კრიმინალური ისტორიები

როგორ „გაწეწეს“ იატაკქვეშა კაზინო პლეხანოვზე თბილისელმა თაღლითებმა

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 19.01, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

აფერა

1986 წლიდან თბილისში, პლეხანოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი დიდი გასტრონომის სარდაფში არალეგალური კაზინო ფუნქციონირებდა. იქ თბილისის „მაყუთიანი“ და აზარტული ნაწილი იკრიბებოდა და დიდი ფული იხარჯებოდა. მეპატრონე 40 წლის პარმენ ლაღიძე იყო. ის აზარტული თამაშებისთვის („კარტოჟნიკობისთვის“) ორჯერ იყო ნასამართლევი. ლაღიძის კაზინოში მოდიოდნენ, როგორც „ცეხავიკები“, ასევე მსხვილ დაწესებულებათა ხელმძღვანელები და, რაც მთავარია, რამდენიმე მაღალჩინოსანი პარტიული ფუნქციონერი. ჯუმბერ პატიაშვილი ახალი დანიშნული იყო პირველ მდივნად და რესპუბლიკის „ფაშისტობა“ (ფულიანები) შიშის ქვეშ იყვნენ. თუმცა კაზინოს კლიენტები აზარტს ვერ უმკლავდებოდნენ და ღამეს არ „მაზავდნენ“, რომ იქ არ მისულიყვნენ. „კაზინოში“ 31 დეკემბერსაც ბევრი კლიენტი იყო და ახალი წლის დადგომას სულ რაღაც 4 საათი აკლდა, როცა იქ პისტოლეტმომარჯვებული ექვსი ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა. იქ მყოფნი კედელთან ჩაამწკრივეს, ჩხრეკის ორდერი წარმოადგინეს, იქ შეკრებილებს „ქსივები“ უჩვენეს და კინოკამერით დააფიქსირეს ყველა. ბოლოს კი 120 ათასი მანეთის ქრთამი აიღეს და წავიდნენ. ახალგაზრდებიდან ორნი შეკრებილებს კაპიტან თორნიკე გულიად და მაიორ ოთარ კაპანაძედ გაეცნენ. სინამდვილეში კი, თაღლითები მერაბ ომიაძე და კარლო გამცემლიძე იყვნენ. ეს იყო აფერა და ამის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა ვარლამ კოლხიდაშვილზე კომპრომატის მოპოვება მისი დაშანტაჟების მიზნით. კოლხიდაშვილი ცეკას მაღალჩინოსანი გახლდათ და შევარდნაძის დროს უამრავი ფული ჰქონდა ნაშოვნი.

შანტაჟი

აფერა მალევე გაიშიფრა და თაღლითებს ძებნა დაუწყეს. მერაბ ომიაძემ და კარლო გამცემლიძემ მშვენივრად იცოდნენ, რომ მათ ძებნას დაუწყებდნენ და ძალიან ფრთხიალობდნენ. მათი მიზანი ვარლამ კოლხიდაშვილის დაშანტაჟება და დიდი ფულის გამოძალვა იყო. ნახევარ მილიონზე ნაკლებს არ დავჯერდებით, - იმეორებდნენ თაღლითები და ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდნენ კოლხიდაშვილის მოსახელთებლად, რომელსაც პერსონალური ავტომობილი ემსახურებოდა. ერთ საღამოს თაღლითებმა მაინც მოახერხეს „ბობოლა პარტფუნქციონერის“ მოხელთება და ნახევარი მილიონი მოსთხოვეს. კოლხიდაშვილი უყოყმანოდ დათანხმდა, სამაგიეროდ, კი კინოფირი მოითხოვა. თაღლითებმა ნახევარი მილიონი მანეთი იმავე ღამეს გამოართვეს კოლხიდაშვილს და ფირს მეორე დღისთვის შეჰპირდნენ, თუმცა შეშინდნენ და არ მიუტანეს.

შესანიშნავი ტრიო

დიდი სიფრთხილის მიუხედავად, ქურდებმა მაინც მოახერხეს თაღლითური ტანდემის „დათრევა“ და მათ ნახევარ მილიონ მანეთს სთხოვდნენ.

- „დაშტრაფულები“ ხართ და თუკი მაყუთს არ მოიტანთ, სულს ამოგართმევენ, - ეუბნებოდნენ თაღლითებს.

თაღლითები შავებს შეუთანხმდნენ და მათ მერაბ ომიაძე „ზალოგში“ დაიტოვეს, კარლო გამცემლიძე კი ფულის მოსატანად გაუშვეს. გამცემლიძეს ფულით გაქცევაც შეეძლო, მილიციაში ჩივილიც და მათთვის ნახევარი ფულის ქრთამად მიცემაც. მან კი არც აცია, არც აცხელა, პირდაპირ ვარლამ კოლხიდაშვილს მიადგა და უთხრა:

- ფირი შენახული გვაქვს, რადგან მისი ასლი არ არსებობს და ეს ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა. გპირდებით, რომ ფირს არასოდეს გამოვიყენებთ თქვენს საწინააღმდეგოდ. თუ, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებით და ისე იზამთ, რომ არავინ არასოდეს შეგვეხოს ამ საქმის გამო.

კოლხიდაშვილი გამცემლიძეს დაეთანხმა და შავებს ომიაძე გამოაშვებინა.

თაღლითებმა კი თბილისში და ქუთაისში ორი არალეგალური კაზინო გახსნეს. ხოლო, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, თაღლითებსა და კოლხიდაშვილის ვაჟს, პავლეს, მოსკოვსა და ლენინგრადში კაზინოები ჰქონდათ და დიდ ფულს შოულობდნენ. ამ შესანიშნავი ტრიოს წევრები დღესაც კომპანიონები არიან და უკვე ოკეანისგაღმა „იღწვიან“ მსხვილ სათამაშო ბიზნესში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი