კრიმინალური ისტორიები

როგორ წაიღეს მილიონი დოლარი თბილისელმა მძარცველებმა მოსკოვის ბანკიდან

№35

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 09.09

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი მოქმედი პირების ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

განგაში

1988 წლის 24 მარტს მოსკოვში „მურის“ (მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო) მორიგემ შეტყობინება მიიღო, რომ „გოსბანკის“ ¹8 ფილიალში მძარცველები შეიჭრნენ. დილის 10 საათსა და 25 წუთზე ფილიალის შენობას მილიციის საგანგებო რაზმმა ალყა შემოარტყა და ბოროტმოქმედებთან მოლაპარაკებები დაიწყო. მძარცველებს 18 მძევალი ჰყავდათ აყვანილი და მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვდნენ. აგრეთვე, მიკროავტობუსს – მძევლების გადასაყვანად აეროპორტამდე. შემდგომ კი თვითმფრინავს – ისრაელში გასაფრენად. ეს შემთხვევა ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში მოხდა. ამიტომ მძევლების აყვანასა და დოლარების მოთხოვნას „კაგებეს“ ჩარევა დასჭირდა, ამიტომ ადგილზე მალევე მივიდა „ლუბიანკის“ სპეციალური ოპერატიული ჯგუფი. გამოიძახეს ანტიტერორისტული ჯგუფი „ალფა“ და მოლაპარაკებების პარალელურად, შენობის შტურმისთვის მზადება დაიწყო. მილიციამ მძარცველებს განუცხადა, რომ ბანკის სეიფში, სულ რაღაც, 80 ათასი მანეთი იყო და რომ ვალუტა იქ არ ინახებოდა. ამიტომ ფული გარედან უნდა შეეგზავნათ. მძარცველები ასეთ ვარიანტზე დათანხმდნენ და ულტიმატუმი წაუყენეს, რომ თუკი ერთი საათის განმავლობაში მილიონ დოლარსა და მიკროავტობუსს, აგრეთვე, თვითმფრინავს არ მიიღებდნენ, მაშინ ყველა მძევალს დახოცავდნენ. ხოლო თვითონ კი შენობასთან ერთად აფეთქდებოდნენ. პოლიციამ მძარცველების მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ალყაშემორტყმულ შენობაში მილიონი ამერიკული დოლარი შეაგზავნეს 100 დასტა ასდოლარიანი კუპიურებით. ხოლო მიკროავტობუსისა და თვითმფრინავის გამოსაყოფად კი ძალოვნებმა კიდევ 2 საათი მოითხოვეს და ბოროტმოქმედებისგან თანხმობა მიიღეს.

სპეცოპერაცია

მძარცველებს მილიონი დოლარი დღის 13 საათზე გადასცეს. „კაგებე“ სპეცოპერაციის ჩატარებას 15 საათისთვის გეგმავდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, შენობაში სავენტილაციო მილებიდან დასაძინებელი გაზი უნდა შეეშვათ, რომელიც იქ მყოფებს მომენტალურად დააძინებდა და მძარცველებს ერთი გასროლის გარეშე აიყვანდნენ. თუმცა, ყველა დაძინებულისთვის 15 წუთის განმავლობაში ინიექციები უნდა შეეშხაპუნებინათ, რომ არ გარდაცვლილიყვნენ. სწორედ, ამ პროცედურის მომზადებას სჭირდებოდა დრო და დღის 15 საათამდე ამის გამო გაწელეს. განხორციელდა სპეციალური სამედიცინო ბრიგადების მობილიზება. გაამზადეს შრატები და ზუსტად 15 საათზე შენობაში გაზი შეუშვეს. 90 წამის შემდეგ კი „გოსბანკის“ ¹8 ფილიალის შენობაში „ალფა“ შევარდა, მათ უკან სამედიცინო ბრიგადები მიჰყვნენ. თუმცა სპეცოპერაციის მონაწილეებს მხოლოდ დაძინებული 18 მძევალი დახვდათ, მძარცველები კი არსად ჩანდნენ. მძევლები სასწრაფოდ გამოაფხიზლეს და ძალოვნებმა მოკვლევაც დაიწყეს.

აფერა

ბანკის ¹8 ფილიალის დათვალიერებისას ტუალეტის გვერდით მდებარე სანიტარიულ სათავსში გვირაბი აღმოჩნდა. მისი სიგრძე 40 მეტრი იყო და მეზობლად მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის ბინაში ამოდიოდა. აშკარა იყო, რომ მძარცველებმა გვირაბით ისარგებლეს და ფული ამ გზით გაიტანეს, ხოლო მიკროავტობუსისა და თვითმფრინავის მოთხოვნა კი მხოლოდ და მხოლოდ ყურადღების მოსადუნებელი ტრიუკი იყო. როგორც დადგინდა, ბინა 65 წლის მოხუცს, გალინა პავლოვას ეკუთვნოდა. ის იმავე სახლის მეხუთე სართულზე შვილთან ერთად ცხოვრობდა. ბინას კი აქირავებდა. პავლოვას თქმით, მისი მდგმურები ქართველი სტუდენტი გოგონები იყვნენ, რომლებიც ოთხი თვის წინ ჩასახლდნენ იქ და ექვსი თვის ქირა წინასწარ ჰქონდათ გადახდილი. ბინის პატრონმა გოგონების ვინაობაც დაასახელა, თუმცა ის ტყუილი აღმოჩნდა – მათი სახელი და გვარები გამოგონილი იყო. ქალმა ძალოვნებს მდგმურების დაახლოებითი აღწერილობა მისცა. შედგა მათი ფოტორობოტები და გოგონებს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ეძებდნენ. ძალოვნები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მძარცველების დიდი ჯგუფი მოქმედებდა და გოგონები მხოლოდ ბინის დასაქირავებლად სჭირდებოდათ. მათი ვარაუდით, მძარცველთა ბანდაში 6 ადამიანი შედიოდა.

„ჩეკისტური“ ეშმაკობა

მიუხედავად იმისა, რომ ბანკის მძარცველებს ტოტალურად ეძებდნენ, მათ კვალზე დადგომა არ ხერხდებოდა. თუმცა „კაგებეს“ პოლკოვნიკი ნოდარ ოქროპირიძე იმედიანად იყო. მთელი ამ ოპერაციის კურატორობა მას ებარა და ფულის (მილიონი დოლარი) გადაცემის სქემაც მან შეიმუშავა. ქართველი პოლკოვნიკი დარწმუნებული იყო, რომ მძარცველებს აუცილებლად დააპატიმრებდნენ და ამის საბაბს ის „ჩეკისტური“ ეშმაკობა იძლეოდა, რომელიც ოქროპირიძემ ოპერაციას დაუდო საფუძვლად და მართლაც, 1988 წლის 1 ოქტომბერს თურქეთის პოლიციის დეპარტამენტმა მოსკოვს შეატყობინა, რომ სტამბოლში დააკავეს საბჭოთა კავშირის ორი მოქალაქე – 30 წლის ივანე თალაკვაძე და 28 წლის მურმან ზოიძე. ისინი სტამბოლის ბანკში დოლარების თურქულ ლირებზე გადაცვლის მცდელობისას აიყვანეს. საქმე კი ის იყო, რომ ორივე ახალგაზრდას ყალბი დოლარები აღმოაჩნდათ, შესაბამისი სანომრე ნიშნებით. ყალბი დოლარები კი სწორედ, ის მილიონი იყო, რომელიც ბანკის მძარცველებს შეუგზავნეს. საქმე ისაა, რომ მას მერე, რაც მძარცველები გაუჩინარდნენ, „კაგებემ“ მეზობელი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებს შეტყობინებები გაუგზავნა და მძარცველები თურქეთში „დაიწვნენ“. „კაგებეს“ მიერ შეგზავნილი ყალბი დოლარები კი ყალბი ფულის მჭრელებისგან იყო კონფისკირებული. თურქეთმა ბოროტმოქმედების ექსტრადირება მოახდინა და დანარჩენ მძარცველებზე გასვლა უკვე დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. მალევე დააპატიმრეს უშანგი ჭედია, დავით მანუკიანი და ორი გოგონა – ირინე პერტია და ანჟელა მანუკიანი – დავითის და. აფერისტ მძარცველებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა ექვსივე ბოროტმოქმედი 1993 წელს გათავისუფლდა საპყრობილიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...