კრიმინალური ისტორიები

როგორ სძალავდა ქართველი თაღლითი დიდ თანხებს მორწმუნე ადამიანებს

№50

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 23.12, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

2010 წელს მოსკოვში 90 წლის ასაკში ცნობილი ქართველი საბჭოთა თაღლითი ნუგზარ კალანდარიშვილი, მეტსახელად „კალანდარი“, გარდაიცვალა და გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ ადამიანის ბიოგრაფიიდან.

ორწითელდიპლომიანი

ნუგზარ კალანდარიშვილი 1920 წელს დაიბადა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. იქ მამამისი, მოსე კალანდარიშვილი, დამოუკიდებელი საქართველოს საელჩოში მუშაობდა, თუმცა, 1921 წლის ნოემბერში კალანდარიშვილები სამშობლოში დაბრუნდნენ და მოსე საბჭოთა დიპლომატიის სამსახურში ჩადგა. 1937 წელს კი მოსე კალანადარიშვილი და მისი მეუღლე, ელეონორა კავსაძე, ხალხის მტრებად გამოაცხადეს და მოსკოვში დახვრიტეს. ამ პერიოდში 17 წლის ნუგზარმა მოსკოვის უნივერსიტეტში ჩააბარა და 3 წელიწადში წითელ დიპლომზე დაამთავრა. 1940-1941 წლებში კი ნუგზარი უკვე „ემგეუს“ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა და ისიც წითელ დიპლომზე, 3 წელიწადში, 1942 წელს დაამთავრა. ამგვარად, ნუგზარ კალანდარიშვილს 22 წლის ასაკში „ემგეუს“ ორი წითელი დიპლომი ჰქონდა – ისტორიკოსისა და დიპლომატის. მიუხედავად იმისა, რომ ნუგზარმა განცხადება დაწერა და ფრონტზე გაგზავნა მოითხოვა, მას ჯავშანი არ მოუხსნეს, რადგან „ემგეუსთან“ არსებულ სააგიტაციო პროპაგანდის სამმართველოში მუშაობდა და მნიშვნელოვან სააგიტაციო-პროპაგანდისტულ ტექსტებს წერდა რამდენიმე ენაზე (ქართული ენის გარდა მან კიდევ ოთხი ენა იცოდა). 1943 წლის დასაწყისში ნუგზარ კალანდარიშვილს რეკომენდაცია გაეწია „ენკავედეს“ სადაზვერვო სკოლაში. თუმცა მის ბიოგრაფიას რომ გადახედეს, „ხალხის მტრების“ შვილი არ მიიღეს.

სუპერთაღლითი

ომის დასრულების შემდეგ 25 წლის ნუგზარ კალანდარიშვილი დააწინაურეს და ისტორიული არქივის უფროსად დანიშნეს. იქ მან ვიქტორ ზელმანი გაიცნო და მისგან შეიტყო, რომ ნუგზარს დედ-მამა ვინმე ათანასე პოპოვმა ცრუ ბრალდებით დააჭერინა, რის შემდეგაც ისინი დახვრიტეს. პოპოვი იმჟამად საგარეო-საქმეთა კომისარიატის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო. ნუგზარმა ცეკასა და „ენკავედეში“ განცხადებები დაწერა და პოპოვისა და მისი დედ-მამის საქმის შემოწმება მოითხოვა. თუმცა ნუგზარ კალანდარიშვილი ჯერ სამსახურიდან გაათავისუფლეს, შემდეგ კი პასუხისგებაში მისცეს ცილისწამების ბრალდებით და 10 წლით გააციმბირეს. საგულისხმოა, რომ ათანასე პოპოვი 1949 წელს დახვრიტეს მავნებლობისთვის. ნუგზარი კი ციხიდან 8 წლის შემდეგ, ეგრეთ წოდებული, „ბერიას ამნისტიით“ გამოვიდა, მაგრამ უკვე გვიან იყო. საპყრობილეში გატარებულმა წლებმა და უსამართლობამ მას საბჭოთა წყობაზე გული აუცრუა და პატიმრობიდან რომ გათავისუფლდა, ის უკვე მზად იყო დანაშაულებრივი საქმიანობისთვის. მომდევნო 2 წლის განმავლობაში კი ეს უნიჭიერესი ახალგაზრდა სუპერთაღლითად ჩამოყალიბდა.

დერვიში

საკუთარი ნატურიდან გამომდინარე ნუგზარ კალანდარიშვილი მსახიობი იყო და ნებისმიერი როლის მორგება შეეძლო, რომლებსაც არაჩვეულებრივად ასრულებდა. ალბათ, სწორედ ამიტომ აირჩია მან თაღლითის პროფესია და ყველა მისი აფერა საკმაოდ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და შესრულებული. ენების ფლობა, განათლება და სოლიდური გარეგნობა სრულ დამაჯერებლობას მატებდა მის როლებს და აქედან გამომდინარე, მას საკმაოდ შთამბეჭდავი შემოსავალი ჰქონდა, რასაც დროსტარებაში ხარჯავდა. საკმაოდ დიდ ნაწილს კი „შავი სამყაროს“ „ობშჩიაკში“ რიცხავდა. ამის გამო ნუგზარს კანონიერი ქურდობაც კი შესთავაზეს. თუმცა, მან უარი განაცხადა. ერთი სიტყვით, კალანდარიშვილი თითქმის ყველას უყვარდა. ქალები კი მას ბუზებივით ესეოდნენ. ისე მოხდა, რომ მოუხელთებელ თაღლითს მილიციამ თავისი აგენტი ქალი მიუგზავნა, რომელსაც სამხილები უნდა მოეპოვებინა, რის საფუძველზეც დააპატიმრებდნენ. ნუგზარმა კი მილიციის კაპიტანი, 30 წლის ულამაზესი ქალი ისე მოხიბლა, რომ ყველაფერი დაავიწყა, კალანდარიშვილი ძალიან შეუყვარდა და მის ერთ-ერთ აფერაშიც კი მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ნუგზარმა ისე მოაწყო, რომ ქალის მხილება არ მოხერხდა, არადა მილიციამ ზუსტად იცოდა, რომ მათი კოლეგა დამნაშავე იყო. ამიტომ ის, მართალია, ვერ დაიჭირეს, მაგრამ მილიციიდან გაათავისუფლეს. ნუგზარ კალანადარიშვილი თითქმის 15 წლის განმავლობაში იყო მოუხელთებელი და მილიციამ, სხვა რომ ვერაფერი გააწყო, იარაღი ჩაუდო და 1970 წელს 50 წლის ნუგზარი 5-წლიან „სროკზე“ გაუშვეს. ციხიდან ის 1973 წელს გათავისუფლდა და მომდევნო 12 წლის განმავლობაში თაღლითობდა. ნუგზარ კალანდარიშვილი 1985 წელს საქართველოში, ქალაქ მარნეულში გამოიჭირეს. საქმე კი ის იყო, რომ სათანადო სამოსელში გამოწყობილი, წვერმოშვებული, 65 წლის ქართველი თაღლითი თავს დერვიშად ასაღებდა და ვითომდა მოსკოვში უზარმაზარი მეჩეთის მშენებლობის საბაბით, ფულს აგროვებდა. ბედის ირონიით, სწორედ იმ დროს ჩამოვიდა მარნეულში ქალაქ ტაშკენტის მუსლიმთა თემის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც მხილებული ჰყავდა ის ქალაქ ტაშკენტში. ასე „გასკდა“ ეს საქმე და ის მილიციას გადასცეს. თუმცა, ფული ვერ აღმოუჩინეს. ნუგზარმა 6-წლიანი პატიმრობიდან მხოლოდ 2 წელი დაჰყო პატიმრობაში. ციხიდან გამოსვლის მერე კალანდარიშვილმა კოოპერატორობას მიჰყო ხელი და მიუხედავად ბიზნესსაქმიანობისა, „შავ სამყაროში“ მას კვლავ დიდ პატივს სცემდნენ. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ნუგზარი კვლავ დიდ თანხებს სწირავდა „ობშჩიაკს“. კალანდარიშვილი, სწორედ, იმ მილიციის კაპიტან ქალზე იყო დაქორწინებული, ვინც მას მიუგზავნეს. წყვილს 3 შვილი შეეძინათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...