რის გამო ჩასვეს ციხეში 15 წლით ექსკურსიამძღოლი ქალი
ავტორი: ნიკა ლაშაური 48 წუთის წინ
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
გვამი
1973 წლის მაისში გერმანე კალანდარიშვილი წყნეთში ნაყიდი ძველი აგარაკის ადგილზე ახალ, ფეშენებელურ, როგორც თვითონ უწოდებდა, „დაჩას“ აშენებდა. გერმანე ეგრეთ წოდებული, „ცეხავიკი“ იყო. ცელოფნის პარკებს ამზადებდა და უამრავი ფული ჰქონდა. ძველი აგარაკის ნგრევისას მებულდოზერემ ბეტონის ნანგრევებში მამაკაცის ჩონჩხი აღმოაჩინა. სქესი ტანსაცმლის მიხედვით ამოიცნეს. გამოიძახეს მილიცია და პროკურატურა. დაიწყო მოკვლევა და გაირკვა, რომ გვამი 9 წლის წინ დაკარგულ ემზარ დადეშქელიანს ეკუთვნოდა. ამ საქმეს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი თენგიზ გავაშელი იძიებდა. გავაშელმა იდენტიფიკაციის შემდეგ დაადგინა, რომ 9 წლის წინ დაკარგული დადეშქელიანის ცოლი ვიქტორია ბულია იყო და ქმრის დაკარგვის განცხადებაც მან მიიტანა მილიციაში. ცოლ-ქმარი 2 წლის დაქორწინებული იყვნენ და შვილი არ ჰყავდათ. თენგიზ გავაშელს სიჩქარე არ უყვარდა. მან თანმიმდევრული მოკვლევა დაიწყო. დაადგინა, რომ ვიქტორია ბულია ცოცხალი იყო და მარტო ცხოვრობდა. გავაშელმა არ იჩქარა აღმოჩენის ამბავი შეეტყობინებინა ბულიასთვის და უფრო ფართო გამოკვლევას შეუდგა.
ფართო მოკვლევა
გავაშელმა, პირველ რიგში, დაადგინა, თუ ვის ეკუთვნოდა წყნეთის აგარაკი 9 წლის წინ. აღმოჩნდა, რომ აგარაკის მფლობელი მაშინ კაროლინა ბაჯელიძე იყო. სწორედ მან მიჰყიდა ეს აგარაკი გერმანე კალანდარიშვილს 2 წლის წინ. ბაჯელიძე გარდაცვლილი იყო და მისი დაკითხვა, რა თქმა უნდა – შეუძლებელი. თუმცა მისი მეუღლე, ზევარი იყო ცოცხალი და გავაშელმა ის დაჰკითხა. ზევარმა გამომძიებელს უთხრა, რომ მისი მეუღლე კიბომ შეიწირა და აგარაკიც იმიტომ გაყიდა, რომ მეუღლისთვის ემკურნალა. თუმცა, არაფერი ეშველა. გავაშელმა ზევარს მისი გარდაცვლილი მეუღლის საახლობლო წრის შესახებ გამოჰკითხა. აღმოჩნდა, რომ ვიქტორია ბულია მისი მეუღლის უახლოესი დაქალი იყო.
– ისინი თანაკლასელები იყვნენ, – თქვა ზევარმა და დააყოლა, – უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ. ერთმანეთს უზომოდ ენდობოდნენ, სახლისა და აგარაკების გასაღებებსაც უტოვებდნენ. ერთი სიტყვით, დებს არ უყვართ და ენდობიან ერთმანეთს ისე, როგორც ვიქტორია და ჩემი ცხონებული ცოლი...
ზევარის მონათხრობიდან გამომძიებელ გავაშელისთვის ცნობილი გახდა, რომ 9 წლის წინ ზევარი და მისი მეუღლე დასასვენებლად იყვნენ წასულები და წყნეთის აგარაკის გასაღები სწორედ ვიქტორია ბულიასთან ჰქონდათ დატოვებული.
ექსკურსიამძღოლი
43 წლის ვიქტორია ბულია ინგლისური ენის სპეციალისტი იყო. ის ექსკურსიამძღოლად მუშაობდა და უცხოელებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ათვალიერებინებდა. გავაშელს საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდა, რომ ქმარი ვიქტორიამ მოკლა ან მოაკვლევინა. გამომძიებლის ვარაუდით, ვიქტორიას, შესაძლოა, საყვარელი ჰყავდა და მკვლელობა ამის ნიადაგზე მოხდა. როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, მოკლულს კეფაში მძიმე საგანი ჰქონდა ჩარტყმული. სიკვდილის მიზეზი კი გულში გარჭობილი ხანჯალი გახდა. გავაშელმა თავისი ჯგუფის წევრებს დაავალა, ვიქტორია ბულიაზე ცნობების შეკრება. თუმცა, ამან გამომძიებლის ვარაუდი ვერ დაადასტურა. აღმოჩნდა, რომ ქალი აბსოლუტურად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და არამცთუ საყვარელი, ახლო მეგობარიც კი არ ჰყავდა. გაირკვა, რომ ვიქტორია ბულია ბოლო 9 წლის განმავლობაში, ქმრის დაკარგვის მერე; ჩაიკეტა. მას მხოლოდ გარდაცვლილი კაროლინა ბაჯელიძე აკითხავდა და როდესაც ის გარდაიცვალა, ბულია უფრო მეტად ჩაიკეტა. გავაშელი სხვა ვერსიაზე გადავიდა. ინტუიცია მას ჰკარნახობდა, რომ საქმე „კაგებეს“ კომპენტეციის იყო და მოკვლევის მასალები უშიშროებას გადასცა.
მოუხელთებელი ქალი
უშიშროებამ საქმეს ჩვეული პროფესიონალიზმით მოჰკიდა ხელი. ექსკურსიამძღოლ ქალზე უწყვეტი თვალთვალი დააწესეს და მის ყოველ გადაადგილებას ფოტო და კინოფირზე აფიქსირებდნენ. უშიშროების თანამშრომლებმა ფარულად გაჩხრიკეს მისი ბინა, მაგრამ საეჭვო აქაც ვერაფერი აღმოაჩინეს. თვალთვალი წამითაც არ წყდებოდა და კინოფირმა დააფიქსირა, რომ მცხეთაში, ჯვარზე ექსკურსიის დროს ერთ-ერთმა გერმანელმა ტურისტმა ექსკურსიამძღოლ ქალს რაღაც კონტეინერი გადასცა. მეორე დღეს უშიშროების ოპერებმა ბულიას ბინა კვლავ ფარულად გაჩხრიკეს და სერვანტის უჯრაში ის კონტეინერი აღმოაჩინეს. როდესაც მისი შიგთავსი დაათვალიერეს, აღმოჩნდა ინსტრუქციები, თუ როგორ და როდის უნდა შეხვედროდა მეკავშირეს. აგრეთვე, საიდუმლო კონტეინერების, სამალავების ადგილსამყოფელები. „კაგებეს“ კონტრდაზვერვამ ორთვიანი თვალთვალის მერე საბჭოთა კავშირში მოქმედი, მოუხელთებელი საჯაშუშო ქსელი გაშიფრა და 11 ადამიანი დააპატიმრეს. ბულიამ აღიარა, რომ ქმარი მან მოკლა. მიზეზი კი ის იყო, რომ მისმა მეუღლემ ქალს საჯაშუშო ინფორმაციით სავსე კონტეინერი აღმოუჩინა და სწორედ ამას შეეწირა. ვიქტორია ბულიას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ქალი მკაცრი რეჟიმის ციხეში გამოამწყვდიეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან