კრიმინალური ისტორიები

ვინ და რატომ იტაცებდა ახალგაზრდა გოგონებს შავიზღვისპირეთიდან

№50

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 21.12, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გაუჩინარებული

1973 წლის ზაფხულში დედა-შვილი – 40 წლის ნუნუ კორღალიძე და მისი 18 წლის ქალიშვილი, ელენე აბულაძე სოჭში ისვენებდნენ. ერთ დღეს, როდესაც ნუნუ პლაჟზე მზით ირუჯებოდა, ელენე წყალში იყო შესული და ცურავდა. გოგონა უზადო მოცურავე იყო. სპორტის ამ სახეობაში პირველი თანრიგი ჰქონდა და ზღვაში საათობით შეეძლო ყოფნა. დედამისი ამას მიჩვეული იყო და არასდროს ღელავდა ამის გამო. თუმცა, როდესაც ელენემ ყველა დროს გადააცილა და არც ზღვაში ჩანდა, ნუნუმ განგაში ატეხა. თბილისიდან კი რამდენიმე საათში სოჭში გივი აბულაძე ჩაფრინდა. ის „კაგებეს“ პოდპოლკოვნიკი იყო და უშიშროების სისტემაში მაღალი თანამდებობა ეკავა. გივიმ ფეხზე დააყენა მთელი სოჭი. მის გაუჩინარებულ გოგონას მყვინთავთა რაზმი ეძებდა. ეძებდნენ ხმელეთზეც. მაგრამ ელენე აბულაძე არც ცოცხალი ჩანდა და არც მკვდარი. გივი აბულაძე ძალიან გამოცდილი ადამიანი იყო და არ სჯეროდა, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი დაიხრჩო. მით უმეტეს, რომ გოგონას ცხედარი ვერსად აღმოაჩინეს. გივიმ „კაგებეს“ ხელმძღვანელობას დახმარება სთხოვა და გამოძიებაში უშიშროება ჩაერთო.

ანალოგიური შემთხვევები

გამოძიებაში ჩართულმა უშიშროების თანამშრომლებმა რამდენიმე ვერსიაზე დაიწყეს მუშაობა. ერთ-ერთი ვერსია იყო გატაცება. ამიტომ, სამძებრო-საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა ანალოგიური შემთხვევების შესახებ მოითხოვეს ინფორმაცია და გაირკვა, რომ იმ რეგიონში 8 ასეთი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ანუ, დაკარგული იყო 8 ახალგაზრდა გოგონა. უმეტესი მათგანი ზღვაში ბანაობის დროს. ერთ-ერთი კი, კორდებალეტის მოცეკვავე, 19 წლის ოქსანა მატვიენკო; გადასაღები მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან იყო გამქრალი. იმ პერიოდში ადლერში „მოსფილმი“ მუსიკალურ ფილმს იღებდა. მასში მიუზიკლის მსახიობი-მოცეკვავეებიც მონაწილეობდნენ და როგორც გაირკვა, ოქსანა შესვენების დროს გასულა გადასაღები მოედნიდან და უკან აღარ დაბრუნებულა. ოქსანას შემთხვევა, სხვა შემთხვევისგან განსხვავდებოდა – შესაძლებელი იყო თვითმხილველის მოძებნა და მაძებრებს იმაზე მეტად გაუმართლათ, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. გადამღები ჯგუფის ოპერატორ-სტაჟიორ ოლეგ ფროლოვს იმ დღეს გადაღებული ფირი აღმოაჩნდა, რომელზეც უამრავი ადამიანი და საგანი იყო გადაღებული და მაძებრებმა ამ ფირის შესწავლა დაიწყეს.

დანაშაულის კვალი

ოლეგ ფროლოვის სავარჯიშო კადრების ხანგრძლივობა 46 წუთს შეადგენდა. 4 დღის განმავლობაში იყო გადაღებული და „კაგებეს“ თანამშრომლებმა ერთ გარემოებას მიაქციეს ყურადღება. ოთხივე დღეს ფირზე ფიგურირებდნენ აზიური გარეგნობის 3 მამაკაცი. ისინი გადასაღები მოედნის ირგვლივ ტრიალებდნენ და მაძებართა ყურადღება ამ გარემოებამ მიიქცია. მათი იდენტიფიცირებით დადგინდა ამ ადამიანების პიროვნებები. აღმოჩნდა, რომ აზიური გარეგნობის მამაკაცები წარმოშობით უზბეკები იყვნენ და კრასნოდარის ოლქში ექსპედიტორებად მუშაობდნენ. ეს მათი დროებითი სამსახური იყო. ისინი ფურგონიანი „მოსკვიჩით“ სხვადასხვა პროდუქტს საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე ეზიდებოდნენ. „კაგებემ“ გაარკვია, რომ უზბეკები ბინას სოჭის ერთ-ერთ კერძო სახლში ქირაობდნენ და მაძებრებმა მათზე მეთვალყურეობა დააწესეს. ამ ოპერაციაში, ძირითადად, საქართველოს „კაგებეს“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ და ერთკვირიანი თვალთვალის შემდეგ სამივე უზბეკი ფაქტზე დააკავეს. ისინი იმ დროს აიყვანეს, როდესაც ექსპედიტორებმა კურორტ დაგომისის ერთ-ერთი პლაჟის აკვადორიაში, ზღვიდან 17 წლის მოსკოველი გოგონას გატაცება სცადეს. „კაგებეს“ ოპერებმა გოგონა გადაარჩინეს, ბოროტმოქმედები კი „კაგებეს“ სამმართველოში გადაიყვანეს.

გატაცებულები

თავდაპირველად დაკავებულები ყველაფერს უარყოფდნენ, მაგრამ, როდესაც მათი დაკითხვა პოდპოლკოვნიკმა გივი აბულაძემ გააგრძელა და ბოროტმოქმედებს საშინელი სიკვდილით დაემუქრა, მათ ენა ამოიდგეს და ჩვენების მიცემას ერთმანეთს ასწრებდნენ. როგორც გაირკვა, უზბეკი ექსპედიტორები კრასნოდარის ოლქში ვინმე უსმან ბაბაევის დავალებით იყვნენ ჩამოსული. ბაბაევი ბამბის მრეწველობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, მილიონების პატრონი და უზბეკეთის ერთ-ერთ რეგიონში უზარმაზარი კარმიდამო ჰქონდა. 46 წლის ბაბაევს იატაკქვეშა ჰარამხანა ჰქონდა და იქ გატაცებული გოგონები ჰყავდა გამომწყვდეული. თითოეული ლამაზი გოგონას მიყვანისთვის ეს კაცი 10 000 მანეთს იხდიდა და ექსპედიტორები დიდი გულმოდგინებით ასრულებდნენ მის შეკვეთას. 8 გატაცებული, რომელთა შორის ელენე აბულაძეც იყო, ჯერ კიდევ კრასნოდარის ოლქში, ერთ-ერთ დაბაში მდებარე კერძო სახლში იყვნენ გამომწყვდეული და ისინი უზბეკეთში უნდა წაეყვანათ, მაგრამ ყველა მათგანი გაათავისუფლეს. ბაბაევი კი ცენტრალური „კაგებეს“ აპარატის თანამშრომლებმა მისსავე მამულში დააპატიმრეს. მისი სახლის ჩხრეკისას 25 გატაცებული გოგონა და აურაცხელი ქონება აღმოაჩინეს. ბაბაევი მოსკოვში, ლუბიანკაზე გადაიყვანეს და სასამართლომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რომელიც ერთ თვეში აღასრულეს კიდეც.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული