კრიმინალური ისტორიები

როგორ დაუბრუნეს საბრძოლო ორდენები ყოფილ კანონიერ ქურდს

№43

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„ავტომატჩიკი“

ოთარ ბერძენიშვილი 1910 წელს თბილისში დაიბადა. ძალიან ახალგაზრდა დაუკავშირდა შავ სამყაროს და დიდი ავტორიტეტიც მოიპოვა. ოთარი სუპერჯიბგირი იყო და კოლეგები მას მეტსახელად „ხელსწრაფიას“ უწოდებდნენ. 1940 წელს ოთარი თბილისის ორთაჭალის ციხეში კანონიერ ქურდად აკურთხეს. შემდგომ კი მეოთხედ გასამართლებული და ხუთწელიწადმისჯილი რეციდივისტი რუსეთის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაამწესეს. ერთი წლის შემდეგ დიდი სამამულო ომი დაიწყო და „ხელსწრაფიამ“ ფრონტზე გამგზავრებისა და სამშობლოსთვის ბრძოლის სურვილი გამოთქვა. ეს კი 31 წლის კანონიერი ქურდისთვის ქურდული კოდექსის უმკაცრეს დარღვევას ნიშნავდა. მართალია, ოთარი კრიმინალი იყო, მაგრამ მასში პატრიოტიზმი სჭარბობდა და ამიტომ გადაწყვიტა ფრონტზე წასვლა და ფაშისტების განადგურება. და მართლაც, ოთარმა დიდად გამოიჩინა თავი და ორწელიწად-ნახევარში ორი საბრძოლო ორდენით დააჯილდოვეს. 1943 წელს კი უკრაინაში ერთ-ერთი შეტაკების დროს მძიმე ბრძოლა გაიმართა და აფეთქების ტალღამ ბერძენიშვილი გათიშა, რის გამოც უკრაინელმა ნაციონალისტებმა ჩაიგდეს ტყვედ და ქალაქ ლვოვის „გესტაპოში“ მიიყვანეს. იქ „ხელსწრაფიამ“ დიდი ტანჯვა-წამება გამოიარა და საშინელი ჯალათის, ურაინელი „გესტაპოელის“, მეტსახელად, „ყასბის“ ხელში გამოიარა. „ყასბის“ სახელი ათასობით ადამიანმა იცოდა, მაგრამ მისი ნამდვილი ვინაობა და გარეგნობა კი –ერთეულებმა. „ყასაბი“ ცოცხალს არავის ტოვებდა და არც ოთარს ეწერა დიდი ხნის სიცოცხლე. ერთ-ერთი უმძიმესი წამების მერე, ბერძენიშვილი მკვდარი ეგონათ და ის, სხვა გვამებთან ერთად, ლვოვის გარეუბანში გათხრილ, უზარმაზარ ორმოში ჩააგდეს და მიწაც დააყარეს. თუმცა, „ხელსწრაფია“ „ჟივუჩი“ გამოდგა. ის ცოცხალი იყო და მიწიდან ამოძრომა მოახერხა. შემდგომ მან ორი დღე და ღამე ტყე-ტყე იარა და საბჭოთა პარტიზანთა დაჯგუფების მზვერავებს გადააწყდა, რომლებსაც დიმიტრი მედვედევი მეთაურობდა. ოთარ ბერძენიშვილმა მედვედევს ყველაფერი მოუყვა და პარტიზანთა რაზმში ჩაირიცხა. მან ომის ბოლომდე პარტიზანებთან ერთად იომა და კიდევ ერთი, რიგით მესამე ორდენი მიიღო. ხოლო ომი რომ დასრულდა, „ხელსწრაფია“ „სმერშმა“ დააპატიმრა. გაასამართლეს და კვლავ ციხეში დააბრუნეს. თუმცა, ყოფილი კანონიერი ქურდი, მეტსახელად „ხელსწრაფია“ უკვე „ავტომატჩიკი“ იყო. ასე უწოდებდნენ ყოფილ ავტორიტეტებს, რომლებმაც ომში მიიღეს მონაწილეობა და ასეთ კონტინგენტს კანონიერი ქურდები სასიკვდილოდ ემტერებოდნენ.

„ყასაბი“

ოთარ ბერძენიშვილი ურალის ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხვდა და დიდ განსაცდელში იმყოფებოდა, ყოფილმა კოლეგებმა მას განაჩენი გამოუტანეს და ხელსაყრელ მომენტს ეძებდნენ, რომ ის „დაეშტირათ“, ანუ ცივი იარაღით დაეჩეხათ. ოთარმა ეს კარგად იცოდა, ამიტომ, დასწრებაზე ითამაშა და აგვისტოს ერთ ღამეს მან თავზეხელაღებული გაქცევა განახორციელა. ბუშლატის დახმარებით, „ხელსწრაფიამ“ ხუთი მავთულხლართი გადალახა და ტაიგას მისცა თავი, მან ტყის ოცდახუთკილომეტრიანი მონაკვეთი წარმატებით დასძლია და სვერდლოვსკში მოახერხა ჩასვლა. ამ ქალაქში ოთარს ნაცნობიც კი არ ჰყავდა და ერთი კაპიკიც არ გააჩნდა. თანაც, პატიმრის ფორმა ეცვა და ადვილად დაიჭერდნენ. „ხელსწრაფიამ“, რომელიც მთელი დღე იმალებოდა, თანაც სამი დღის მშიერ-მწყურვალი, ღამით ქალაქის უნივერმაღში მოახერხა შეღწევა და ტანსაცმელი მოიპარა, ინტელიგენტურად გამოეწყო და დღისით სვერდლოვსკის ქუჩებს მიაშურა. მან ქალაქის ავტობუსში ერთ მამაკაცს საფულე ამოაცალა, სადაც 300 მანეთი იდო და ერთ-ერთ სასადილოში დანაყრდა. შემდეგ ბინის ძებნას შეუდგა და ოთახი იქირავა. თუმცა, არ გაუმართლა. ერთ-ერთმა ახალგაზრდა მილიციელმა ბერძენიშვილი გავრცელებული სურათით იცნო. ჯიბგირი დააკავა და მილიციის განყოფილებაში მიიყვანა. „ხელსწრაფია“ საკანში გამოამწყვდიეს. გვიან ღამით კი ის საკნიდან ერთმა მილიციელმა გაიყვანა. „პრესხატაში“ პირქვე დაკიდა და საშინლად აწამებდა. ორიოდე საათის მერე კი გონებამიხდილი პატიმარი საკანში დააბრუნა. დილით, ბერძენიშვილის წასაყვანად კოლონიის ხელმძღვანელი და რეჟიმის უფროსი მივიდნენ, ხელბორკილები დაადეს და ციხეში დასაბრუნებლად წაიყვანეს. თუმცა, ბერძენიშვილმა იმდენი ქნა, რომ მათ თავი სვერდლოვსკის „ენკავედეს“ სამმართველოში მიაყვანინა და უშიშროების უფროსს, გენერალ პოტაპოვს უთხრა, რომ ადგილობრივ მილიციაში „გესტაპოს“ ყოფილი ჯალათი მუშაობდა, რომელსაც „ყასაბს“ ეძახდნენ და დააპატიმრეთო. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ „ხელსწრაფია“ ეშმაკობდა, მაგრამ მან კონტრმზვერავებს უთხრა, რომ „ყასბის“ ერთ-ერთი საყვარელი წამების ხერხი „შიპებიანი“ ფეხსაცმლის ჩაცმა და ქუსლებში კომბლით ცემა იყო. სვერდლოვსკის მილიციის თანამშრომელს, ივან კარცევს, სინამდვილეში კი ვოლდემარ კოვალჩუკს, სწორედ ასეთი ნივთი აღმოაჩნდა და დაკითხვისას მან აღიარა, რომ სწორედ ის იყო მოუხელთებელი „ყასაბი“, რომელსაც ათასობით ადამიანი ჰყავდა წამებით მოკლული. კოვალჩუკი გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს. ოთარ ბერძენიშვილის საქმეს კი გადახედეს, „სმერშის“ მიერ ფალსიფიცირებულად მიიჩნიეს და ბრალდება მოუხსნეს. ციხიდან გაათავისუფლეს და სამივე ორდენი დაუბრუნეს. ოთარ ბერძენიშვილი თბილისში დაბრუნდა. პროფესია შეიცვალა და 100 წლამდე იცოცხლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი