როგორ გაანეიტრალა ქურდმა-რეციდივისტმა ტერაქტი თბილისში
ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 09.07
ეს ისტორია გაგანია „პერესტროიკის“ დროს მოხდა და იმ დიდი გეგმის ნაწილი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლა ეწოდებოდა და სისხლიანი ეპიზოდების დასაწყისი უნდა ყოფილიყო. თუმცა, შემთხვევითობის წყალობით, სინამდვილეში კი, ღვთის მადლით, მოვლენები ისე არ წარიმართა, როგორც იგეგმებოდა... ამ პუბლიკაციის მონაწილეთა ვინაობები შეცვლილია. მათთან ვინმეს მსგავსება კი შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით.
„ატმიჩკის“ აღმოჩენა
1989 წლის 7 იანვარი, შობადღე იყო. ეროვნულ ტალღაზე დამდგარი საქართველო უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავდა. თბილისის რკინიგზის სადგურზე კი ძალიან ცოტა ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყო ლევან პაპიძე, ქურდი-რეციდივისტი, მეტსახელად – „ატმიჩკა“. პაპიძე შემნახველი საკნების სივრცეში იმყოფებოდა და მას მერე, რაც ერთ-ერთი საკანი გააღო, ადგილზე გაქვავდა. შემნახველ საკანში საათისმექანიზმიანი ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო. „ატმიჩკა“ პროფესიონალი სამხედრო არ ყოფილა, მაგრამ კინომოყვარული იყო და მიხვდა, თუ რა ჯოჯოხეთური მოწყობილობა დაედოთ საკანში. მან არც აცია, არც აცხელა, მორიგე მილიციელთან მიიჭრა, თითქმის ძალით მიიყვანა შემნახველ საკანთან და მოწყობილობა დაანახვა, თან უთხრა:.
– სასწრაფოდ „საპიორები“ გამოიძახე და ხალხი მოვაშოროთ აქაურობას!
მილიციელი სამორიგეოში შევარდა და უფროსობას დაურეკა. „ატმიჩკამ“ კი დარბაზში შეკრებილ ოცდაათიოდე ადამიანს ომახიანად დაუყვირა:
– სასწრაფოდ დატოვეთ აქაურობა, მალე ბომბი აფეთქდება!
20 წუთის შემდეგ თბილისის რკინიგზის სადგურის დარბაზში უშიშროების კომიტეტის მაღალჩინოსნები და სპეციალისტები მივიდნენ. გამნაღმველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს. „ატკიჩკა“ კი „კაგებეში“ წაიყვანეს დაკითხვაზე და ჩვენების ჩამორთმევის შემდეგ გაუშვეს.
მომზადებული სცენარი
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უშიშროების კომიტეტი საკავშირო „კაგებეს“ ექვემდებარებოდა, მისმა ხელმძღვანელებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს – ამ საქმის მოკვლევა და გამოძიება ცენტრთან შეუტყობინებლად განეხორციელებინათ. აპარატმა სწრაფად იმუშავა და 24 სათის განმავლობაში გაშიფრეს წინასწარ მომზადებული სცენარი და დააკავეს მისი განმახორციელებლები, უფრო სწორად, ის ადამიანები, რომლებსაც ტერაქტის მოწყობა უნდა დაბრალებოდათ. ქართველებმა კონტრმზვერავებმა დააპატიმრეს საქართველოს „კაგებეს“ მაიორი, ტექნიკური განყოფილების თანამშრომელი, რომან კარიაული. სწორედ მან ააწყო და შემდგომ კი 31 წლის არსენ გასიევს დაადებინა ეს მოწყობილობა შემნახველ საკანში. ხოლო, როდესაც აფეთქება განხორციელდებოდა, არსენ გასიევს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააპატიმრებდნენ. საჯაროდ გაასამართლებდნენ და გაავრცელებდნენ ხმებს, ოსების ანტიქართული ტერორისტული ორგანიზაციის შესახებ. ეს კი ქართულ-ოსურ კონფლიქტს გამოიწვევდა და ამისთვის ყველაფერი მზად იყო, მაგრამ „ატმიჩკამ“ მათ გეგმები ჩაუშალა და ქართველი კონტრმზვერავების ასეთმა მაღალმა პროფესიონალიზმმა თბილისში საშინელი ტერაქტი აღკვეთა. მართალია, 9 აპრილს მაინც დაიღვარა სისხლი და პროვოკაცია თავიდან ვერ ავიცილეთ, მაგრამ რკინიმგზის სადგურზე რომ ბომბი აფეთქებულიყო, მსხვერპლიც ბევრად მეტი იქნებოდა და ბევრად უფრო დიდი საშინელება მოხდებოდა. მოსკოვში საშინლად გაბრაზდნენ დაპატიმრებული ქართველი მაიორი და არსენ გასიევი სასწრაფოდ წაიყვანეს და მათი შემდგომი ბედი უცნობია..
გამქრალი დღიური
1993 წელს მოსკოვში თავის ბინაში თავი მოიკლა უშიშროების გენერალმა ვსევოლოდ ვანინმა. ეს 52 წლის კაცი სპეცოპერაციების განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და არაერთი პროვოკაციული ოპერაცია დაუგეგმავს და ჩაუტარებია „პერესტროიკის“ დროს. ვანინს საფეთქელში ტაბელური იარაღიდან ჰქონდა ნასროლი და ეს შემთხვევა თვითმკვლელობად მოინათლა. თუმცა, ამას კატეგორიულად უარყოფდა მისი მეუღლე –კლავდია ვანინა. მეტიც, ქალი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ გენერალი დღიურის გამო მოკლეს, რომელსაც ის სისტემატურად აწარმოებდა და წიგნად გამოცემა უნდოდა. ვანინას თქმით, დღიური სახლიდან გაქრა... ქალი ამბობდა, რომ ზოგიერთი მონაკვეთი წაკითხული ჰქონდა და იქ სწორედ იმ განუხორციელებელი ტერაქტის შესახებ ყვებოდა... ქალის მტკიცებით, ეს პროვოკაცია დაგეგმილი იყო პროგორბაჩოვული „კაგებეს“ ფრთის მიერ. მიზნად ისახავდა ეროვნებათაშორისი კონფლიქტის გაღვივებას და რომ არ განხორციელდა, მის ქმარს საყვედური გამოუცხადეს, შემდგომ კი პენსიაზე გაუშვეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან