კრიმინალური ისტორიები

როგორ იშოვა დიდი ფული ქართველმა ვიდეოინჟინერმა შუაგულ ციმბირში

№40

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 12.10

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

პორნოფილმების კვირეული

პატარა დაბა იუჟნი პოსიოლოკი შუა ციმბირში მდებარეობს, ნოვოსიბირსკის რაიონს ეკუთვნის და ირგვლივ ტაიგა აკრავს. დაბაში მხოლოდ 800 ოჯახი ცხოვრობს და ადგილობრივები ოქროს სარეწ საწარმოში მუშაობენ. იუჟნი პოსიოლოკი, ფაქტობრივად, მთლიანად მოწყვეტილია ცივილიზებულ სამყაროს, იქ ტელევიზიაც კი არ არსებობს. მხოლოდ რადიოკვანძია. პრესას კი ადგილობრივები ერთი კვირის დაგვიანებით იღებენ, მაშინ, როდესაც ორი ვეებერთელა ვერტმფრენი ჩაფრინდება ხოლმე და სხვადასხვა პროდუქტთან ერთად ჟურნალ-გაზეთები და ოქროს სარეწის თანამშრომლებისთვის ხელფასები ჩააქვს. უკან კი მოპოვებული ოქრო მიაქვს ან, თუკი ასეთი გამოჩნდება, ნოვოსიბირსკში მძიმე ავადმყოფი მიჰყავს. იუჟნი პოსიოლოკთან მისასვლელი სამანქანო გზაც არსებობს, მაგრამ ის მხოლოდ 5-6 თვე ფუნქციონირებს, ძირითადად, გვიან გაზაფხულზე, ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე, ანუ იმ პერიოდში, როდესაც იქ თოვლი არაა. 1982 წლის მაისში იუჟნი პოსიოლოკში მანქანით შუა ხნის მელოტი მამაკაცი ჩავიდა. მას თან ორი ყუთი ჰქონდა, ერთ-ერთში ფერადი ტელევიზორი იდო, მეორეში კი – ორი ფერადი ვიდეომაგნიტოფონი და კასეტები. მამაკაცმა დაბის მამასახლისს განუცხადა, რომ სპეციალურად მოსკოვიდან იყო ჩამოსული დაბის კულტურული ცხოვრების დონის ასამაღლებლად და უცხოური ფილმების საჩვენებლად. დაბის მცხოვრებლებს პატარა კლუბი ჰქონდათ, სადაც კინოპროექტორი იდგა და ათიოდე ძველი საბჭოთა ფილმი ყელში ჰქონდათ ამოსული. მელოტის შეთავაზება კი მათთვის სიახლე იყო. არც ფასი იყო დიდი, ერთი სეანსი – სულ რაღაც, 1 მანეთი და კლუბში შეკრებილ დაბელებს მელოტმა პირველ დღეს ჯეიმს ბონდზე გადაღებული ორი ფილმი უჩვენა, თან, მათ რეაქციას აკვირდებოდა. დაბელები განსაკუთრებულ რეაქციას გამოხატავდნენ ეროტიკული სცენების დროს. პირველი ორფილმიანი სეანსი რომ დასრულდა, მელოტის შემოსავალმა 400 მანეთი შეადგინა. ჩვენების შემდეგ მელოტმა შეკრებილებს სთხოვა, რომ დარბაზში მხოლოდ სრულწლოვანი მამაკაცები დარჩენილიყვნენ. ქალები და ბავშვები რომ გავიდნენ, მელოტმა მამაკაცებს განუცხადა, მე შემიძლია, დახურული სეანსები მოგიწყოთ, მაგრამ თითოეული სეანსის ფასი 10 მანეთი იქნება. მე თქვენ ხუთწუთიან ფრაგმენტს გიჩვენებთ და გადაწყვიტეთ, თუ თანახმა იქნებითო. მამაკაცები დათანხმდნენ. მელოტმა მათ 5-წუთიანი პორნოფრაგმენტი ჩაურთო. ციმბირელი მამაკაცები ამ სანახაობამ ლამის ჭკუიდან გადაიყვანა. იმ მომენტში დარბაზში 75 მამაკაცი იმყოფებოდა. მათ იქვე შეკრიბეს 750 მანეთი და 80-წუთიან პორნოფილმს უყურეს. იმ ღამიდან იუჟნი პოსიოლკის კლუბში რიგრიგობით მუშაობდა ვიდეომაგნიტოფონები და პორნოფილმების ჩვენება, ფაქტობრივად, უწყვეტად მიმდინარეობდა. „კინოსეანსებმა“ ერთ კვირას გასტანა და ძალით რომ არ გაეჩერებინათ, მელოტმა ისე დატოვა იქაურობა, არავის არ შეუმჩნევია. ერთ კვირაში მან 70 ათასი მანეთი იშოვა და თან წაიღო. დაბის მცხოვრებლები უკანონო რეწვითაც იყვნენ დაკავებული, საკმაოდ ბევრი ოქროს მარცვალი ჰქონდათ გადამალული და ვისაც ფული არ ჰქონდა, სეანსის საფასურს ოქროს მარცვლებით იხდიდა. ყველაზე მცირე ოქროს მარცვალი კი, მინიმუმ, ათჯერ აღემატებოდა 10 მანეთს. ამგვარად, მელოტი დიდი კუშით ბრუნდებოდა უკან... ეს კაცი თბილისელი ჯემალ კაციაშვილი იყო.

სამაგიერო

40 წლის ჯემალ კაციაშვილი პროფესიით ვიდეოტექნიკოსი იყო და ტელევიზიაში მუშაობდა. ხოლო ვიდეომაგნიტოფონების გამოჩენის შემდეგ მას ახალი ბიზნესის იდეა გაუჩნდა, რომელმაც გაამართლა. ციმბირში ჩატარებული აქცია მისი საცდელი ბიზნესპროექტი იყო, რამაც მას ძალიან დიდი შემოსავალი მოუტანა. იმ პერიოდში ვიდეომაგნიტოფონების ღირებულება ახალთახალი „ჟიგულის“ ფასს უტოლდებოდა. ჯემალმა ორივე ვიდეომაგნიტოფონი ცნობილი ქართველი სპორტსმენებისგან იყიდა, რომლებსაც უცხოეთში ფული გაატანა და ტექნიკა თბილისში ჩამოატანინა. ჯემალ კაციაშვილი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც საქართველოში ვიდეოების გაქირავების ბიზნესი დაიწყო. ჯემალი 1983 წლისთვის უკვე 10 ვიდეომაგნიტოფონისა და უამრავი კასეტის მფლობელი გახდა და ისინი სულ საქმეში ჰქონდა ჩართული და ამ ბიზნესით კოლოსალურ შემოსავალს იღებდა, თანაც, იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირს იური ანდროპოვი ედგა სათავეში და ქვეყანაში უკიდურესი სიმკაცრე იყო გამეფებული. „რემბოს“, ანტისაბჭოთა და პორნოგრაფიული ფილმების ჩვენებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იყო დაწესებული და გამქირავებლებს მილიცია, ზოგ შემთხვევაში „კაგებე“, აპატიმრებდა. ჯემალი მთაწმინდაზე ცხოვრობდა და იმ რაიონის (მაშინ კალინინის რაიონი ერქვა) მილიციის მესვეურებს მსუყე თანხებს უხდიდა. თუმცა, მილიციელების სიხარბესა და ვერაგობას საზღვარი არ ჰქონდა. ამიტომ ჯემალ კაციაშვილი მილიციის ოპერჯგუფმა მისსავე სახლში დააკავა, ვიდეომაგნიტოფონები და აკრძალული ვიდეოკასეტები ამოიღეს და განყოფილებაში წაიყვანეს. ჯემალი გაოგნებული იყო, რადგან მილიციელებს შემოსავლის საკმაო წილს უხდიდა და ეს შეახსენა კიდეც მათ. თუმცა, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მას ერთბაშად 20 ათასი მანეთი მოსთხოვა. ჯემალი გაჯიუტდა და უარი განუცხადა. მაშინ მას საქმე და აპარატურისა და კასეტების კონფისკაცია ოფიციალურად გაუფორმეს და ციხეში 5 წლით გაუშვეს. თუმცა, ჯემალმა ციხეში მხოლოდ 6 თვე დაჰყო, 1984 წელს გათავისუფლდა და თავისი ბიზნესი კვლავ ააღორძინა. თუმცა, ამჯერად შავიზღვისპირეთში გადაინაცვლა და ოჩამჩირიდან დაწყებული სოჭამდე, ეგრეთ წოდებული, ვიდეობარები გახსნა. ის ფულს უკვე ლეგალური გზით შოულობდა. თუმცა, შიგადაშიგ დახურულ სეანსებაც ატარებდა, სადაც ანტისაბჭოთა და პორნოფილებსაც უჩვენებდენ. 1985 წლის ზაფხული იდგა. ჯემალი გაგრაში იმყოფებოდა თავის მეგობართან ერთად, რომელსაც იქ სასტუმრო ჰქონდა, ჯემალს კი მის სასტუმროში – ვიდეობარი. ერთ-ერთი პორნოსეანსის დროს ჯემალმა ბარში ახალგაზრდა ვაჟი და მასზე უფროსი ქალი შენიშნა. ქალში მან სწორედ იმ მილიციელის ცოლი შეიცნო, ვინც ჯემალი ციხეში ჩასვა. ჯემალმა კი მეგობრისგან შეიტყო, რომ ვაჟი იმ ქალის საყვარელი იყო და რომ ისინი მის სასტუმროში ცხოვრობდნენ. ჯემალმა ამით ისარგებლა, ნომერში ვიდეოთვალი დაუყენა და მოღალატე ცოლს ვიდეო გადაუღო. შემდგომ ის ქალი დააშანტაჟა და 20 ათასი მანეთი მოატანინა, რაც ჯემალს ციხიდან გამოსვლაში დაეხარჯა. ფული ქალმა რქიან პოლკოვნიკ მეუღლეს „დასტყუა“ და მალევე წამოვიდა კიდეც მისგან. ჯემალი კი 80-იანი წლების მიწურულს ისრაელში გაემგზავრა და იქ ორი კინოთეატრი გახსნა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი