კრიმინალური ისტორიები

ვინ და როგორ გაქურდა „კაგებეს“ მაღალჩინოსნის ბინა თბილისში

№10

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 14.03

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„დანოსები“ მოსკოვში

ჯერ კიდევ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ედუარდ შევარდნაძეზე ხშირად იგზავნებოდა „დანოსები“ (ანონიმური საჩივრები) მოსკოვში, სადაც შევარდნაძეს არაორთოდოქს კომუნისტად მოიხსენიებდნენ და მას შენიღბულ ქართველ პატრიოტს უწოდებდნენ. იმავდროულად, ამ დასმენებში ისიც ეწერა, რომ გენერალი შევარდნაძე ძალზე ხშირად ეკონტაქტებოდა ხოლმე კანონიერ ქურდებს და ზოგიერთ სფეროში წესრიგს, სწორედ, მათი მეშვეობით ამყარებდა. ამ ინფორმაციებს „ცენტრში“ უშიშროების კომიტეტის („კაგებე“) ერთ-ერთი მაღალჩინოსანი უშვებდა, რომელსაც ამ სისტემაში მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა. ამ წერილების ავტორის მიზანი იყო, რომ შევარდნაძის კარიერული აღმასვლა შეჩერებულიყო, რადგან აშკარა ხდებოდა, რომ სულ მალე შევარდნაძე საქართველოს ცეკას პირველი მდივნის სავარძელს დაიკავებდა. „კაგებეს“, ფაქტობრივად, განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა. „ჩეკისტების“ აზრსა და რეკომენდაციებს ყურს უგდებდა მოსკოვის მმართველი ელიტა. მაგრამ, შევარდნაძის წინააღმდეგ არანაირი მაკომპრომენტირებელი მასალა არ არსებობდა და პირადად ლეონიდ ბრეჟნევის რეკომენდაციით, შევარდნაძემ საქართველოს მმართველობა ჩაიბარა.

ტერაქტის მცდელობა

შევარდნაძის დაწინაურებამ არაერთგვარი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. ახალმა „პირველმა“ „ცეხავიკების“ კასტას შეუტია და ვინც რუსეთში ვერ გაასწრო, ციხეში აღმოჩნდა. უბრალო მოსახლეობაში კი შევარდნაძეს პატიოსანი ადამიანის სახელი დაუმკვიდრდა. „პირველი“ ყოველდღიურად ჩნდებოდა ხალხში. რესპუბლიკის რიგით მოქალაქეებს ეცნობოდა და მათ პრობლემებს იგებდა. ერთ-ერთი ასეთი „ვოიაჟის“ დროს, როდესაც ედუარდ შევარდნაძე პიონერთა სასახლის წინ რამდენიმე ათეული ადამიანის გარემოცვაში იმყოფებოდა და ამ ჯგუფს ხალხი ემატებოდა, უეცრად ამ წრეში „პირველის“ პირადი მცველები შეიჭრნენ. შევარდნაძე სასწრაფოდ გამოიყვანეს, „ვოლგაში“ ჩასვეს და ადგილს გაეცალნენ. იმავე საღამოს თბილისში ხმა გავრცელდა, რომ შევარდნაძეზე ტერორისტული აქტი უნდა განხორციელებულიყო – მისთვის კინოთეატრ „რუსთაველის“ სხვენიდან სნაიპერს უნდა ესროლა. მაგრამ, დაქირავებული მკვლელი მილიციამ გაანეიტრალა... იმავე ხმების მიხედვით, „ქილერი“, ყოფილი სამხედრო იყო, პროფესიონალი სნაიპერი და მისი აღმოჩენა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულმა სამსახურმა განახორციელა. ამ ტერაქტის შემკვეთად, ამ ხმების მიხედვით, „ცეხავიკები“ სახელდებოდნენ. მაგრამ, ვრცელდებოდა ვერსია ამ საქმეში „კაგებეს“ მონაწილეობის შესახებაც, თუმცა, არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა არც ტერაქტის მცდელობისა და არც მისი შემკვეთის თაობაზე და ხალხში მხოლოდ სხვადასხვა ხმა დადიოდა.

ქურდობა

ზაფხულის ერთ დღეს „კაგებეს“ მაღალჩინოსანი, რომელიც შევარდნაძეზე „დანოსებს“ წერდა, აგარაკიდან თავის ბინაში დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ სახლი გაქურდული იყო. სხვა ნივთებთან ერთად ბინიდან წაღებული იყო „ტეტეს“ სისტემის ქრომირებული იარაღი, რომელზეც ეწერა – „ლავრენტი ბერიასგან“... „კაგებეს“ მაღალჩინოსნის ბინის გაქურდვა სასიკვდილო ნაბიჯი იყო. ბოროტმოქმედებისთვის საქმის გამოძიება, კანონის მიხედვით, მილიციამ დაიწყო. თუმცა, თავის მხრივ, „კაგებემაც“ დაიწყო, გამოძიება, მაგრამ ისეთი „სუფთა“ ნამუშევარი იყო, რომ მცირედი ხელჩასაჭიდიც კი ვერაფერი იპოვეს. თბილისში სხვადასხვაგვარი ხმა დადიოდა და სიმართლეს ტყუილისგან ვერავინ არჩევდა. ჭორების მთავარი ვერსია კი იყო ის, რომ თითქოს ეს ქურდობა შევარდნაძის შეკვეთით იქნა ჩადენილი და ამით ახლად დანიშნულმა „პირველმა“ „ჩეკისტებს“ თავისი ძალა უჩვენა. ლაპარაკობდნენ, აგრეთვე, კარგად მომზადებულ მილიციელთა სპეცჯგუფზე, ვინც, თითქოსდა, ქურდობა განახორციელა.

გახსნილი საქმე

ქურდობიდან ორი კვირის შემდეგ ქალაქ ნოვოსიბირსკის ერთ-ერთ კერძო სახლს მილიციის რაზმმა ალყა შემოარტყა და შიგნით მყოფებს დანებება სთხოვა. თუმცა, იქიდან ცეცხლი გახსნეს. მილიციელებმა საპასუხო ცეცხლით უპასუხეს და ეს შეტაკება ოთხივე ადამიანის ლიკვიდაციით დასრულდა. ოთხივე მოკლული საქართველოს მკვიდრი იყო – ერთი ქართველი, ერთი სომეხი და ორი რუსი. თითოეული მათგანი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი იყო. მათი ბინის ჩხრეკისას კი „კაგებეშნიკის“ ბინიდან წაღებული ყველა ნივთი ამოიღეს, პისტოლეტის გარდა. ნოვოსიბირსკში ბოროტმოქმედთა კვალზე ქართველი ოპერმუშაკები გავიდნენ და სახლს ადგილობრივ კოლეგებთან ერთად შემოარტყეს ალყა. თუმცა ნოვოსიბირსკელმა მილიციელებმა „სუფთად“ ვერ იმუშავეს და ბოროტმოქმედთა ცოცხლად აყვანა ვერ შეძლეს. ნაქურდალი ნივთები მეორე დღესვე უკლებრივ დაუბრუნეს პატრონს. სამი დღის შემდეგ კი კუკიის სასაფლაოზე გატაცებული „ტეტედან“ მოკლული აზარტული მოთამაშე აღმოაჩინეს. „ტეტეს“ ბალისტიკურმა ექსპერტიზამ ამოაგდო და ორ დღეში მკვლელიც აიყვანეს, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები „დანოსების“ დამწერი „კაგებეშნიკის“ დისშვილი აღმოჩნდა. ამ ამბის შემდეგ შევარდნაძეზე „დანოსების“ წერა შეწყდა. ხოლო, თუ რა ბედი ეწია მკვლელსა და მკვლელობის იარაღს, უცნობია. იმავე ხმების მიხედვით, ეს საქმე შეთანხმებით დასრულდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი