კრიმინალური ისტორიები

სად აღმოჩნდა 25 წლის შემდეგ გერმანელი გრაფის სამკაულების კოლექცია

№34

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 01.09

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

ძარცვა

1970 წლის 1 აპრილს მოსკოვის მახლობლად მდებარე დასახლება „დაჩნოეში“ ერთ-ერთი სახელგანთქმული მარშლის პირველი მეუღლის აგარაკი გაძარცვეს. ქალმა მილიციას მიმართა და დაიწყო გამოძიება. ცნობილი მარშლის ნაცოლარი აცხადებდა, რომ აგარაკზე მდებარე ცეცხლგამძლე სეიფიდან წაიღეს 12 ცალი ძვირფასი სამკაული, რომლებიც მარშალმა ცოლს 1945 წელს აჩუქა. დაზარალებულის განცხადებით, ოქრო-პლატინისგან დამზადებულ სამკაულებში წვრილი და მსხვილი ბრილიანტი, ალმასი, ლალი, ზურმუხტი იყო ჩასმული. ქალი ამ სამკაულების ზუსტ ფასს ვერ ასახელებდა, თუმცა იცოდა, რომ ძალიან ძვირფასი იყო. გამოძიებაში, „მურის“ საუკეთესო მაძებრები იყვნენ ჩართული. მათ დაჰკითხეს აგარაკზე მომუშავე დაცვის ყველა წევრი. აგრეთვე, მოსამსახურეები, მაგრამ კვალზე ვერ გავიდნენ. არც მაძებრებს მიუტანიათ ვინმეზე ეჭვი და არც დაზარალებული ადებდა ვინმეს ხელს. დანაშაული მაღალკვალიფიციურად იყო ჩადენილი. შემთხვევის ადგილზე არანაირი კვალი არ ჩანდა. ცეცხლგამძლე სეიფი კი პროფესიონალურად, „ატმიჩკებით“ იყო გაღებული. ფეხზე დააყენეს მოსკოვის „შავი სამყარო“, მაგრამ უშედეგოდ.

მამა-შვილი

აგარაკზე მომხდარი დანაშაულის ავტორი 60 წლის ილია პოტაპოვი იყო. ის აგარაკის შეფ-მზარეულად მუშაობდა და ყველასთან დიდი ნდობით სარგებლობდა. ამიტომ, მასზე ეჭვი არავის მიუტანია. სინამდვილეში პოტაპოვი მხოლოდ მზარეული არ იყო. საუცხოო „მედვეჟატნიკად“ (სეიფების მძარცველი) მიიჩნეოდა და მიუხედავად იმისა, რომ არა ერთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, სამართალდამცველების ხელში არასდროს ჩავარდნილა. პოტაპოვი ყოველთვის მარტო მოქმედებდა. მეთოდურად გეგმავდა და ამზადებდა ხოლმე დანაშაულს და უზადოდ ახორციელებდა. მზარეული ძირითადად ფულს იპარავდა და ძვირფასეულობაში დიდი არაფერი გაეგებოდა. პოტაპოვს ჰყავდა ვაჟი – 35 წლის ანტონ პოტაპოვი. პროფესიით ის ავტომექანიკოსი იყო და მამის პროტექციით, ჰოლანდიაში საბჭოთა კავშირის საელჩოში მუშაობდა, ის დიპლომატიური კორპუსის ავტოპარკს ემსახურებოდა. ილია პოტაპოვმა ნაძარცვი ნივთები სწორედ თავის შვილს ჩააბარა, რათა მას ისინი საზღვარგარეთ წაეღო და სარფიანად გაეყიდა. პოტაპოვები უცხოეთში გაქცევას გეგმავდნენ და წინასწარ ემზადებოდნენ ამისთვის.

უძველესი კოლექცია

ანტონ პოტაპოვი 10 აპრილს გაემგზავრა ჰოლანდიაში. რადგან დიპლომატიურ კორპუსში დიდი ნდობით სარგებლობდა, „კაგებეს“ კურატორს მისი ბარგი არც კი დაუთვალიერებია და ორმაგი ფსკერის მეშვეობით, რომელიც ჩემოდანში ჰქონდა მოწყობილი, ძვირფასეულობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, დიპლომატიური ბაგაჟით ჩაიტანა ამსტერდამში. 1 მაისს ანტონმა მომენტი იხელთა და ამსტერდამელ იუველირთა ქუჩაზე წავიდა. ერთ-ერთი იუველირი დაიმარტოხელა და ძვირფასეულობის ყიდვა შესთავაზა. იუველირმა გულდასმით შეათვალიერა შემოთავაზებული საქონელი და ანტონი მეორე დღისთვის დაიბარა. ხოლო, როდესაც უმცროსი პოტაპოვი დანიშნულ დროს გამოცხადდა იუველირთან, ისადგილობრივმა პოლიციამ და „ინტერპოლმა“ ერთდროულად დააკავა. დაიწყო საგამოძიებო მოქმედება და პოტაპოვს განუცხადეს, რომ გასაყიდად მიტანილი ძვირფასეულობა უკვე 25 წელია, საერთაშორისო ძებნაშიაო. როგორც გაირკვა, 1945 წლის მაისში ეს ძვირფასეულობა გერმანელი გრაფის, გერჰარდ ფონ შლოსერის სასახლიდან იყო წაღებული. სასახლე ბერლინში მდებარეობდა. იმ პერიოდში კი გერმანიის დედაქალაქი საბჭოთა ჯარს ჰქონდა ოკუპირებული. საგულისხმო ფაქტი კი ის იყო, რომ მოხუცი გრაფი ყელგამოჭრილი აღმოაჩინა მისმა ქალიშვილმა გერდამ და მანვე განაცხადა ძვირფასეულობის დაკარგვის შესახებ. სწორედ გერდას ეკუთვნოდა ეს ნივთები და ისინი უძვირფასესი კოლექციიდან იყო, რომელიც გრაფის შეკვეთით ცნობილმა გერმანელმა იუველირმა, ოტო ბრაუნმა დაამზადა.

საერთაშორისო სკანდალი

პოლიციამ ჩამორთმეული ძვირფასი სამკაულები გრაფის შვილიშვილს გადასცეს. დაკავებული პოტაპოვი კი გაათავისუფლეს და 24 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება უბრძანეს. თუმცა, ამდენ ხანს, რა თქმა უნდა, არავინ გააჩერებდა და პირველივე რეისით, „კაგებეს“ ჯგუფმა ანტონ პოტაპოვი მოსკოვში ჩაიყვანა. ის უშიშროების იზოლატორში მოათავსეს და გვერდით მამაც – ილია პოტაპოვი მიუსვეს. სასამართლომ ორივეს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მსოფლიო პრესაში კი საერთაშორისო სკანდალი ატყდა. ჟურნალ-გაზეთები პირველ გვერდებზე ბეჭდავდნენ მასალებს სახელწოდებით – „საბჭოთა მარშალი მოროდიორი“, უარეს ეპითეტებსაც არ ერიდებოდნენ, რაც აბსოლუტურ სიმართლეს წარმოადგენდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №49

5–11 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 7 – 13 ნოემბერი