კრიმინალური ისტორიები

ვინ და როგორ გაქურდა რაიკომის მდივნის ბინა ვაკეში

№51

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 29.12, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

გასაგები მიზეზების გამო პუბლიკაციის მთავარი გმირების ვინაობები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ქურდობა

1971 წლის 1 მაისს, იმ დროს, როცა საპირველმაისო დემონსტრაცია იმართებოდა და რუსთაველის გამზირზე მთავარი პარტიული ელიტა იყო შეკრებილი, ვაკეში, ერთ-ერთი რაიკომის პირველი მდივნის ფეშენებელური ბინა გაიქურდა. თავად ბინის პატრონი და მისი ოჯახის ყველა წევრი დემონსტრაციაზე იმყოფებოდნენ და „ბაითი“ ცარიელი „იდგა“... როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბინიდან უნიკალური ანტიკვარული ნივთები, ძვირფასი სამკაულები და 15 ათასი მანეთი წაიღეს. თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად არავის გამოუცხადებია. სამაგიეროდ, დედაქალაქის მთელი მილიცია ფეხზე დადგა. „აყარეს“ თბილისში მყოფი ყველა კანონიერი ქურდი და დაემუქრნენ: თუ ისინი სამი დღის განმავლობაში არ აღმოაჩენდნენ ქურდს და გატაცებულ ნივთებსა და ფულს არ დააბრუნებდნენ, მაშინ მათ „გულაობას“ წერტილი დაესმებოდა... გამოძიების მასალებში ამის შესახებ არაფერი წერია, მაგრამ მეორე დღეს მილიციამ 23 წლის ილია ბარძიმაშვილი დააპატიმრა, რომელსაც სახლში ფული და ყველა ნაქურდალი ნივთი აღმოაჩნდა. მილიციის სამმართველოში მიყვანილი ბარძიმაშვილი სასტიკად აწამეს და მან აღიარა, რომ მასთან ერთად საქმეზე იმყოფებოდა მისი ძმა - ომარი და ბიძაშვილი - დემურ ბარძიმაშვილი... ომარი იმავე დღეს დააპატიმრეს. დემურს კი მეორე დღეს დაადგნენ ასაყვანად ლოტკინზე, სადაც ის ცოლის სახლში ცხოვრობდა საერთო ეზოში.

აყვანის ოპერაცია

თბილისის მილიციის სამმართველოს ოპერატიული ჯგუფი მეორე დღეს, გამთენიისას მიადგა დემურ ბარძიმაშვილს დასაპატიმრებლად. ორი ოპერმუშაკი ეზოს გასცდა და დაზღვევაზე დარჩა, ოთხნი კი ეზოში შევიდნენ. დემურ ბარძიმაშვილი მეორე სართულზე ცხოვრობდა. ოპერებმა კარგად იცოდნენ მისი ბინის მდებარეობა და იქით ორნი გაეშურნენ, ორიც აივანზე დარჩა დაზღვევაზე. როდესაც ბარძიმაშვილს კარზე დაუკაკუნეს, აივნის ბოლოში მდებარე ბინის კარი ჩუმად გაიღო და იქიდან ახალგაზრდა კაცმა გამოიხედა. ფეხაკრეფით გამოვიდა აივანზე, იქიდან ღობეზე გადაძვრა და ქუჩაში თავქუდმოგლეჯილი გაიქცა... აივანზე მდგომმა ოპერებმა გაქცეული ვერ შენიშნეს, ხოლო, ქუჩაში მდგომმა მილიციელებმა იფიქრეს, დემურ ბარძიმაშვილი გაიქცაო და გამოეკიდნენ. თუმცა ვერ დაეწივნენ და გაექცათ... დემურ ბარძიმაშვილი კი მისსავე ცოლის ბინაში დააპატიმრეს ოპერებმა და გაირკვა, რომ გაქცეული პიროვნება მხოლოდ და მხოლოდ მდგმური იყო... დემურ ბარძიმაშვილი მილიციის სამმართველოში წაიყვანეს. თუმცა, ადგილზე ახალი ოპერჯგუფი გამოიძახეს და მოკვლევა მათ დაიწყეს.

ჩხრეკა

ბინის მეპატრონის განცხადებით, მას სამი დაღესტნელი მდგმური ბიჭი ჰყავდა, რომლებიც თბილისში, ერთ-ერთ ტექნიკუმში სწავლობდნენ. მილიციელებმა მდგმურების ბინა გაჩხრიკეს და შოკირებულები დარჩნენ... ბინაში აღმოჩნდა 4 ცალი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, 2 ცალი „ტეტეს“ სისტემის რევოლვერი, 2 ცალი მოკლე კარაბინი, 8 ცალი „ლიმონკა“ და 2 ცალი „შტიკ-ნოჟი“, აგრეთვე 1 კილო დაპაკეტებული მარიხუანა... როგორც მოკვლევით დადგინდა, იმ დღეს ბინაში მხოლოდ ერთი მდგმური იმყოფებოდა და ისიც გაიქცა. აშკარა იყო, რომ გაქცეულმა იფიქრა, მილიცია ჩვენთან დასაჭერადაა მოსულიო... სინამდვილეში, მდგმურების არც სახელები და არც გვარები არ იყო ცნობილი და არც ის, თუ სად იმყოფებოდნენ იმ წუთას. სავარაუდოდ, მათ სხვა ბინაც ჰქონდათ ნაქირავები თბილისში. ამიტომ, მილიციამ ამ ხაზით დაიწყო მათი ძებნა, ფეხზე დააყენეს უბნის ინსპექტორთა მთელი შემადგენლობა და თბილისის მასშტაბით მდგმურების გადამოწმება დაიწყო. მილიციის აზრით, მდგმურები სავარაუდოდ, ნარკომოვაჭრეები იყვნენ და ნადავლსაც ყიდდნენ. ეს კი უკვე უშიშროების კომპეტენცია გახლდათ და საქმე „კაგებეს“ საგამომძიებლო სამმართველოს გადაეცა. გაუჩინარებულ მდგმურებზე კი ტოტალური ძებნა გამოცხადდა.

ორგანიზებული ბანდა

„კაგებეს“ ძალისხმევამ მალევე გამოიღო შედეგი და იმავე საღამოს 23 წლის იბრაჰიმ ლაგაზოვი მცხეთაში დააპატიმრეს. სწორედ ის გაქცეული იყო, რომელსაც ეგონა, რომ მილიცია მის დასაჭერად იყო მისული. ლაგაზოვის შემდეგ დააპატიმრეს მასთან ერთად მცხოვრები ორი ახალგაზრდაც - 25 წლის იბრაჰიმ კოდაევი და უსმან ხაგაევი (22 წლის). მათ გარდა, კიდევ 3 ახალგაზრდა დაღესტნელიც დააპატიმრეს თბილისში. ყველა მათგანი თბილისის სხვადასხვა პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლობდა. თუმცა ეს მხოლოდ შირმა იყო, სინამდვილეში კი, ეს იყო ორგანიზებული, შეიარაღებული ბანდიტური ფორმირება და რამდენიმე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდნენ საინკასაციო მანქანაზე. პარალელურად, ეს ექვსეული მარიხუანას ყიდდა... დაპატიმრებული ახალგაზრდები დაღესტნიდან იყვნენ ჩამოსულები. საბოროტმოქმედოდ კი საქართველო და თბილისი აირჩიეს და რომ არა, კურიოზული შემთხვევა, სავარაუდოდ, არაერთ უბედურებას დაატრიალებდნენ საქართველოში. სასამართლომ დაღესტნელ ბოროტმოქმედებს 12–12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და სასჯელის მოხდა თბილისში, მკაცრი რეჟიმის ციხეში მოუწიათ... რაიკომის პირველი მდივნის ბინის მძარცველ ბარძიმაშვილებს კი 6–6-წლიანი სასჯელი გამოუტანეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი