კრიმინალური ისტორიები

როგორ გახდა ავლაბარში დაბადებულ-გაზრდილი კაცი რუსეთში მილიონერი

№22

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 09.06

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

თბილისელი ფარმაცევტი

ავლაბრელი ლეონიდ მურადიანი 1945 წლის 2 ივლისს იყო დაბადებული, თუმცა 1975 წლიდან ქალაქ ვლოდივოსტოკში ცხოვრობდა, რომლის დაარსების თარიღიც – 2 ივლისი მის დაბადების დღეს ემთხვეოდა. ლეონიდი, იგივე ლიოვა მურადიანი, პროფესიით ფარმაცევტი იყო და საუცხოოდ ერკვეოდა ამ საქმეში. ის პროვიზორად მუშაობდა ცენტრალურ აფთიაქში, პარალელურად კი, იცნობდა რა ვლოდივოსტოკის კრიმინალურ სამყაროს, პატარ-პატარა თაღლითობებშიც მონაწილეობდა, რაც, ძირითადად, უცხოელების „გადაგდება“ იყო. „პერესტროიკის“ დაწყებისთანავე ლიოვამ ქალაქში თონის პურის საცხობი გახსნა და სულ რაღაც 6 თვის შემდეგ ათჯერ გაზარდა თავისი ბიზნესი. ერთ წელიწადში კი 700 000 მოსახლიან ვლადივოსტოკში, ძირითადად, ქართულ პურს ყიდულობდნენ და მას უზარმაზარი შემოსავალი ჰქონდა. ლიოვა მოგების ნახევარს კრიმინალებს უნაწილებდა, ისინი კი თბილისელს „კრიშავდნენ“ და მას ვერავინ ეკარებოდა. მურადიანის ბიზნესის წარმატების საიდუმლო გემრიელ პურში იყო და ლიოვას საცხობები კლიენეტებს ვერ აუდიოდა. 1988 წლისთვის მურადიანს ვლადივოსტოკის პურის ბაზრის 75 პროცენტი ეკავა.

პურის გემოს საიდუმლო

ლიოვა მურადიანის პურის ასეთი პოპულარობის საიდუმლო კი ის იყო, რომ „შებერტყილი“ ავლაბრელი ფარმაცევტი ცომში ოპიუმის სითხეს ურევდა. ლიოვამ, როგორც ფარმაცევტმა საუცხოოდ იცოდა, რომ სულ მცირე დოზის ოპიუმი, ფაქტობრივად, არავის არაფერს ავნებდა. სამაგიეროდ, მიჩვევას იწვევდა და ვინც ამ პურს ერთხელ მაინც გაუსინჯავდა გემოს, უკვე რეგულარულად მისი მყიდველი გახდებოდა. ოპიუმს კი ლიოვა ნაცნობ-მეგობარი ფარმაცევტებისგან ყიდულობდა. ერთი სიტყვით, ლიოვა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს სჩადიოდა, მაგრამ ამას ვერავინ ხვდებოდა. ის ვლადივოსტოკში ძალიან დაფასებული ადამიანი იყო. ხშირად მართავდა საქველმოქმედო ღონისძიებებს – საბავშვო ბაღებსა და სკოლებში საჩუქრებს არიგებდა, ეხმარებოდა ხელმოკლე ოჯახებს, 2 ივლისს კი საკუთარი დაბადებისა და ვლოდივოსტოკის დაარსების დღეს სხვადასხვა გრანდიოზულ ღონისძიებას ატარებდა. ერთი სიტყვით, მურადიანი დიდად წარმატებული ადამიანი გახდა და ეს წარმატება მას ქართული პურის ბიზნესმა მოუტანა, რომელშიც პროფესიონალმა ფარმაცევტმა ოპიუმი გაურია.

ექსპერტიზის დასკვნა

ვლადივოსტოკში ვინმე ვიქტორ გუცმანი ცხოვრობდა, რომელიც თავდაპირველად პურის ქარხნის დირექტორი იყო, შემდგომ კი მისი მფლობელი გახდა. სწორედ მან შესთავაზა ლიოვას შეამხანაგება, რაზედაც უარი მიიღო. გუცმანი მურადიანზე 10 წლით უფროსი იყო. ძველი პარტიული. ფულის კეთებას შეჩვეული და ლიოვამ კი მას ეს შანსი მოუსპო. ამიტომ გუცმანმა მურადიანის მოშორება გადაწყვიტა. მაგრამ მურადიანს კრიმინალები მფარველობდნენ. გუცმანმა რომ თბილისელს ვერაფერი მოუხერხა, იეჭვა – პურში რაიმე ნივთიერებას ხომ არ ურევს, რაც ადამიანების მასზე დამოკიდებულებას იწვევსო, ანუ გუცმანი სწორად მიხვდა ყველაფერს. მით უმეტეს, იმიტომ, რომ იცოდა, ლიოვა ფარმაცევტი იყო. გუცმანმა სხვადასხვა საცხობში ქართული პერის რამდენიმე ნიმუში შეიძინა. ისინი მოსკოვში წაიღო და სპეციალურ ლაბორატორიაში შეამოწმებინა ექსპერტიზის დასკვნა ცალსახა იყო და ეწერა, რომ ყველა ნიმუშში ოპიუმის ძალიან მცირე დოზა ფიგურირებდა. სულ რაღაც ერთ კვირაში გუცმანი პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ვლოდივოსტოკში დაბრუნდა და ლიოვა მურადიანიც დააპატიმრეს. მისი ბიზნესი კი დახურეს.

ახალ ამპლუაში

ლიოვა მურადიანის დაპატიმრებამ ქალაქში დიდი პროტესტი გამოიწვია. მართალია, ბრალდება ძალიან სერიოზული იყო, მაგრამ ხალხი მის გამოშვებას მოითხოვდა და 1990 წელს რამდენიმე საპროტესტო აქციაც კი გაიმართა. ლიოვას კი 11 წელი ჰქონდა მისჯილი და ერთადერთი შეღავათი ის იყო, რომ სასჯელს ვლადივოსტოკში იხდიდა. იქ კი მეფესავით იყო, რადგან კრიმინალები მფარველობდნენ. რაღაც დროის შემდეგ კი ვიქტორ გუცმანი საკუთარ ქარხანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მილიციამ ეს თვითმკვლელობად შეაფასა და საქმე დახურა. თუმცა ხალხში ხმა დაირხა, რომ გუცმანი საიქიოში „შავმა სამყარომ“ გაისტუმრა ლიოვას „ჩაშვებისთვისო“. ამასობაში საბჭოეთი დაიშალა. 1992 წელს ლიოვა ციხიდან გამოუშვეს და მან ახალი ბიზნესი წამოიწყო. რა თქმა უნდა, კრიმინალების „ხელდასხმით“. მურადიანი იაპონიიდან მანქანების ექსპორტს ახორციელებდა. შემდგომ კი რუსეთის ევროპულ ნაწილსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაჰქონდა. ახალ ამპლუაში ლიოვა ლეგალური მილიონერი გახდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №33

15-21 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მამუკა ონაშვილი

როგორ აიტანა საშინელი ტკივილი მამუკა ონაშვილმა მეგ...