როგორ შექმნა ფულის საბეჭდი ცეხი ქართველმა პოლიგრაფმა
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 19.11
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
წუნდებული მატრიცები
36 წლის ისიდორე მიმინოშვილი პროფესიით ინჟინერ-პოლიგრაფი იყო და მოსკოვის „გოსზნაკის“ ფაბრიკაში მუშაობდა. იქ საბჭოთა ფულს, ობლიგაციებს, ფასიან ქაღალდებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის საბუთებს ბეჭდავდნენ. ისიდორე წარმოშობით ქუთაისიდან იყო. მოსკოვში კი პოლიგრაფიული ინსტიტუტი დაამთავრა და სამუშაოდ იქ დარჩა. მიმინოშვილი ნიჭიერი მუშაკი იყო. თუმცა, ქართველობის გამო მას არ აწინაურებდნენ. მასზე პატარა და გვიან მოსული რუსები და ებრაელები კი მისი უფროსები ხდებოდნენ. ეს კი ნიჭიერ ქართველს სასტიკად აბრაზებდა და ფიქრობდა, რომ კარიერას თუ ვერ გაიკეთებდა, ფული მაინც ეშოვა. ისიდორეს რამდენიმე ხერხი ჰქონდა შერჩეული. ძირითადად, ეს იყო „გოსზნაკის“ რესურსის გამოყენება და ყალბი პროდუქციის ბეჭდვა-გასაღება. და ერთ დღეს მას ამის საშუალება მიეცა. აღმოჩნდა, რომ სამპროცენტიანი, მომგებიანი ობლიგაციის მატრიცა (ფულისა და ფასიანი ქაღალდების საბეჭდი ყალიბი) წუნიანი იყო. ჩამოსხმისას ექვს მათგანს ასო „ი“ აკლდა და ობლიგაციის ნაცვლად ობლგაცია ეწერა. ეს კი იმდენად შეუმჩნეველი იყო, რომ თუ არ იცოდი, წუნს ვერც კი გაარკვევდი. ყველაფერი დანარჩენი კი მატრიცაზე ნამდვილი იყო. წუნიანი მატრიცები უნდა განადგურებულიყო. ეს პროცესი მიმინოშვილს ევალებოდა. ისიდორემ შესაბამისი აქტი შეადგინა და საბუთები ადმინისტრაციას გადასცა. მატრიცები კი, იმის ნაცვლად, რომ ღუმელში შეეყარა, სახლში წაიღო და საიმედოდ გადამალა...
საიდუმლო საამქრო
ისიდორე მიმინოშვილი მაღალი კლასის სპეციალისტი იყო. მას თვალდახუჭულს შეეძლო ყველა ტექნოლოგიური პროცესის წარმოება. მან წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოახერხა მინი დაზგის დეტალების გამოტანა, რომლებსაც ვადა ჰქონდათ გასული და მათი რესტავრაცია განახორციელა. ააწყო საბეჭდი დაზგა, ნელ-ნელა გამოიტანა ქაღალდი და საღებავები და ერთი სიტყვით, საიდუმლო საბეჭდი საამქრო მოაწყო და სამპროცენტიანი ობლიგაციების ბეჭდვას შეუდგა. ისიდორემ 1 000 მანეთის ობლიგაციების საცდელი გასაღება საკურორტო ქალაქ სოჭში განახორციელა და წარმატებულადაც. შემდგომ ის ამ ობლიგაციებს საბჭოთა ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ანაღდებდა და წარმატებულად. თუმცა, მაინც ძალიან სარისკო საქმე იყო. თუნდაც ერთი ობლიგაციის სიყალბე რომ გამომჟღავნებულიყო, მასზე ნადირობას დაიწყებდნენ და უკეთეს შემთხვევაში, თუ ვერ მოიხელთებდნენ, მაშინ ყალბი ობლიგაციების ბეჭდვა უნდა შეეწყვიტა, თუნდაც, დროებით. ისიდორე უფსკრულის პირას დადიოდა. საბჭოთა კავშირში ასეთი დანაშაული, ზოგ შემთხვევაში, სიკვდილითაც ისჯებოდა. თუმცა, მიმინოშვილს იმედი ჰქონდა, რომ ობლიგაციების ამბავი რომ გამჟღავნებულიყო, სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით, ძალოვნები „გოსზნაკშიც“ მივიდოდნენ და ის აუცილებლად გაიგებდა, რომ სიყალბე გამჟღავნებული იყო და მიიმალებოდა. თუმცა, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდიოდა და ისიდორე მიმინოშვილი წარმატებით განაგრძობდა თავის საქმიანობას. 18 თვის განმავლობაში მას 19 ათასი მანეთის ყალბი საბჭოთა ობლიგაცია ჰქონდა განაღდებული.
დიდი პარტია
ისიდორემ გადაწყვიტა, რომ ყალბი ობლიგაციების დიდი პარტია დაებეჭდა. ისინი ერთბაშად გაენაღდებინა და ამ საქმისთვის სამუდამოდ დაენებებინა თავი. მან 50 ათასი მანეთის ობლიგაციები დაბეჭდა, შემდეგ ერთკვირიანი შვებულება აიღო და ობლიგაციების გასანაღდებლად საქართველოს მიაშურა. მიმინოშვილმა ამის განხორციელება გაგრიდან დაიწყო. მთელი შავიზღვისპირეთი ჩამოიარა და ობლიგაციების დიდი ნაწილი წარმატებით გაანაღდა. ისიდორე მშობლიურ ქალაქ ქუთაისში ჩავიდა და ბოლოს თბილისში გამგზავრებას გეგმავდა. ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ შემნახველ სალაროში ისიდორე მიმინოშვილმა მოლარეს ობლიგაცია მიაწოდა და ფული გამოართვა შემდეგ ქალაქის სხვა შემნახველი სალაროსკენ გაემართა, რომ იქაც გაენაღდებინა, მაგრამ მილიციამ სალაროშივე დააპატიმრა და ქალაქის მილიციის სამმართველოში მიიყვანეს. ჩხრეკის შედეგად მას 20 ათასი მანეთის სამპროცენტიანი ობლიგაცია აღმოუჩინეს. საქმე კი ის იყო, რომ ის ობლიგაცია, რომელიც ისიდორემ წინა შემნახველ სალაროში გაანაღდა, მოლარე ანტონოვას 7 წლის ქალიშვილმა აიღო და კითხვას შეუდგა. შეცდომა მაშინვე აღმოაჩინა და დედას უთხრა. მოლარემ კი ამის შესახებ მორიგე მილიციელს აუწყა. ოპერჯგუფს ისიდორეს აღწერილობაც მიაწოდა. ქუთაისის რვავე შემნახველ სალაროში გადაცმული მილიციელები მორიგეობდნენ. ერთი დღის შემდეგ კი ერთ-ერთ მათგანში ისიდორე ფაქტზე დააკავეს. მიმინოშვილი მალევე გაასამართლეს და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან