კრიმინალური ისტორიები

როგორ გახდა მეიდანში დაბადებული კაცი ტერორისტი

№20

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 26.05, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების სახელები შეცვლილია. მათთან ვინმეს მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

თანაგუნდელები

მუჰამედ კასიმოვი და მიხეილ ფიჩხაძე თანაგუნდელები იყვნენ, სპორტსაზოგადოება „დინამოს“ ტყვიით მსროლელთა ნაკრების წევრები. მათ არაერთი საკავშირო თუ საერთაშორისო გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული სპორტის ამ სახეობაში. 1935 წელს დაბადებული კასიმოვი მეიდნელი, მასზე ერთი წლით უმცროსი ფიჩხაძე კი სოლოლაკელი იყო. 1962 წელს საკავშირო „დინამოს“ ნაკრების შემადგენლობაში მყოფი ორივე სპორტსმენი ეგვიპტეში საერთაშორისო შეჯიბრებაზე გაემგზავრნენ. მაგრამ კასიმოვი ერთ საღამოს გაუჩინარდა და ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ, ვერავინ გაიგო. ერთი ვერსიით, საბჭოთა სპორტსმენი ადგილობრივმა ექსტრემისტებმა მოიტაცეს ან მოკლეს და ცხედარი გადამალეს. მეორე ვერსიით კი – კასიმოვი გაიქცა. თუმცა არცერთი ვერსია არ დასტურდებოდა და ვერც ეგვიპტის ძალოვანმა სტრუქტურებმა მიაგნეს კვალს. შეჯიბრებიდან საბჭოეთში დაბრუნებული ნაკრების წევრები „კაგებეში“ რამდენიმეჯერ დაჰკითხეს და საზღვარგარეთ გასვლა აუკრძალეს. თუმცა, ერთი წლის მერე 1963 წელს 27 წლის მიხეილ ფიჩხაძე მშობლებთან ერთად ისრაელში გაემგზავრა საცხოვრებლად. ის ებრაელი იყო და გამგზავრების უფლება მისცეს.

მონადირეები

1972 წლის 6 სექტემბერს, ზაფხულის ოლიმპიადის დღეებში, რომელიც გერმანიის ქალაქ მიუნხენში ტარდებოდა, პალესტინელმა ტერორისტებმა ისრაელის დელეგაციის 11 წევრი მოკლეს. ეს იყო იმ პერიოდისთვის არნახული ტერორისტული აქტი და მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. სულ მალე კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, გოლდა მეირმა საიდუმლო ბრძანებით „მონადირეთა“ სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელშიც ძირითადად, პროფესიონალი სამხედროები და უშიშროების თანამშრომლები შედიოდნენ. მათი მთავარი მოვალეობა კი პალესტინელი ტერორისტების გამოვლენა და ლიკვიდაცია იყო. ძირითადად იმ ტერორისტების, ვინც მიუნხენში ებრაელები დახოცეს და გაქცევა მოახერხეს. ტერორისტების ნაწილი მიუნხენშივე დაიღუპა აფეთქების დროს და გერმანიის პოლიციასთან შეტაკებაში. სპეცჯგუფს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა ემოქმედა, თანაც საიდუმლოდ. არსებობდა ტერორისტების სია და იქ ჩამოთვლილი ყველა ადამიანი უნდა მოეკლათ. სპეცჯგუფი უმაღლეს დონეზე იყო მომზადებული და დიდი წარმატებით ახორციელებდა დაკისრებულ საქმეს – ავლენდა ტერორისტებს და მათ სხვადასხვა ხერხის გამოყენებით ანადგურებდა. ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი აარონ მიხეილი იყო – იგივე მიხეილ ფიჩხაძე.

შეხვედრა

მას მერე, რაც მიხეილ ფიჩხაძე ისტორიულ სამშობლოში გაემგზავრა, პირველ რიგში, ჯარში წავიდა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაევლო, რაც აუცილებელი იყო ისრაელის ყველა მოქალაქისთვის. მას სწორედ ჯარში შესთავაზა „მოსადმა“ (ისრაელის დაზვერვა) მათ რიგებში გაწევრიანება და ფიჩხაძემ თანმხობა განაცხადა, საგანგებო მომზადება გაიარა და ამ უწყების სპეციალური აგენტი გახდა. ამაში კი ფიჩხაძეს სპორტსმენობა დაეხმარა. „მონადირეთა“ ჯგუფში მოხვედრამდე მიხეილმა რამდენიმე საიდუმლო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც წარმატებით დასრულდა. „მონადირეებში“ კი მიხეილი საუკუეთესო მსროლელი იყო. 1974 წელს „მონადირეების“ სადაზვერვო ჯგუფმა შეიტყო, რომ ტერორისტთა სიის წევრი, პალესტინელი კასიმ-კასიმი შვეიცარიის ქალაქ ბერნში, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინას აფარებდა თავს. ჯგუფმა ყველაფერი მოამზადა ტერორისტის სალიკვიდაციოდ და ეს მისია მიხეილს დაევალა. ფიჩხაძე შვეიცარიელი პოლიციელის ფორმით უნდა მისულიყო კასიმ-კასიმთან, ვითომდა საბუთების შესამოწმებლად და უნდა მოეკლა. ეს ტერორისტი კი მუჰამედ კასიმოვი იყო, რომელიც ეგვიპტეში შეჯიბრების დროს გაუჩინარდა. ის ადგილობრივმა რადიკალებმა მოიტაცეს. შემდგომ კი გადაიბირეს და ტერორისტად გადააქციეს... მიხეილის მისიის შესრულებას თითქოს არაფერი ედგა წინ, მაგრამ ორივე შვეიცარიის მილიციამ დააპატიმრა, რომელიც კუდზე აჯდა მიხეილს.

„მოსადმა“ იმდენი გააკეთა, რომ მიხეილი გაათავისუფლეს. კასიმ-კასიმი კი ბადრაგირებისას საბადრაგო მანქანაში აფეთქდა და დაიღუპა. ნიშანდობლივი ის იყო, რომ აფეთქების ადგილზე კიდევ ოთხი ბადრაგი იმყოფებოდა და არცერთს არაფერი მოსვლია. ეს იყო მიზანმიმართული მკვლელობა, რომლის შემსრულებელი ვერ აღმოაჩინეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი