კრიმინალური ისტორიები

როგორ მოხვდა თალიბებთან გერმანიის ციხიდან გაქცეული ქართველი

№9

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 07.03

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

პიროტექნიკოსი

საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, როდესაც 29 წლის იორამ მინდელი „ბედის საძებნელად“ გერმანიაში გაემგზავრა. იორამი საბჭოთა არმიის ყოფილი ლეიტენანტი იყო და მესანგრის („საპიორის“) პროფესიას ფლობდა. მინდელმა სამუშაო ქალაქ დრეზდენში დაიწყო, ის პიროტექნიკოსად აიყვანეს და რადგან უმაღლესი დონის სპეციალისტი იყო, საკმაოდ სწრაფად დააწინაურეს. იორამის მიერ დამონტაჟებული პიროტექნიკური მოწყობილობები სხვადასხვა ზეიმსა და დღესასწაულზე გამოიყენებოდა და დიდ მოწონებას იმსახურებდა. გერმანიაში ყოფნის ორი წლისთავზე იორამ მინდელი მდიდარ არისტოკრატ ქალბატონს, ბარონესა მატილდას შეხვდა. მატილდა 51 წლის იყო, იორამზე 20 წლით უფროსი და დიდძალ კაპიტალსა და უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობდა. ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ იორამი და მატილდა დაქორწინდნენ. საქორწინო ხელშეკრულებაში, რომელიც ბარონესას კარნახით შედგა, ეწერა, რომ იორამს არანაირი ქონებრივი წილი არ ეკუთვნოდა, თუმცა მისი გარდაცვალების შემთხვევაში მის მეუღლეს, მინდელს, სადაზღვევო თანხა – 500 ათასი გერმანული მარკა გადაეცემოდა. მიუხედავად იორამის მცდელობისა, რომ მატილდას საქორწინო კონტრაქტი შეეცვალა, ჯიუტი ბარონესა მაინც თავისაზე იდგა და მინდელს არაფერი გამოუვიდა.

ცრუ შეტყობინება

ბარონესა მატილდა მოგზაურობის მოყვარული ქალბატონი იყო. თვე ისე არ გავიდოდა, რომ რამდენიმე დღით სამოგზაუროდ არ გამგზავრებულიყო. ამ ვოიაჟებში ბარონესას იორამიც მუდმივად თან ახლდა და მინდელს თითქმის მთელი მსოფლიო შემოატარა. ერთ ზაფხულს მატილა პარიზში გასამგზავრებლად მოემზადა და ჩემოდნებიც ჩაალაგა. თუმცა ამჯერად იორამმა სამსახური მოიმიზეზა და პარიზში გამგზავრებაზე უარი განაცხადა. ცოლი აეროპორტში მიიყვანა და სახლში დაბრუნდა.

დრეზდენი-პარიზის ზუსტად ამ ავიარეისზე გერმანიის მოქალაქეს, გიუნტერ პრაცსაც ჰქონდა ბილეთი აღებული, თუმცა, გზაში შეყოვნდა და რეგისტრაციაზე აგვიანდებოდა, ამიტომ პრაცმა ნაცად ხერხს მიმართა: აეროპორტში დარეკა და განაცხადა, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო. რეისის გაფრენა შეაჩერეს. განხორციელდა მგზავრების ევაკუაციაც. გამნაღმველებმა კი თვითმფრინავიც შეამოწმეს და მგზავრების ბარგიც. მართალია, პრაცს ეგონა, რომ ცრუ განგაში ატეხა, მაგრამ გამნაღმველებმა ბარონესას ერთ-ერთ ჩემოდანში კუსტარულად დამონტაჟებული, საათის მექანიზმიანი ბომბი აღმოაჩინეს: გერმანიის სპეცსამსახურებმა პრაცი აეროპორტშივე დააკავეს. ბარონესა კი გამოსაკითხად წაიყვანეს.

დაზღვევის თანხა

ამ შემთხვევას გერმანიის ანტიტერორისტული სამსახური იძიებდა და იორამ მინდელზე მალევე მიიტანეს ეჭვი. ქართველი პიროტექნიკოსი დააკავეს, შემდეგ კი დააპატიმრეს და ტერორისტული საქმიანობისთვის გაასამართლეს. იორამ მინდელმა აღიარა, რომ ცოლის ბარგში ასაფეთქებელი იმის გამო დაამონტაჟა, რომ ბარონესას სიკვდილის შემდეგ დაზღვევის თანხა აეღო. ფედერალურმა სასამართლომ იორამ მინდელს 30-წლიანი პატიმრობა შეუფარდა და ქართველი პიროტექნიკოსი ბერლინში, ფედერალურ ციხეში გამოამწყვდიეს. სასამართლოზე ბარონესამ წარმოადგინა თავისი ხელით დაწერილი ანდერძი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გარდაცვალების შემდეგ მთელ თავის ქონებას იორამს უტოვებდა. ეს რომ მიდნელმა გაიაზრა, საშინელი ისტერიკა დაემართა. ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ კი ციხეში გაამწესეს. ბერლინში, სადაც ჰიტლერული მმართველობის პერიოდში „გესტაპოს“ საპყრობილე მდებარეობდა, იორამი ოთხადგილიან საკანში მოათავსეს, სხვა პატიმრებთან ერთად.

„ინტერპოლის“ ძებნილი

პატიმრობის ორი წლისთავზე იორამ მინდელს მორიგი ისტერიკა დაემართა. არაბული წარმოშობის ტერორისტმა ყვირილი და ბრახუნი ატეხა. ზედამხედველები რომ საკანში შევიდნენ, იორამი მათ გულწასული დახვდათ. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და იორამ მინდელი გამოკვლევებმსთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თან გაძლიერებული დაცვაც გააყოლეს. საავადმყოფოში იორამი გონს მოვიდა და მშვიდად იქცეოდა. თუმცა, როდესაც ის სისხლის ანალიზების ასაღებად ლაბორატორიაში გორგოლაჭიანი საკაცით შეიყვანეს, ის სწრაფად წამოხტა, მეორე სართულის ფანჯრიდან ისკუპა და მიიმალა. გაქცეულ ტერორისტზე „ინტერპოლმა“ ძებნა წითელი ცირკულარით გამოაცხადა. თუმცა, ქართველი პიროტექნიკოსი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. იორამის ბოლო გერმანული კვალი მაძებრებმა ჰამბურგში დაკარგეს, როგორც ვარაუდობდნენ, მან ზღვით გააღწია ქვეყნიდან. ამ შემთხვევიდან 2 წლის შემდეგ იორამ მინდელის კვალი ავღანეთში აღმოაჩინეს. როგორც ცნობილი გახდა, იორამი თალიბების რიგებში ჩაეწერა და მათ ეხმარებოდა. იორამ მინდელი დღემდე „ინტერპოლის“ წითელი ცირკულარით იძებნება, მაგრამ ცოცხალია თუ მკვდარი, ცნობილი არ არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი