კრიმინალური ისტორიები

როგორ განახორციელა ოთხმაგი „გადაგდება“ თაღლითმა და-ძმამ

№42

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 27.10, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

„ენისეი გრუპი“

1988 წლის დეკმბერში „მოსტსტროისა“ და კოოპერატივ „ენისეი გრუპს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, მდინარე ენისეიზე ორი ხიდის მშენებლობის თაობაზე. პროექტით, თითოეული ხიდის სიგრძე 120-120 მეტრი იყო. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ეს მშენებლობა თანადაფინანსებით უნდა განხორციელებულიყო. „მოსტსტროი“ სახელმწიფო უწყება იყო და სამშენებლო კომპანია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით უნდა მოემარაგებინა. „ენისეი გრუპს“ კი დაქირავებული მშენებლებისთვის ხელფასი უნდა გადაეხადა. ორივე პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი მანეთი იყო. ხელშეკრულების მიხედვით, „ენისეი გრუპს“ (თუკი მათ ხიდების მშენებლობაში არანაირი დარღვევები არ ექნებოდათ) ექსკლუზიური უფლება ენიჭებოდა ხიდებისა და გვირაბების მშენებლობებზე ციმბირის რეგიონში. ეს კი მას დიდ შემოსავალს მოუტანდა – ბიუჯეტი გაოთხმაგდებოდა. ეს კოოპერატივი მოსკოვში იყო დარეგისტრებული. მას 37 წლის ანზორ ხაზარაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც პროფესიით ინჟინერი იყო.

შეკრება

„ენისეი გრუპში“, ანზორ ხაზარაძის გარდა, კიდევ 6 ადამიანი შედიოდა და თითოეულს კონკრეტული თანამდებობები ეკავა. წესდებაში მათი ფუნქციები მკაცრად იყო გაწერილი, რაც კონტრაქტებშიც ფიქსირდებოდა. ოფიციალური პირების გარდა, კოოპერატივს არაოფიციალური წევრიც ჰყავდა. ეს იყო კანონიერი ქურდი ვასილი ვოლკოვი, მეტსახელად „ბერიოზა“. ვოლკოვი არა მარტო ციმბირის რეგიონში სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით, არამედ მთელს კავშირში. სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, „ბერიოზას“ „შავ სამყაროსთან“ უნდა მოეგვარებინა ურთიერთობები, რათა კოოპერატორები კრიმინალებს არ „გაეწეწათ“. კონტრაქტის გაფორმებისთანავე ხაზარაძემ განცხადება გამოაქვეყნა კვალიფიციური მშენებლების დასაქმების თაობაზე და 1989 წლის იანვარში ენისეისკში შეკრებაზე მოიწვია ყველა მსურველი. საამისოდ კი ადგილობრივი კულტურის სასახლე იქირავა. ამ შეკრებაზე დასასწრებად მოსკოვიდან სპეციალურად ჩაფრინდა „მოსსტროის“ ექსპერტთა ბრიგადა. მათ უნდა შეემოწმებინათ, თუ როგორ ხორციელდებოდა სამშენებლო გუნდის შექმნის პროცესი. დილის 9 საათზე დაქირავებულ დარბაზში, 560 ადამიანი შეიკრიბა და ყველანი კოოპერატორებს ელოდნენ. თუმცა არცერთი მათგანი არ მოსულა და 2-საათიანი ფუჭი ლოდინის მერე შეკრებილები უკმაყოფილოდ დაიშალნენ.

ოთხმაგი „გადაგდება“

სანამ ხალხი კოოპერატორებს ელოდა, „ენისეი გრუპის“ 6 წევრი მოსკოვში ,ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში ანზორ ხაზარაძეს ელოდნენ. მას 2 მილიონი დოლარი უნდა მოეტანა და ეს თანხა თანაბრად გაეყოთ. საქმე კი ის იყო, რომ „ენისეი გრუპი“ ფიქტიური სამშენებლო კოოპერატივი იყო, მისი შვიდივე წევრი – თაღლითი, ხიდების მშენებლობა კი მბლეფს წარმოადგენდა. ამ აფერის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ხაზარაძე ერთ-ერთ იაპონურ ფირმასთან იყო გარიგებული უმაღლესი ხარისხის ფოლადის იაფად მიწოდებაზე, ყოველგვარი ოფიციალური საბუთის გაუფორმებლად. ხაზარაძეს მათთვის ფოლადის კონსტრუქციები ვლადივოსტოკში უნდა ჩაეტანა და იაპონიისკენ მიმავალ გემშიც თავად ჩაეტვირთა. ქეშად კი 2 მილიონი დოლარი უნდა აეღო. ხაზარაძემ „პაძელნიკებს“ უთხრა, რომ სასტუმრო „კოსმოსში“ მიდიოდა ფულის წამოსაღებად. „ბერიოზასთან“ ნაქირავები ბინიდან ამ საბაბით – ვითომდა თანხის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებისთვის გავიდა,. სასტუმროში კი კანონიერ ქურდს „სკვაზნოი“ გაუკეთა (სათადარიგო გასასვლელიდან გავიდა), სოჭში გადაფრინდა და თვის დას, მართა ხაზარაძეს დაელოდა, რომელსაც იქ იაპონელებისგან აღებული 2 მილიონი დოლარი უნდა ჩაეტანა. და-ძმა ფარულად იყო მოლაპარაკებული უცხოელებთან და როგორც კი ხიდის მშენებლობისთვის განკუთვნილი უმეღლესი ხარისხის ფოლადის კონსტრუქციები გემზე დაიტვირთა, მართას ფული გადასცეს. ანზორის ჩასვლის მეორე დღეს, უზარმაზარი თანხით, და-ძმა სოჭის პორტიდან თურქული საკრუიზო გემით რუმინეთში გაემგზავრა. იქიდან კი, ევროპის რამდენიმე ქვეყნის გავლით, თვითმფრინავით კანადაში ჩავიდნენ. ხოლო თანხა რომ ხელით არ ეტარებინათ, 2 მილიონი დოლარი შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში შეიტანეს და კანადის ქალაქ ტორონტოში გამოიტანეს. და-ძმამ ოთხმაგი „გადაგდება“ განახორციელა: მოატყუეს სახელმწიფო, შეკრებაზე მისული მშენებლები, „პაძელნიკი“ თაღლითები და „ბერიოზა“. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, თაღლითი და-ძმის მოხელთება ვერც სახელმწიფომ შეძლო და ვერც კრიმინალებმა.

P.S. საგულისხმო ფაქტია, რომ იაპონელებმა ფოლადის კონსტრუქციებისგან უმაღლესი ხარისხის უსაფრთხო საპარსები დაამზადეს და 450 მილიონი დოლარი მოიგეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი