კრიმინალური ისტორიები

ვინ და როგორ გაძარცვა თბილისის უნივერმაღი

№46

ავტორი: ნიკა ლაშაური 17 წუთის წინ

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„მელაკუდა“

ცნობილი თბილისელი „მედვეჟატნიკი“ (სეიფების გამხსნელი), 42 წლის ანტონ პაპავერინი, მეტსახელად „მელაკუდა“, რეციდივისტი იყო – სამჯერ ნასამართლევი და ციხეში 19 წელი ჰქონდა გატარებული. ანტონი მილიციის განსაკუთრებულ აღრიცხვაზე იმყოფებოდა. თუკი მთელი საბჭოთა ქვეყნის მასშტაბით, სადმე სეიფი გაიძარცვებოდა, ეჭვი „მელაკუდაზეც“ მიჰქონდათ. მას მოინახულებდნენ, განყოფილებაში წაიყვანდნენ, დაჰკითხავდნენ და ალიბის შემთხვევაში ათავისულებდნენ.

მეოცე საუკუნის 60-იანი წლების მიწურული იყო. ანტონი მორიგ საქმეზე მუშაობდა. მან მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ცენტრალურ უნივერმაღში, სხვისი საბუთებით, მტვირთავად დაიწყო მუშაობა. სინამდვილეში კი, საიუველირო სექციის სიგნალიზაციის დასაბლოკი სისტემა შექმნა. სექციის კედელში ხვრელი გააკეთა და დასაფარავად გარედან სახანძრო სტენდი ჩამოჰკიდა. შემდეგ კი თავისი მომზადებული საქმე სამ ბოროტმოქმედს – „ხრიკას“ „ძონძიანს“ და „კლაქსონს“ – გააცნო. თავად კი ხულიგნობის ბრალდებით ორი წლით ციხეში ჩაჯდა და რუსეთში გაამგზავრეს. „მელაკუდა“ უკვე ბანაკში იყო, როდესაც თბილისის უნივერმაღის საიუველირო სექცია პირწმინდად გაიძარცვა და იქიდან 380 ათასი მანეთის ძვირფასეულობა გაიტაცეს. სამივე მძარცველი მუშების ფორმაში იყვნენ გამოწყობილი. ნაძარცვი ძვირფასეულობა სამეულმა ჩემოდანში ჩაყარა და შემთხვევით რომ არ „დამწვარიყვნენ“, ჩემოდანი ელბაქიძის დაღმართზე, ერთ-ერთ საკანალიზაციო კოლექტორში გადამალეს და წავიდ-წამოვიდნენ.

გაქცევა

„მელაკუდას“ ძარცვის თაობაზე თბილისში ელენე ხორავა ჰყავდა გაფრთხილებული და ნაძარცვი სამეულს მასთან უნდა მიეტანათ. მაგრამ, როდესაც მეორე დღეს მძარცველებმა კოლექტორი მოინახულეს, ჩემოდანი იქ არ აღმოჩნდა. „ხრიკა“, „ძონძიანი“ და „კლაქსონი“ ერთმანეთს აბრალებდნენ ჩემოდნის გატაცებას, მაგრამ „კრისობას“ სამივე უარყოფდა. ელენე ხორავა სამივეს „მელაკუდათი“ დაემუქრა და ნაძარცვის გაქრობის ამბავი ციმბირის ბანაკში „მელაკუდას“ შეატყობინა. მან კი ქალს უთხრა, რომ „კრისობას“ „ძონძიანი“ ჩაიდენდაო. ამასობაში, „კლაქსონა“ თავისი ბინის მეექვსე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. მთვრალი „ხრიკა“ მატარებლის ქვეშ მოყვა. „ძონძიანი“ კი ყველაზე ბოლოს, თავისსავე ბინაში აღმოაჩინეს მოკლული. მას თავში არწივის ბრინჯაოს ქანდაკება ჰქონდა ჩარტყმული და საფეთქელი კი კომოდის წვერზე ჩამორტყმული. სახლში ყველაფერი გადაბრუნებული იყო და იქაურობას ბრძოლისა და ძებნის კვალი ეტყობოდა. აშკარა იყო, რომ „ძონძიანი“ ორთაბრძოლის შედეგად იყო მოკლული და მკვლელი კი რაღაცას, სავარაუდოდ, ჩემოდანს ეძებდა. ამ მომენტისთვის „მელაკუდა“ უკვე ბანაკიდან იყო გაქცეული და მილიცია არ გამორიცხავდა, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა. ამიტომ, მისი ძებნა გაძლიერდა და რამდენიმე თბილისურ „მალინაზე“ ჩასაფრება მოეწყო. იქ ოპერები – ანტონ პაპავერინს ელოდნენ.

ჩემოდანი

ანტონ პაპავერინი, იგივე „მელაკუდა“, მილიციამ ელენე ხორავას ბინაში, პლეხანოვის გამზირზე აიყვანა. ბინის ჩხრეკისას კი ჩემოდანი ამოიღეს. მილიციის სამმართველოში პაპავერინმა განაცხადა, რომ ეს ჩემოდანი „ძონძიანის“ ბინიდან წამოიღო. თავად „ძონძიანი“ კი მას მკვდარი დახვდა და რომ ის მას არ მოუკლავს. ჩემოდანი რომ გახსნეს, შიგნით, ძვირფასეულობის ნაცვლად, რკინის ჭანჭიკები და ქანჩები აღმოაჩინეს. აშკარა იყო, რომ ამ საქმეში უცნობი პიროვნება მონაწილეობდა, „ძონძიანი“ მისი მოკლული იყო და ძვირფასეულობით სავსე ჩემოდანი კი – შეცვლილი. გამომძიებელმა კოკა რუსაძემ დაადგინა, რომ „ძონძიანის“ მკვლელობის დღეს მისი მეუღლე, ქალიშვილი და სიძე ბათუმში იმყოფებოდნენ დასასვენებლად. კოკამ ისიც გაარკვია, რომ „ძონძიანის“ სიძე, პეტრე კალია, სიდედრისა და ცოლისგან ფარულად ბათუმიდან თბილისში ჩაფრინდა, რომ თავის საყვარელს, კლავდია ბასოვას შეხვედროდა და შემდგომ კი თვითმფრინავითვე უკან დაბრუნდა. კალია მფრინავი იყო და ორივეჯერ კოლეგებმა წაიყვან-წამოიყვანეს. რუსაძემ ბასოვას ბინა გაჩხრიკა და საკუჭნაოში ნაძარცვი ძვირფასეულობა აღმოაჩინა, შემდეგ კალია დაკითხვაზე დაიბარა და უთხრა, მოეყოლა, როგორ და რატომ მოკლა თავისი სიმამრი. პეტრე კალიამ სიმამრის მკვლელობა აღიარა, თუმცა თქვა, რომ მას ის შემოაკვდა. როდესაც ბათუმიდან თბილისში ჩავიდა და სახლში მივიდა, მას სიმამრი დახვდა, რომელიც ჩემოდნიდან ძვირფასეულობას იღებდა და რომ ის პირველი ეცა სიძეს და ახრჩობდა. ამის მერე მოკლა სიძემ სიმამრი. შემდეგ ძვირფასეულობა გაიტაცა და ბინაში კი სხვა ჩემოდანი მიიტანა. კალია 12 წლით ჩასვეს ციხეში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი