კრიმინალური ისტორიები

როგორ გამოააშკარავა ქართველმა სპეცაგენტმა ქალმა საერთაშორისო ნარკოსინდიკატი

№9

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 10.03

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

საქმიანი წინადადება

1995 წლის 1 სექტემბერს, საღამოს 21 საათზე 39 წლის ცირა აბულაძის ბინაში ზარის ხმა გაისმა. ცირა გაუთხოვარი, სასიამოვნო გარეგნობის ქალი იყო და ასაკი არ ეტყობოდა. ის ვაკეში, სტალინის დროს აშენებული ფეშენებელური სახლის 4-ოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობდა. ქალმა კარის სათვალთვალოში გაიხედა. კართან 30-35 წლის მამაკაცი იდგა. ქალმა სტუმარი ვერ იცნო, კარი გააღო და ზღურბლზე მდგარ ახალგაზრდას ჰკითხა:

– ვინ გნებავთ?

– თუ არ ვცდები, ცირა აბულაძე ბრძანდებით, ხომ? – იკითხა მამაკაცმა, რომელიც ცდილობდა, წმინდა რუსულად ელაპარაკა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ უცხოელი იყო.

– შემობრძანდით და სახლში ვილაპარაკოთ, – შეიპატიჟა ცირამ და სტუმარი რომ სავარძელში მოთავსდა, გამომცდელად უთხრა: გეტყობათ, რუსი არ უნდა იყოთ.

– დიახ. მე ამერიკელი ვარ. „ეფბეერის“ უფროსი აგენტი პაულ შულცი. ეროვნებით გერმანელი, – წარუდგა სტუმარი მასპინძელს.

– გისმენთ, ბატონო შულც, – ინგლისურზე გადავიდა ცირა.

– მიკიბ-მოკიბვვის გარეშე გეტყვით, რომ თქვენთან საქმიანი წინადადება გვაქვს. ვიცით, რომ საბჭოთა კავშირის დროს მილიციამ მამედოვის ნარკოსინდიკატში ჩაგნერგათ და მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდით. გვინდა, რომ ჩვენ დაგვეხმაროთ, რა თქმა უნდა, გასამრჯელოს საფასურად. თანხა კი საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება, – თქვა შულცმა.

– უარი რომ ვთქვა? – იკითხა ცირამ.

– მაშინ, სინდიკატში შეიტყობენ, თუ ვინ ხართ სინამდვილეში, – მშვიდად თქვა შულცმა.

– რას მოითხოვთ ჩემგან? – თქვა ცირა აბულაძემ.

– მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციას, თუ როდის ჩამოვა ბაქოში 2 ტონა ჰეროინი, რომელიც კონტინენტურ ევროპაში უნდა გაიგზავნოს, მისი ტრანსპორტირების ზუსტი მარშრუტი და სხვა რეკვიზიტები, – თქვა სტუმარმა.

– რამდენს იხდით ინფორმაციაში? – იკითხა მასპინძელმა.

– ორმოცდაათი ათას დოლარს – წინასწარ. ორმოცდაათსაც – შემდგომ, როდესაც ეს ტვირთი ჩვენს ხელში იქნება, – მიუგო შულცმა.

– ფული გადაიხადეთ და ყველაფერს ზუსტად გეტყვით, – მშვიდად თქვა ქალმა.

შულცს გაეცინა. თავი გააქნია, პატარა სპორტული ჩანთა გახსნა და ცირას უთხრა:

– აი, ფული! თქვით და 50 ათასი დოლარი თქვენი იქნება.

– ჯერ თანხა! – მოკლედ თქვა ცირამ.

შულცს კვლავ გაეცინა. ჩანთიდან ხუთი დასტა ასდოლარიანები მაგიდაზე ამოალაგა და ქალს შეხედა. ცირამ დასტები აიღო და გვერდით ოთახში გავიდა. ხუთიოდე წუთის მერე დაბრუნდა და სტუმარს უთხრა:

– ჰეროინი უკვე ბაქოშია. მას ხვალ საღამოს ბაქოდან ბარჟა „ნევტიანიკით“ მახაჩკალაში გადაიტანენ. იქიდან კი თბილისში ჩამოვა და აქ მე უნდა დავხვდე და სარფის საზღვრამდე გავაცილო.

– უტყუარი ინფორმაციაა? – დააზუსტა შულცმა.

– თავს დავდებ, – მიუგო აბულაძემ.

– კარგი. დანარჩენ თანხას ზეგ დილით მიიღებთ. მას ჩემი კოლეგა აარონ ფიში მოგიტანთ. წითური, მაღალი კაცია, – თქვა შულცმა.

ორმაგი აგენტი

როგორც შულცი შეჰპირდა, აარონ ფიშმა ცირას 3 სექტემბერს, დილის 8 საათზე მიუტანა 50 ათასი დოლარი და წავიდა. სულ რაღაც ნახევარ საათის მერე კი ქალს მანქანამ მიაკითხა. მძღოლმა ის ბაქოში წაიყვანა. მგზავრობისას კი უთხრა:

– ღამის 2 საათზე ბარჟა შუა კასპიის ზღვაში აფეთქდა და მთელი „ტავარი“ დაიწვა. ექვსივე გამცილებელი და ეკიპაჟის ოთხივე წევრი კი დაიღუპა. ბოსი დიდ სხოდკას ატარებს და ბაქოში ამიტომ მივდივართ.

ბაქოში ნარკოსინდიკატის შეფი ორხან მამედოვი და მისი ჩეჩენი პარტნიორი ომარ აბდულაევი, აგრეთვე, სინდიკატის კიდევ ხუთი წევრი, პლუს ცირა აბულაძე შეიკრიბნენ. ბოსები იმის გარკვევას ცდილობდნენ, თუ ვინ იყო მათ გაერთიანებაში „თხუნელა“. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ჰეროინი კონკურენტებმა გაუნადგურეს იმ მიზნით, რომ საკუთარი გაეყიდათ. კონკურენტებად კი იტალიელებს მიიჩნევდნენ, კონკრეტულად პაოლო მაზარინის დაჯგუფებას, რომელიც საგრძნობლად გააქტიურდა ავღანურ ტრანზიტთან დაკავშირებით. ბოსები აბსოლუტურად მართლები იყვნენ. თუმცა მათ არ იცოდნენ, რომ იტალიელებს „ეფბეერის“ ორი აგენტი, შულცი და ფიში ეხმარებოდნენ. სწორედ, მათ განახორციელეს ბარჟის აფეთქება და იმ დროს, როდესაც ბაქოში „სხოდკა“ იმართებოდა, ფიში და შულცი თბილისში „ეფბეერის“ სპეცჯგუფმა დააპატიმრა, რომელიც სპეციალურად შტატებიდან გამოგზავნეს.

საქმე კი ის იყო, რომ ცირა აბულაძე „ეფბეერმა“ ჯერ კიდევ 2 წლის წინ გადაიბირა და სპეცოპერაციებში ჩართო. ის მათი საიდუმლო აგენტი გახდა. „ეფბეერს“ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი თანამშრომლები ნარკომაფიაში იყვნენ ჩართულები და ისინი, სწორედ, ცირამ გამოავლინა.

ბაქოს „სხოდკა“ რომ დასრულდა, ცირა „ეფბეერელებმა“ ფარულად აიყვანეს თვითმფრინავში და შტატებში გაამგზავრეს, რადგან მისი გამოაშკარავება დროის ამბავი იყო. შულცს, ფიშსა და კიდევ მათ სამ კოლეგას სასამართლომ პატიმრრობის 20-20 წელი მიუსაჯა. 100 ათასი დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინას ჩაბარდა. ცირა აბულაძე კი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 23 – 29 მაისი