როგორ მოხდა ქართულ-რუსული მაფიის გაერთიანება საფრანგეთში
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 24.04

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
„გიენები“
ევროპაში ალბანურ მაფიას „გიენებს“ უწოდებენ. ისინი დიდი ჭკუითა და საზრიანობით არ გამოირჩევიან, სამაგიეროდ ძალიან ვერაგები და დაუნდობლები არიან. მათთან საქმის დაჭერა არავის სურს და ამ ხალხს ყველაზე ბინძური საქმისთვის იყენებენ. „გიენები“ ძირითადად, ნარკოვაჭრობითა და მკვლელობებით არიან დაკავებული, ასევე, წვრილმანი გამომძალველობით. სერიოზულ საქმეში ისინი არავის გაჰყავს. ერთი სიტყვით, „გიენები“ ბოროტმოქმედთა საერთაშორისო სისტემის ყველაზე დაბალ საფეხურზე დგანან.
ოცდამეერთე საუკუნის პირველი ათწლეული იწურებოდა. ტრისტან კაპანაძის ორგანიზებული, თორმეტკაციანი ქურდების დაჯგუფება, სულ რაღაც, ერთი თვის ჩასული იყო საფრანგეთის ქალაქ ლიონში და იქაურობას სწავლოდნენ. ტრისტანი 38 წლის კანონიერი ქურდი იყო და თავისი გონების, მოხერხებისა და ორგანიზატორული ნიჭის წყალობით, ძალიან მალე შექმნა მძლავრი კრიმინალური ქსელი ლიონში და საქმე სწრაფად დაიძრა წინ. თავდაპირველად ქართველებმა ჯიბგირობით დაიწყეს და ისე იყვნენ დახელოვნებული ამ საქმეში, რომ ადგილობრივი პოლიცია ვერაფერს უხერხებდა. ქართველ ჯიბგირთა 3-3-კაციანი ჯგუფები დიდი ოსტატობით მოქმედებდნენ და ლიონში ჩამოსულ მდიდარ ტურისტებს „ფცქვნიდნენ“. მათ ნაღდი ფულის გარდა, ძვირფას სამკაულებსა და საკრედიტო ბარათებსაც ჰპარავდნენ და სანამ დაზარალებულები აზრზე მოვიდოდნენ, ბარათიდან მთელი თანხა იყო მოხსნილი. ბარათის კოდებს კი ძალიან ორიგინალურად იგებდნენ. როცა „ობიექტი“ ბანკომატთან მივიდოდა და კოდს აკრეფდა, მოხერხებულ ადგილზე ბინოკლით მდგომი ქართველი არჩევდა როგორც კოდს, ასევე ანგარიშზე რიცხულ თანხას, შემდგომ კი ამ ინფორმაციას კოლეგებს აწვდიდა. საქმეში უკვე ჯიბგირები ერთვებოდნენ და „ობიექტს“ ბარათს ჰპარავდნენ. ბანკომატიდან ფულს ხსნიდნენ და უჩინარდებოდნენ. ლიონის პოლიციას ვერაფერი გაერკვია და ალბათ, კიდევ დიდხანს იქნებოდნენ ასეთ მდგომარეობაში, რომ არა „გიენების“ მეთაური, ვინმე „ფაშა“. სწორედ მან შეატყობინა პოლიციელებს ქართველების შესახებ. ეს ინფორმაცია კი მან ერთ-ერთი ასეთი ოპერაციის დროს შეიტყო. როდესაც „ფაშას“ ბანდის წევრი ქართველ კრიმინალებს ფარულად უთვალთვალებდა, მათ ფოტოებს უღებდა და მთელი ეს მასალა ლიონის პოლიციას მიაწოდა. ლიონის პოლიციამ „გიენების“ „პადაჩით“ სპეცოპერაცია ჩაატარა და თორმეტი ქართველი ჯიბგირი თვალთვალის შემდეგ ფაქტებზე დააპატიმრეს და ადგილობრივი ციხის საკნებში გამოამწყვდიეს. არადა, „გიენებს“ ქართველები არაფერში უშლიდნენ ხელს და მათ ეს საქციელი იმიტომ ჩაიდინეს, რომ ერთი მხრივ, სავარაუდო კონკურენტები მოეშორებინათ თავიდან, მეორე მხრივ კი, ლიონის პოლიციის გული მოეგოთ.
საპასუხო სვლა
ტრისტანი დაპატიმრებას გადაურჩა. მისი სახელი არცერთ დაპატიმრებულ ქართველ ჯიბგირს არ დაუსახელებია და ყველანი დუმილის უფლებას ინარჩუნებდნენ. კაპანაძემ მოხერხებული რუსი ადვოკატი დაიქირავა, სახელად ვსევოლოდ მარკინი. მას ყველა „სევას“ ეძახდა და ის რუსულ მაფიაზე მუშაობდა. სწორედ „სევასგან“ გაიგო ტრისტანმა თუ ვინ და როგორ „ჩაუშვა“ ქართველები. „სევა“ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იყო დაკავშირებული კრიმინალურ წრეებთან. ქართველებს დიდ პატივს სცემდა და ალბანელები არ „ევასებოდა“, რადგან ისინი კრიმინალურ-ქურდული გაგებით, „ბოზებად“ მიაჩნდა. აღსანიშნავია, რომ „სევამ“ ქართველები „პოსლეზე“ დაიცვა. ანუ, ფული წინასწარ არ გამოურთმევია და კაპანაძეს უთხრა: ფული მაშინ გადამიხადეთ, როცა მომძლავრდებითო. ტრისტანმა „სევასგანვე“ შეიტყო, რომ ალბანელებს რუსული მაფიის ფული მართებდათ – 2 მილიონი დოლარი, რომელიც ერთ თვეში უნდა გადაეხადათ. სასამართლოზე „სევამ“ მაქსიმალური გააკეთა. 5 ქართველი ჯიბგირი დარბაზიდან გაათავისუფლეს, 7 მათგანს კი 15-15-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ეს საქმე ასე წარმატებით დასრულდა. ტრისტან კაპანაძემ კი ერთი კომბინაცია ჩაიფიქრა, რომელიც ალბანელებს კარგს არაფერს უქადდა. კაპანაძემ თბილისიდან ლიონში ბინის ქურდების ბრიგადა ჩამოიყვანა, 5 კაცის შემადგენლობით. ხოლო ცნობილი „მედვეჟატნიკი“ ვაჟა კახიძე თავის კოლეგასთან მოსკოვიდან ჩავიდა. კახიძე ნებისმიერ სეიფს იოლად ხსნიდა. ქართველმა ქურდებმა ალბანელების შტაბ-ბინას თვალთვალი დაუწყეს და მოხერხებულ დროს მათ ოფისში შეაღწიეს. კარების საკეტები დიდი ოსტატობით გახსნეს. კახიძემ კი მთავარი სეიფი გააღო. იქიდან 2 მილიონი დოლარი აიღო და ექვსივე ისევე ჩუმად გამოვიდა ოფისიდან, როგორც შევიდა. ორი დღის შემდეგ ალბანელებს რუსებისთვის ფული უნდა მიეტანათ, მაგრამ ერთი ცენტიც აღარ ჰქონდათ. „სტრელაზე“ მისული „ფაშა“ და მისი ექვსი ხელქვეითი ძალიან ცდილობდნენ ვადა გადაეწიათ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ და რუსების დახოცვა სცადეს, მაგრამ გამოცდილმა რუსმა კრიმინალებმა შვიდივე ალბანელი, „ფაშას“ მეთაურობით, ლიონის გარეუბანში ჩახოცეს და იქაურობა დატოვეს. მეორე დღეს კაპანაძე, „სევას“ თანხლებით, ეწვია რუსების შტაბ-ბინას. მათ 2 მილიონი დოლარი მიუტანა და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. იმ დღიდან ქართველები და რუსები შეიკრნენ და არა მარტო ლიონში, არამედ მთელ საფრანგეთში დომინირებდნენ და ეს დღემდე გრძელდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან