კრიმინალური ისტორიები

ვინ და როგორ „გადააგდო“ ქართველი შეიარაღებული „დემოკრატები“

№51

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 30.12, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების ვინაობები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ზვიადისტი

მიუხედავად იმისა, რომ 41 წლის ომარ ლოლაძე ორჯერ გაასამართლეს თაღლითობისთვის და „შავი სამყაროს“ ცნობილი წევრი იყო, თავისი სამშობლო გულმხურვალედ უყვარდა. ამ სიყვარულს კი ის თავისებურად გამოხატავდა – არც საქართველოში უთაღლითია და არც ქართველი „გადაუგდია“ ოდესმე. სამაგიეროდ, არაერთი თანამემამულისთვის გაუმართავს ხელი. საქართველოში ომარს თითქმის არ იცნობდნენ. ის ძირითადად, რუსეთში მოღვაწეობდა. თუმცა, როდესაც ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი გახდა, ომარი ამ ფაქტს დიდი სიხარულით შეხვდა და სამშობლოში ჩამოვიდა კიდეც. ზვიადის დამხობა კი ომარ ლოლაძისთვის პირად ტრაგედიად გადაიქცა და თბილისის დაცემის შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა.

გაუმარჯოს დემოკრატიას!

ომარი მოსკოვიდან მაისის მიწურულს დაბრუნდა თბილისში და ახალი, დიდი საქმის მომზადებას შეუდგა. მან ნაცნობობა გააბა ერთ-ერთი შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელობასთან და მათ ნახევრად არალეგალ ბიზნესმენად წარუდგა, რომელსაც თითქმის ყველაფერი ხელეწიფებოდა. იმავდროულად, ომარი ხშირად იმეორებდა – გაუმარჯოს დემოკრატიასა და ინტელიგენციას, რომელმაც იარაღი აიღო ხელშიო (შევარდნაძის ეს ფრაზა ომარს კარგად ჰქონდა „დამუღამებული“. სინამდვილეში კი ომარი ვერ იტანდა „იარაღიან დემოკრატებს“ და მიუხედავად ძალიან სარისკო საქმისა, მათ „გადაგდებას“ ამზადებდა. ომარი ისე „ჩაუბრატდა“ „დემოკრატებს“, რომ მათ „სხოდკებსაც“ კი ესწრებოდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ თავყრილობაზე წამოიჭრა საკითხი იარაღის შოვნის თაობაზე. „სხოდკაზე“ ითქვა, რომ შევარდნაძე იარაღს აღარ იძლეოდა. უბრალო დემოკრატია კი ჩირის ფასად არ ღირდა და რომ დრო იყო, თავგასული შევარდნაძეც ზვიადის კვალს გაეყენებინათ. „სხოდკის“ შემდეგ ომარი ამ შეიარაღებული ბანდის მეთაურს, გუგულის შეხვდა და „შეუყვანა“:

– ბატონო გუგული, მაზეგ მოსკოვში მივემგზავრები, რომ ცოლ-შვილი ჩამოვიყვანო და თუკი სურვილი გექნებათ, იარაღის ამბავსაც გავიკითხავ. სამხედრო წრეებში ფართო ნაცნობობა მაქვს და ვფიქრობ, ეს საქმე გამოვაო.

გუგული არდაზიანი შევარდნაძეზე განაწყენებული იყო. ამიტომ ომარს „დაბრო“ მისცა და უთხრა:.

– როდის დაბრუნდები უკან? დრო არ ითმენს, იარაღი გვჭირდებაო.

– მაქსიმუმ ერთ კვირაში, ბატონო გუგული, – მიუგო ომარმა „შეიარაღებული დემოკრატების“ ლიდერს და დროებით გამოემშვიდობა.

„კრასავიცა“

ომარ ლოლაძე თბილისში 2 აგვისტოს დაბრუნდა და 24 წლის ულამაზესი ქერათმიანი გოგონა და 3 წლის ბიჭუნა ჩამოიყვანა. ჩამოსვლიდან მეორე დღეს გუგულის შეხვედრაზე უთხრა:

– ბატონო გუგული, თქვენ მიერ ჩამოწერილი იარაღების ტიპი და რაოდენობა ორასი ათასი დოლარი ღირს. რუსები თანხის ორ მესამედს ითხოვენ, შემდეგ იარაღს ნებისმიერ წერტილში მოგაწვდიან და დანარჩენი თანხაც უნდა მიიღონ. თუ თანახმა ხართ და ფინანსებიც არ გაბრკოლებთ, სამ დღეში ფულს ჩავუტან. მაგრამ თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, რომ ჩემი ცოლ-შვილი არავინ დაჩაგროსო.

ერთი სიტყვით, „კრასავიცა“ ცოლი და ვაჟი „დემოკრატებს“ დაუტოვა. 140 000 დოლარი წაიღო და იარაღის ჩამოსატანად რუსეთში გაემგზავრა.

შინაარსიანი წერილი

ომარ ლოლაძემ, რა თქმა უნდა, ის ფული „აახია“ (რაც იმ დროისთვის სოლიდური თანხა იყო) „შიარაღებულ დემოკრატებს“ და ეს მისი პირველი საქმე იყო, როდესაც საქართველოში იმუშავა, თან ქართველები „გაწეწა“. თაღლითმა საკუთარ პრინციპს იმიტომ გადაუხვია, რომ ამით „დემოკრატების“ მიერ განდევნილი პრეზიდენტის გამო ეძია შური. ხოლო, რაც შეეხება ცოლ-შვილს – დედა-შვილი ნამდვილად დედა-შვილი იყვნენ და ომართან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. ქართველმა თაღლითმა ისინი მოტყუებით ჩამოიყვანა თბილისში, ვითომდა მხატვრულ ფილმში უნდა გადაეღოთ. ამიტომ, ბუნებრივია, მათ ხელი არავინ ახლო და მშვიდობით გაუშვეს. ხოლო ომარზე კი ტოტალური ნადირობა გამოაცხადეს. თუმცა, თაღლითს ვერც „დემოკრატებმა“ მიაგნეს და ვერც შედარებით მცირე ბანდის წევრებმა. მათ ომარმა 20 ათასი დოლარი გამოართვა წამლის (ნარკოტიკის) ჩამოსატანად და „მოტყდა“. სამაგიეროდ, „შეიარაღებულმა დემოკრატებმა“ საახალწლოდ წერილი მიიღეს ომარისგან, რომელიც შინაარსიანი იყო და განმარტავდა თავისი საქციელის მოტივებს. იქ „თეთრზე ლურჯად“ ეწერა, რომ „დემოკრატების გადაგდება“ ზვიადის დამხობისთვის შურისძიება იყო და რომ არც მათ ელოდათ კარგი დღე. მას მერე ომარის კვალიც კი არსად გამოჩენილა. თუმცა, გუგულისა და მის ხელქვეითებს შევარდნაძე გაუსწორდა და ომარის სიტყვები ბოლომდე ასრულდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი