კრიმინალური ისტორიები

ვინ და როგორ იპარავდა საბჭოთა სახელმწიფო ჯილდოებს

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 12.11

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ტანდემი

ეთერ და მიკუშა კაკაურიძეები ცოლ-ქმარი იყვნენ. ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ და სკოლა რომ დაამთავრეს, მაშინვე დაქორწინდნენ. ერთ წელიწადში კი ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინათ. ცოლ-ქმარმა ბავშვების აღზრდა მიკუშას მშობლებს მიანდეს, თავად კი, ვითომდა სასწავლებლად, სინამდვილეში კი „საჩალიჩოდ“ რუსეთში გაემგზავრნენ – ახალგაზრდები ძვირფას საბჭოთა ორდენებს იპარავდნენ. ისინი ღვაწლმოსილ ადამიანებს ჟურნალისტ პრაქტიკანტებად ეცნობოდნენ, ვითომ მათზე ნარკვევი უნდა დაეწერათ და ორდენთან ერთად უღებდნენ სურათებს. შემდეგ მათ ამ ძვირფას ორდენებს ჰპარავდნენ და უჩინარდებოდნენ. მოპარულ ორდენებს კაკაურიძეები ვინმე ოსტაპ ზელენსკის აბარებდნენ, რომელიც მათ კოლექციონერებზე ყიდდა და კარგ ფულს შოულობდა. ასევე, კარგ ფულს იღებდნენ კაკაურიძეები. ცოლ-ქმრის ტანდები თვეში ერთხელ ჩადიოდა თბილისში. თავიანთ შვილებს მოინახულებდნენ და კვლავ „საჩალიჩოდ“ მიემგზავრებოდნენ. ოსტაპ ზელენსკი მილიციასთან იყო შეკრული და მოსკოვში მფარველი ჰყავდა, რომელიც მისგან წილს იღებდა. წყვილი თითქმის 12 წლის განმავლობაში დიდი წარმატებით „მოღვაწეობდა“, მაგრამ კოკას ყოველთვის არ მოაქვს წყალი.

ყალბი ორდენი

ნოემბრის ერთ ცივ დღეს კაკაურიძეები მოსკოველ ომისა და შრომის ვეტერანს, 79 წლის აფანასი ვოლკოვს ესტუმრნენ. თავი ჟურნალისტებად წარუდგინეს და ორდენებთან ერთად სურათი გადაუღეს. შემდეგ ლენინის ორდენი მოიპარეს და გაუჩინარდნენ. ეს ორდენი ზელენსკის გადასცეს. ზელენსკიმ კი ის კოლექციონერ ლეონიდ პოტიომკინს მიჰყიდა, რომელიც ყოფილი მილიციის პოლკოვნიკი იყო და შესანიშნავად ერკვეოდა ორდენებში. საბჭოთა კავშირში ორდენების ყიდვა-გაყიდვა აკრძალული არ იყო. პოტიომკინი კანონსაწინააღმდეგოს არაფერს სჩადიოდა და როცა ლენინის ორდენი 500 მანეთად იყიდა და ზელენსკის წასვლის შემდეგ ორდენი გულდასმით შეამოწმა, აღმოჩნდა, რომ ეს ორდენი ყალბი იყო. ნამდვილ ლენინის ორდენში 29 გრამი 999 სინჯის ბაჯაღლო ოქროა, 1,8 გრამი კი – პლატინა. ზელენსკის მიერ მოტანილ ორდენში წონა ზუსტად დაემთხვა, თუმცა, იქ არც ოქრო და არც პლატინა არ იყო. მილიციის ყოფილმა პოლკოვნიკმა ორდენი მილიციაში მიიტანა. ზელენსკი დააკავეს. მან კი კაკაურიძეები დააბეზღა და ტანდემი დააპატიმრეს. მიაგნეს ორდენის მფლობელ 79 წლის ვეტერან აფანასი ვოლკოვსაც. ყველა საბჭოთა ორდენს თავისი ნომერი აქვს ამოტვიფრული და იოლი დასადგენია, თუ ვინ დააჯილდოვეს ამ ორდენით. ასევე, ისიც, თუ ვინ ჩამოასხა ორდენი. ორდენებს კი საბჭოთა კავშირში მოსკოვსა და ლენინგრადში ასხამდნენ.

ფალსიფიკატორი

აშკარა იყო, რომ ორდენის ფალსიფიკაცია ლენინგრადში განხორციელდა, რაზეც მასზე ამოტვიფრული რიცხვი მიუთითებდა. ორდენი 9 წლის წინ იყო დამზადებული და მის ჩამოსხმაზე პასუხს ოსტატი იური გეტმანი და ტექნოლოგი მოისეი კრუპსკი აგებდა. გეტმანი გარდაცვლილი იყო, კრუპსკი კი ისევ იმ უწყებაში მუშაობდა. თუმცა, დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა. მილიციამ კრუპსკი დააკავა. თუმცა, ის პირველ დაკითხვაზე უარყოფდა ფალსიფიკაციაში მონაწილეობას და ყველაფერს გარდაცვლილ გეტმანს აბრალებდა. თუმცა, შემოწირული იქნა მათი ხელმოწერით დამზადებული 205 ლენინის ორდენი და აღმოჩნდა, რომ 161 ფალსიფიცირებული იყო. ჩატარდა კრუპსკის აგარაკის ჩხრეკა პავლოვსკში (ლენინგრადის მახლობლად) და ოპერატიულმა თანამშრომლებმა იქიდან 2 კილოგრამი 999 სინჯის ოქროს შენადნობი ამოიღეს.

კრუპსკის დახვრეტის მუხლი ჰქონდა მიყენებული და ამ საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებდა. მოსამართლემ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. არც საკასაციო გასაჩივრებამ და შეწყალების თხოვნამ გაჭრა და 47 წლის კრუპსკი ლენინგრადის „კრესტების“ სიკვდილმისჯილთა საკანში მოათავსეს, სადაც ის დახვრეტას ელოდა, თუმცა, ერთ დღეს მას ჯერ დახვრეტა 19 წლის პატიმრობით შეუცვალეს. ხუთ წელიწადში კი საერთოდ გაათავისუფლეს. გაირკვა, რომ კრუპსკისგან ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილი, გალინა ძვირფას სამკაულებს იღებდა, სამაგიეროდ, მფარველობდა კიდეც და ფალსიფიკატორი სწორედ მისი დამსახურებით გათავისუფლდა ციხიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი