კრიმინალური ისტორიები

სად გადაიკვეთა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ გორბაჩოვის ინტერესები

№49

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 14.12, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გაქცეულები

ედუარდ შევარდნაძის პირველი ნაბიჯი საქართველოს ცეკას პირველ მდივნად დანიშვნისთანავე „ცეხავიკების“ ტოტალური დაპატიმრება იყო. საბჭოთა კავშირის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი გაპირველკაცებამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა და იატაკქვეშა ქართველ მილიონერებზე მდიდარი კომპრომატი ჰქონდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც ადრევე იყნოსა, თუ ვინ შეცვლიდა „ცეხავიკების“ მფარველს – ვასილ მჟავანაძეს და როგორ მოიქცეოდა მთავრობის ახალი ხელმძღვანელი, ამიტომ, მათ თავს უშველეს და თავიანთი არალეგალური ბიზნესი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანეს. გაქცეულთა 80 პროცენტი სტავროპოლის მხარეში დამკვიდრდა, რომელსაც საბჭოთა კავშირის მომავალი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი ედგა სათავეში. ანუ „მიშკა კონვერტიკი“, როგორც მას ადგილობრივებმა მეტსახელად უწოდეს. გორბაჩოვი კორუმპირებული ჩინოვნიკი იყო. ქრთამს ფულის სახით უზარმაზარი კონვერტებით იღებდა და შევარდნაძისგან გაქცეული „ცეხავიკები“ დიდი სიამოვნებით შეიკედლა თავის სამფლობელოში.

სასტიკი უარი

შევარდნაძემ რომ საქართველოში ჩარჩენილი „ცეხავიკები“ ციხეში გამოამწყვდია, გაქცეულებისთვისაც მოიცალა. ახლად დანიშნულმა ქართველმა „პირველმა“ თავის სტავროპოლელ კოლეგას დაურეკა და გაქცეული „ცეხავიკების“ საქართველოში ჩაყვანა სთხოვა. თუმცა, უარი მიიღო. გორბაჩოვმა ეს უარი იმით დაასაბუთა, რომ მათზე (გაქცეულ „ცეხავიკებზე“) არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული არ შეინიშნებოდა. შევარდნაძემ, რანგით თავისზე დაბალ, მაგრამ დიდი მფარველობის ქვეშ მყოფ (გორბაჩოვს „კაგებეს“ შეფი, იური ანდროპოვი მფარველობდა) კოლეგას უთხრა, რომ თითოეული გაქცეულის დანაშაულის დამადასტურებელ საბუთებს გაუგზავნიდა. გორბაჩოვმა ამაზე უპასუხა – ჩვენ თვითონ მივხედავთ დამნაშავეებს და მცირედი დარღვევებისთვისაც კი უმკაცრესად დავსჯით. თქვენ ისედაც ბევრი საქმე გაქვთ და კიდევ რატომ დაგიმატოთ პრობლემებიო. შევარდნაძე შეურაცხყოფილი იყო, მაგრამ არც მოსკოვში ჩივილს ჰქონდა აზრი, რადგან არაფერი გამოუვიდოდა და გადაწყვიტა, სხვანაირად ემოქმედა.

საიდუმლო მზადება

შევარდნაძე რის შევარდნაძე იქნებოდა, რომ ვინმესთან წაგებაში დარჩენილიყო და თავისი არ გაეტანა. ამიტომ ისე დაიჭირა თავი, ვითომ გორბაჩოვთან დამარცხდა. სინამდვილეში კი დიდი საიდუმლო მზადება დაიწყო ორი მიმართულებით. პირველი და სამომავლოდ გათვლილი ხაზი იყო გორბაჩოვზე კომპრომატის შეგროვება და შენახვა. შევარდნაძემ საამისოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი გამოიყენა და საგანგებოდ მომზადებული, სტავროპოლში ჩანერგილი აგენტის მეშვეობით გაეცნო იმ დანაშაულებრივ სქემას, რომლის საშუალებითაც „მიშკა კონვერტიკი“ მილიონებს შოულობდა. შევარდნაძის აგენტმა გაშიფრა ვინმე ანტონ ვოლოდინი, გორბაჩოვის ერთ-ერთი კურიერი. მას შვეიცარიის ბანკებში გორბაჩოვის კორუფციული ფული გაჰქონდა და უსახელო ანაბრებზე ინახავდა. ანაბრის საბანკო რეკვიზიტები კი გორბაჩოვთან მიჰქონდა. ვოლოდინი თბილისში ჩამოიტყუეს, 250 ათასი მანეთით სავსე ჩანთა ჩაუდეს, დააპატიმრეს და გორბაჩოვის საქმიანობის შესახებ დაწვრილებითი ჩვენება დააწერინეს. შემდგომ კი თბილისის ციხეში 15 წლით გამოამწყვდიეს. გორბაჩოვზე მიცემული ჩვენება შევარდნაძემ თავის სეიფში შეინახა და ის ვოლოდინის საქმეში არ ფიგურირებდა. საკუთარი თავი რომ არ გაეშიფრა, გორბაჩოვს არც კი უცდია თავისი კურიერის დახსნა, მაგრამ არ იცოდა, რომ ის ვოლოდინმა ამხილა და ეს ჩვენება შევარდნაძის სეიფში ინახებოდა. მზადების მეორე და უახლოესი ხაზი იყო სტავროპოლში გაქცეული ქართველი „ცეხავიკების“ თბილისში დაბრუნება და საბრალდებო სკამზე დასმა.

ფარული ეტაპირება

მაისის ერთ თბილ საღამოს სტავროპოლის ფეშენებელურ აგარაკზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა საქართველოდან გაქცეული ყველა „ცეხავიკი“ შეკრიბა იმ საბაბით, რომ ისინი გაეცნო და ადგილობრივი კრიმინალური სამყაროს სახელით, მათთვის ხელშეუხებლობის გარანტია მიეცა. მართალია, ქართველ გაქცეულებს თავად გორბაჩოვი მფარველობდა, მაგრამ მათ არც შავ სამყაროსთან „ჩაბრატება“ აწყენდათ, წინადადება მიიღეს და შეკრებაზე უკლებლივ ყველა, 31 ქართველი „ცეხავიკი“ გამოცხადდა. სინამდვილეში, შეკრების მოწყობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის შემადგენელი ნაწილი იყო. კრიმინალური ავტორიტეტი კი ქართველი ძალოვნების დავალებას ასრულებდა. სტავროპოლში ფარულად იმყოფებოდა საუკეთესო ქართველი ოპერების 6 ჯგუფი, სულ 30 ადამიანი და მათ ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ მომზადებული. შეკრებიდან ერთი საათის შემდეგ ქართველი ოპერები აგარაკის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, უკლებლივ ყველა „ცეხავიკი“ დააკავეს, უზარმაზარ ტრაილერში შეყარეს და თბილისის გზას გაუყენეს. პარალელურად კი, ისე მოაწყვეს, რომ ადგილობრივ მილიციას ეგონა, დაკავებულები მინვოდის აეროპორტში მიჰყავდათ. სანამ გზაკვალაბნეული მილიცია გატაცებულ საქართველოდან გამოქცეულებს ეძებდა, ქართველი „ცეხავიკები“ უკვე ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზი) იმყოფებოდნენ და მათ თბილისში ჩამოყვანას ვეღარაფერი დაუდგებოდა წინ.

P.S. ბოროტი ენები ამბობენ, რომ გორბაჩოვის მიერ შევარდნაძის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას მიხეილ სერგეის ძის სტავროპოლში კრიმინალურ საქმიანობაზე არსებულმა კომპრომატებმა შეუწყო ხელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული