კრიმინალური ისტორიები

როგორ გამჟღავნდა „კაგებეს“ „ქილერის“ საიდუმლო

№31

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 12.08, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი მოქმედი პირების ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„დღის ქურდი“

33 წლის ვანო გოგიაშვილი ბინის ქურდობისთვის ოთხჯერ იყო ნასამართლევი და ციხეში 16 წელი ჰქონდა გატარებული. ის, ეგრეთ წოდებული, „დღის ქურდების“ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ანუ იმათ, ვინც მხოლოდ დღისით დადიოდა საქმეებზე. 1971 წლის 19 მარტს გოგიაშვილი სულ რაღაც ორი კვირის გამოსული იყო მეოთხე „სროკიდან“, როდესაც მორიგ „აბხოდზე“ (შემოვლაზე) გაემართა ვარკეთილის ახლად აშენებულ მიკრორაიონში. ვანო ერთ-ერთი ხუთსართულიანი „ხრუშჩოვკის“ ბოლო სართულზე ავიდა, ერთ-ერთი ბინის კარზე, ტრადიციულად, ჯერ ზარი დარეკა, რამდენიმე წუთი მოიცადა და რომ დარწმუნდა, „ბაითი“ ცარიელი იყო, საკეტს „ატმიჩკა“ მოარგო და ბინაში შევიდა. სულ რაღაც ათიოდე წუთის შემდეგ გოგიაშვილი ბინიდან ორი ჩემოდნით გამოვიდა და გზას გაუდგა. თუმცა შორს წასვლა ვერ მოასწრო. ერთ-ერთ მშენებარე კორპუსთან „დღის ქურდს“ მილიციის მორიგე პატრული წამოეწია და საბუთები მოსთხოვა. გოგიაშვილმა ჩემოდნები დაყარა და გაიქცა. მაგრამ ის შეიპყრეს. შემდეგ ჩემოდნებიანად მანქანაში ჩასვეს და მილიციის უახლოესი განყოფილებისკენ აიღეს გეზი.

ორი „რკინა“

ვანო გოგიაშვილი არც თავის ვინაობას უმხელდა მილიციელებს და არც ქურდობას აღიარებდა. თუმცა, როდესაც მილიციის ქვეგანყოფილებაში ორივე ჩამორთმეული ჩემოდანი გახსნეს და გაჩხრიკეს, მაიორმა კვერნაძემ შეჰყვირა:

– ღმერთო ჩემო, ორი „გლუშიწელიანი“ „რკინა“! აქ რაღაც საშინელების სუნი ტრიალებს...

გივი კვერნაძე სისხლის სამართლის სამძებროს ერთ-ერთი ქვეგანყოფილების უფროსი ოპერი იყო. მან პირადად გაჩხრიკა ნაქურდალი ჩემოდანი და შიგნით ორი ცალი „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი აღმოაჩინა. მაიორმა გოგიაშვილს მწველი მზერა მიაპყრო და უთხრა:

– აბა, თქვი, საიდან წამოიღე ეს ჩემოდნები, – უთხრა მაიორმა გოგიაშვილს და როდესაც ყველა ინფორმაცია ხელთ ჰქონდა, „დღის ქურდი“ ქვეგანყოფილების საკანში გამოამწყვდიეს. თავად გივი კვერნაძე კი შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გაემართა და მაყუჩიანი პისტოლეტები რესპუბლიკის სამძებროს უფროსს მიუტანა იმ იმედით, რომ მას დააწინაურებდნენ...

ექსპერტიზის პასუხები

კვერნაძის უშუალო უფროსმა ორივე პისტოლეტი სასწრაფო ბალისტიკურ ექსპერტიზაზე გაგზავნა. პასუხი სულ რაღაც ორიოდე საათის შემდეგ მოვიდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა შოკში ჩააგდო. მათ შორის მინისტრი ედუარდ შევარდნაძეც. საქმე კი ის იყო, რომ ამ პისტოლეტიდან ორი ადამიანი იყო მოკლული და ორივე მკვლელობა გაუხსნელი იყო. თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, შევარდნაძე ბევრად უფრო ჭკვიანურად მიუდგა საქმეს. მინისტრი მიხვდა, რომ საქმე რიგით, უბრალო მკვლელთან არ ჰქონდათ და თავის უმცროს კოლეგასა და მოადგილეს უთხრა:

– რასაც ახლა დაგავალებთ, იცოდეთ, ზუსტად შეასრულეთ, თორემ თავები არ შეგრჩებათ.

– გისმენთ, ედუარდ ამბროსოვიჩ, – მიუგო მინისტრს მისმა მოადგილემ.

– პირველ რიგში, ეგ ქურდი ჩვენთან, სამინისტროში გადმოიყვანეთ და რომ არ ილაყბოს ცალკე, იზოლირებულად ჩასვით. შემდეგ, გაარკვიეთ გაქურდული ბინის პატრონის ვინაობა და მის შესახებ ყველა ინფორმაცია პირადად მე მომახსენეთ. მას კი უთვალთვალეთ, მაგრამ არ გაიშიფროთ. გასაგებია?

– გასაგებია, – უპასუხა შევარდნაძეს მოადგილემ და დავალების შესასრულებლად გაემართა.

გაირკვა, რომ გაქურდული ბინის პატრონი 30 წლის რეზო ჭყონია იყო. ის ლიმონათის ქარხანაში ოსტატად მუშაობდა და ღამის 12 საათამდე ცვლაში იმყოფებოდა.

„მოკლული“ საქმე

რეზო ჭყონია ღამის პირველ საათზე აიყვანა მილიციის სპეციალურმა ოპერატიულმა ჯგუფმა მისსავე სახლის კართან, როდესაც ის სამსახურიდან დაბრუნდა. მან, რა თქმა უნდა, არ იცოდა, რომ გაქურდეს და ვერც ის გაეგო, თუ ვინ და რატომ დაადო ხელბორკილები. ჭყონია პირდაპირ გენერალ შევარდნაძესთან მიიყვანეს. მინისტრმა ოპერებს ხელბორკილები მოახსნევინა და კაბინეტში მასთან პირისპირ დარჩა.

– თქვენ დღეს გაგქურდეს. ქურდი დავაპატიმრეთ და ნაქურდალ ნივთებში ორი ცალი მაყუჩიანი პისტოლეტი ვიპოვეთ. ბალისტიკურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ამ იარაღებით ორი გაუხსნელი მკვლელობაა ჩადენილი და პირდაპირ, ერთი ერთზე გეკითხებით: ვინ ხართ თქვენ? – მიმართა შევარდნაძემ.

ჭყონიამ მინისტრს მზერა მიაპყრო და უთხრა:

– ჩემი კოდია 0697. აი, ამ ტელეფონზე დარეკეთ და პასუხს გაგცემენ.

შევარდნაძემ დასახელებულ ნომერზე დარეკა. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ მას თავად „კაგებეს“ თავმჯდომარემ, გენერალმა ალექსი ინაურმა უპასუხა და უთხრა:

– ამხანაგო ედუარდ, ეგ ჩვენი კაცია, უკვე ვიცით, რომ ის თქვენთანაა და საერთოდაც, საქმის კურსში ვართ, რაც მოხდა. იარაღებიანად გამოუშვით. ჩვენ მივხედავთ. საქმე კი „მოკალით“ და მოკვლევის მასალებიც მას გამოატანეთ.

ღამის 3 საათზე ჭყონია უკვე თავისუფალი იყო. შევარდნაძემ კი თანამშრომლები დაიბარა და უთხრა, რომ ენაზე კბილი დაეჭირათ.

რეციდივისტი გოგიაშვილი სამინისტროს ციხიდან ორთაჭალაში გადაიყვანეს და იმავე საღამოს გისოსებზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მაყუჩიანი პისტოლეტებიდან გასროლილი ტყვიების მსხვერპლი პარტიული მაღალჩინოსანი და „კაგებეს“ თანამშრომელი იყვნენ, ანუ ის ადამიანები, ვისაც უშიშროება თავიდან იშორებდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი