კრიმინალური ისტორიები

როგორ იშოვა მილიონი მანეთი ქართველმა თაღლითმა ქალმა

№48

ავტორი: ნიკა ლაშაური 17:11 30.11, 2020 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ცნობილი ქართველი საბჭოთა თაღლითი ქალის ნაირა კოროშინაძის, მეტსახელად „მალვინას“, ცხოვრებიდან.
„ვუნდერკინდი“
ნაირა კოროშინაძე 1930 წლის 1 იანვარს ბათუმში იყო დაბადებული. დედამისი, ოლღა კაკაბაძე, გოგონას მშობიარობას გადაჰყვა. მამა – გერონტი კოროშინაძე გემის კაპიტანი იყო და 1930 წლის 19 იანვარს შავ ზღვაზე, სიმფეროპოლთან დაიღუპა. მისი ხომალდი ტანკერს შეასკდა, ჩაიძირა და გერონტი კოროშინაძე ისე წავიდა ამქვეყნიდან, შვილი არც კი უნახავს... პატარა ნაირაზე მეურვეობა ბიძამ, ზაზა კოროშინაძემ და ბიცოლამ – კლავდია რუბცოვამ აიღეს. ისინი 1937 წელს ბათუმიდან თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად. ნაირა კი 7 წლის ასაკში სკოლაში მიაბარეს. იმავე წელს ცოლ-ქმარი „ხალხის მტრობაში“ დაადანაშაულეს და დახვრიტეს. ნაირა კი ბავშვთა სახლში გაამწესეს. გოგონა წარჩინებით სწავლობდა. 10 წლის იყო, როდესაც ოთხ ენას ფლობდა. ქართულის გარდა – რუსულს, ინგლისურს, გერმანულსა და ფრანგულს. გარდა ამისა, ნაირა კოროშინაძეს მათემატიკის განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა – არა მარტო ურთულეს ამოცანებს ხსნიდა, ექვსნიშნა რიცხვებს ერთმანეთზე ზეპირად ამრავლებდა და სწორ პასუხს იღებდა. ამგვარად, ეგრეთ წოდებული, უდედმამო ბავშვთა სახლის აღსაზრდელი ნაირა კოროშინაძე პედაგოგებმა „ვუნდერკინდად“ აღიარეს და ბავშვი მოსკოვში, ეგრეთ წოდებულ, „ნიჭიერთა ათწლედში“ გააგზავნეს.
გაქცევა

1941 წელს 22 ივნისს დიდი სამამულო ომი დაიწყო. იმავე წლის დეკემბერში ნიჭიერთა ათწლედი ურალში, ქალაქ სვერდლოვსკში იქნა ევაკუირებული. 11 წლის ნაირა კოროშინაძე განსაკუთრებულ აღრიცხვაზე იყო აყვანილი და ბავშვს, მიუხედავად უმძიმესი პერიოდისა, განსაკუთრებული მენიუ გამოუყვეს. მას გაძლიერებულად კვებავდნენ. უვლიდნენ და საგანგებო რეჟიმში ჰყავდათ. საქმე კი ის იყო, რომ რადგან ბავშვს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, გეგმავდნენ, საგანგებოდ გამოეყენებინათ სახელმწიფოს ინტერესებისთვის. თუმცა 1942 წლის 4 თებერვალს 12 წლის ნაირა კოროშინაძე სვერდლოვსკის ბავშვთა სკოლა-ინტერნეტიდან გაიქცა და მიუხედავად იმისა, რომ მას ყველაზე გამოცდილი მილიციელები და უშიშროების ოპერატიული თანამშრომლები ეძებდნენ, გოგონას კვალს ვერავინ მიაგნო. ნაირამ კი იმდენი მოახერხა, რომ სამხედრო ეშელონს ჯერ მოსკოვში ჩაჰყვა, შემდეგ კი – თბილისში და სწორედ საქართველოს დედაქალაქში მიიღო მან პირველი კრიმინალური ნათლობა. თბილისში ნაირა შავმა სამყარომ შეიფარა და გოგონამ 3 წელი, ანუ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე მათთან ერთად გაატარა. ხოლო 1945 წლის 10 მაისს, ანუ ჰიტლერულ გერმანიაზე გამარჯვების მეორე დღეს, მილიციამ გოგონა სიონის ეკლესიასთან აიყვანა და მას შემდეგ, რაც მისი იდენტიფიკაცია განხორციელდა, ნაირა კოროშინაძე, ეგრეთ წოდებულ, მცირეწლოვანთა თავშესაფარში გაამწესეს. თუმცა 1945 წლის 20 მაისს ის იქიდანაც გაიქცა.
„მალვინა“
ნაირა კოროშინაძის კრიმინალური ბიოგრაფია 1945 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. მიმალვაში მყოფი 15 წლის გოგონა მილიციამ წითელ მოედანზე დააპატიმრა. გოგონა ბავშვთა სახლის ერთ-ერთმა პედაგოგმა იცნო და მილიციას შეატყობინა. ნაირა 1946 წლის 3 იანვარს „გააციმბირეს“, ანუ, 16 წლის გოგონა ქალაქ ირკუტსკის მოზარდთა კოლონიაში გაამწესეს და მეტსახელი „მალვინაც“ იქ შეარქვეს. ეს კი ასე მოხდა: ბავშვთა კოლონიაში პატიმრებმა დადგეს სპექტაკლი – „ბურატინო“ და ნაირა კოროშინაძე მალვინას როლს ასრულებდა.
გოგონამ კოლონიაში 1947 წლის 4 მაისამდე დაჰყო. 4 მაისს კი მან ზედამხედველი მიხეილ კოგინი თავში ტაფის ჩარტყმით გათიშა, გასაღები აართვა, ორი კარი გააღო და კოლონიიდან გაიქცა. ამ შემთხვევის შესახებ კოლონიის ადმინისტრაციამ 3 საათის შემდეგ შეიტყო და „მალვინას“ მდევრები გამოუდგნენ, თუმცა უკვე გვიან იყო. პირმშვენიერმა ვუნდერკინდმა გოგონამ ადვილად „შეაბა“ ავიაციის კაპიტანი, 26 წლის ვსევოლოდ შიშკინი, რომელმაც გოგონა ირკუტსკიდან მოსკოვში ჩაიყვანა. წყვილმა ერთად 6 თვე იცხოვრა და „მალვინა“ იქიდანაც გაიქცა. ამის შემდეგ 18 წლის ძებნილმა ნაირა კოროშინაძემ თაღლითობას მიჰყო ხელი. თავისი განსაკუთრებული ნიჭის წყალობით, 1953 წელს აგვისტომდე მოუხელთებელი იყო. მილიციამ ის 18 აგვისტოს მოსკოვში დააპატიმრა. სასამართლომ კი 3 წლით ციხეში გაამწესა.
ჩელენტანოს კონცერტი
„მალვინა“, იგივე ნაირა კოროშინაძე, ოთხჯერ იყო ნასამართლევი თაღლითობისთვის და ციხეში 12 წელი ჰქონდა გატარებული. ქალი ხან ინდოელი კინოვარსკვლავი იყო, ხან მაღალი რანგის პარტიული ჩინოვნიკის ცოლი, ხან ცნობილი ტანმოვარჯიშე (ნაირას იდეალური აღნაგობა ჰქონდა), ხან კი – ექიმი-ფსიქიატრი იყო. ამ ხნის განმავლობაში თაღლითმა „მალვინამ“ 50-ზე მეტი დანაშაული ჩაიდინა და მოქალაქეები და სხვადასხვა ორგანიზაცია 969 ათასი მანეთით აზარალა, რაც საბჭოთა პერიოდში კოლოსალური თანხა იყო. 1960 წელს ნაირამ ფიზიკოს ივანე ზაქრაძეზე იქორწინა და 1961 წელს მას ტყუპი ვაჟი – მიშიკო და ვასიკო შეეძინა. თუმცა, „მალვინა“ მორიგი აფერისთვის 3 წლით ჩასვეს ციხეში. მას დედობის უფლება ჩამოართვეს და ტყუპები მამას, ივანეს გადასცეს აღსაზრდელად. მიუხედავად ამისა, ციხიდან გამოსული თაღლითი ფარულად ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან, პარალელურად კი, კრიმინალურ საქმიანობას აგრძელებდა. ქალმა კიდევ 3-ჯერ მოახერხა ციხეში ჩაჯდომა, თუმცა, ოჯახთან კავშირი არ გაუწყვეტია. „მალვინამ“ ბოლო თაღლითობა 1988 წლის მარტში განახორციელა. ქალმა გაგანია „პერესტროიკის“ დროს 100 ათასი ბილეთი დააბეჭდინა, ვითომდა ჩელენტანოს კონცერტისთვის და თითოეული 10 მანეთად მთელი საბჭოეთის მასშტაბით გაავრცელა. ამგვარად, მან მილიონი მანეთი იშოვა და მიიმალა.
P.S. „მალვინა“ 2010 წელს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვში. მისი ვაჟები კი სინგაპურში ცხოვრობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი