა ის ციხიდან გათავისუფლდა, საბჭოთა კავშირი იშლებოდა. გააქტიურებული იყო ეროვნული მოძრაობა და ძალოვანი სტრუქტურები ყოველდღიურად სუსტდებოდნენ. სამაგიეროდ, ძალებს იკრებდნენ შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც თავს ასაღებდნენ ეროვნული მოძრაობის ნაწილად. ამ ხალხის გარკვეული რაოდენობა მართლაც პატრიოტები იყვნენ. ისინი მზადყოფნას გამოთქვამდნენ, რომ ქვეყნისთვის გაეწირათ თავი. საკმაოდ დიდი ნაწილი კი ტიპური კრიმინალური დაჯგუფება იყო, რომლებიც ეროვნულ მოძრაობას იყვნენ ამოფარებული. სინამდვილეში კი ძარცვა-გლეჯითა და გამოძალვით იყვნენ დაკავებული. რუსეთის დახმარებით, სწორედ ასეთი ხალხისგან შემდგარმა ბანდებმა დაამხეს ზვიად გამსახურდია და საქართველოში ქაოსი დაიწყო. დადგა საძმოების შავ-ბნელი ხანა. საქართველოს დედაქალაქსა და სხვა რეგიონებში განუკითხაობამ პიკს მიაღწია. ერთ-ერთი ასეთი საძმო კარლო კაკალაძემაც ჩამოაყალიბა და საკმაოდ მრავალრიცხოვანი შეიარაღებული დაჯგუფება თბილისს შიშის ზარს სცემდა.
გადაგდებული ჯაბა
კარლო კაკალაძე თავის თანამოძმეებთან შედარებით საკმაოდ მაღალი ინტელექტითა და ერუდიციით გამოირჩეოდა. ციხეში გატარებულ ოთხ წელიწადს კარლოსთვის ფუჭად არ ჩაუვლია. პატიმრობის პერიოდში მრავალი წიგნი წაიკითხა, გაიცნო სხვადასხვა ტიპის ადამიანები და რაც მთავარია, მას ჰქონდა მიზანი – გამდიდრება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა კარლოს ყველა ქმედება – დაწყებული ძარცვა-ყაჩაღობით და დამთავრებული სხვა კრიმინალური ქმედებებით. კაკალაძე დაუახლოვდა პუტჩისტთა შეიარაღებული რაზმების მეთაურებს, გვარდიის ლიდერს, თენგიზ კიტოვანსა და „მხედრიონის“ ხელმძღვანელს, ჯაბა იოსელიანს.
სანამ „მხედრიონი“ ოფიციალურ სახელმწიფო სტატუსს მიიღებდა და ბიუჯეტში ჩაჯდებოდა, შეიარაღებასა და სხვა საჭირო სამხედრო ამუნიციას არალეგალური გზით შოულობდა. ძირითადად, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საწყობებიდან, რომლებსაც რუსი სამხედროები განაგებდნენ. ჯაბა იოსელიანის ნებართვის შემდეგ „მხედრიონის“ “ობშჩიაკიდან“ ფულს გამოყოფდნენ და შეთანხმების შემდეგ რუსებს თანხას გადასცემდნენ. მათ კი იარაღი შეთანხმებულ ადგილზე მიჰქონდათ. ასეთი გარიგებების დროს ჯაბა იოსელიანის ნდობით აღჭურვილი პირი კარლო კაკალაძე იყო. სწორედ კარლოს მიჰქონდა „ზაკვოს“ შტაბში ფული და იქიდან კი იარაღი მოჰქონდა. მორიგი ასეთი გარიგება ზვიად გამსახურდიას განდევნიდან ერთი კვირის შემდეგ გაიმართა. ჯაბა იოსელიანმა კარლო კაკალაძეს მილიონი დოლარი გადასცა და სამაგიეროდ, უამრავი ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამალი, სხვა საბრძოლო მასალა და ამუნიცია უნდა მოეტანა. კარლომ ჯაბას ფული გამოართვა და საბურთალოზე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენობისკენ გაემართა. თუმცა, მალევე გაუჩინარდა და როგორც გაირკვა, კაკალაძემ „მხედრიონის“ შეფი მილიონ დოლარში „გადააგდო“.
ევროპული სტანდარტი
„მხედრიონის“ ხელმძღვანელი გაცოფებული იყო. ერთი მხრივ, საქმე ეხებოდა უზარმაზარ თანხას, მეორე მხრივ კი – იმ კაცისა და ორგანიზაციის ღირსებას, რომელიც შიშის ზარს სცემდა ქვეყანას. იოსელიანის ბრძანებით, კარლო კაკალაძეს ინტენსიურად ეძებდნენ, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს. კარლოს შორეული ნათესავიც კი არ ჰყავდა. მის კუთვნილ ერთადერთ პატარა სახლში კი, რომელიც თბილისის გარეუბანში მდებარეობდა, კვირების განმავლობაში არავინ გამოჩენილა. ჯაბას ბრძანებით, ეს ქოხი დაწვეს.
ჯაბა იოსელიანის „გადამგდები“ მხოლოდ 25 წლის შემდეგ გამოჩნდა. კაკალაძე ლონდონში ცხოვრობდა და მოსკოვში რეგისტრირებული მსხვილი სამშენებლო კომპანიის მფლობელი იყო, რომელიც მთელს ევროპაში აშენებდა ობიექტებს და ცნობილი ლოგო ჰქონდა – ევროპული სტანდარტებით. ჯაბას გადამგდები ყოფილი საძმოელი ევროპელი მილიონერი გახდა. კაკალაძე 2007 წლის დეკემბერში ჩამოვიდა სამშობლოში და ევროპული დონის რამდენიმე ობიექტი ააშენა. ჯაბა ოთხი წლის გარდაცვლილი იყო. როგორც გაირკვა, საქართვლეოში ჩამოსულმა კაკალაძემ დიდუბის პანთეონი მოინახულა და ჯაბა იოსელიანის საფლავზე ყვავილების თაიგული მიიტანა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან