კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიქცა ქართველი ფიზიკოსი რუსეთის ციხეებიდან ორჯერ

№6

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 18.02

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

 

განაჩენი

1975 წლის 14 მაისს 25 წლის თბილისელმა პავლე ზაქარიაძემ თავისი მეუღლე, 29 წლის ოლგა სოროკინა სანადირო თოფით მოკლა, ხოლო 30 წლის სერგეი როგოვი კი მსუბუქად დაჭრა ფეხში, რომელმაც გაქცევით უშველა თავს. პროფესიით ფიზიკოსი პავლე ზაქარიაძე ყელამდე თავის საქმიანობაში იყო ჩართული. სოროკინა კი მას როგოვთან ღალატობდა. პავლე, ალბათ, ვერც ვერაფერს მიხვდებოდა, რომ არა როგოვის მეუღლე, ალა გორინა. სწორედ, მან აუწყა ფიზიკოსს ცოლის ამბავი. პავლემ მეუღლე მოატყუა – თითქოს მივლინებაში მიდიოდა და მეზობელთან დაიმალა. ხოლო როდესაც მის მეუღლესთან საყვარელი მოვიდა, პავლემ სანადირო თოფს სტაცა ხელი და ჯერ კარს ესროლა და ბინაში შევარდა. შემდგომ ცოლს და ადგილზევე მოკლა. სანამ პავლე თოფს ტენიდა, როგოვი ფანჯრიდან გაიქცა და პავლემ მას შორიდან ესროლა და მხოლოდ მსუბუქად დაჭრა. უმაღლესმა სასამართლომ ღალატის ფაქტი გაითვალისწინა და ძალიან პერსპექტიულ, ახალგაზრდა ფიზიკოსს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პავლე ზაქარიაძე 6 თვე ორთაჭალის ციხეში იჯდა. შემდგომ ის ეტაპით ციმბირში გაგზავნეს და ტაიგის პირას, მდინარე ამურთან მდებარე მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში გაამწესეს. კოლონიაში 400 ადამიანი იხდიდა სასჯელს, რომელთა შორის ის ყველაზე „მცირესროკიანი“ – 10-წელმისჯილი პატიმარი იყო...

პირველი გაქცევა

კოლონიაში ცოლის მკვლელი პავლე ზაქარიაძე პატიმრებმა კარგად მიიღეს, მას პატივს სცემდნენ. ახალგაზრდა ფიზიკოსი კარგი მთხრობელი, განათლებული ადამიანი იყო და თანაკოლონიელები ამით მოხიბლა. გარდა ამისა, პავლეს ოქროს ხელი ჰქონდა და მან გუგულიანი საათის აწყობა შეძლო, რომელიც ბარაკში ეკიდა და ყოველ ერთ საათში „ქურდი კაცის“ მელოდიის ნაწყვეტს უკრავდა. კოლონიაში მცირე საამქრო იყო დაზგებითურთ. ძირითადად, იქ იაფფასიანი საუწყებო ავეჯი მზადდებოდა და „ქურდებისა“ და „ქურდობის“ მსურველი პატიმრების გარდა, ყველა მუშაობდა. კოლონიის ადმინისტრაციამ ამ საამქროს ხელმძღვანელად პავლე დანიშნა. ის ბრწყინვალედ ერკვეოდა ამ საქმეში და როდესაც რომელიმე აგრეგატი წყობიდან გამოდიოდა, სწორედ, პავლე ზაქარიაძე არემონტებდა. ამიტომ, პავლე ერთგვარი პრივილეგიებით სარგებლობდა. მას მაინცდამაინც დიდად არ აკონტროლებდნენ და ზაქარიაძე თავისუფლად გადაადგილდებოდა ზონის მთელ ტერიტორიაზე. ამგვარად, პავლე ზაქარიაძემ მოახერხა და ზონის საამქროში ასაწყობი დელტაპლანი შექმნა, რომელიც დაშლილ მდგომარეობაში, ძალიან ოსტატურად ჰონდა დამალული. შემდეგ მძლავრი რეზინა დაწნა და 1976 წლის 27 ივნისს, გამთენიისას პავლემ საფრენი მოწყობილობა ბარაკების სახურავზე აიტანა. დელტაპლანი ააწყო, მას რეზინა მოარგო, შემდეგ გაქანდა და რეზინამ ის შურდულივით ისე გატყორცნა, რომ მდინარე ამურს გადააფრინა და პავლე გაიქცა. ყველაფერი ისე უხმოდ მოხდა, რომ პატიმრის გაქცევის შესახებ მხოლოდ დილის 9 საათზე შეიტყვეს. მას მდევარი დაადევნეს, მაგრამ ვერსად მოიხელთეს.

მეორე გაქცევა

პავლე 6 თვის განმავლობაში იყო მიმალვაში და ის 28 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეებში, მილიციამ თბილისის სადგურზე დააპატიმრა. დევნილი ფიზიკოსი დედაქალაქიდან ქუთაისში, თავის შორეულ ნათესავთან მიემგზავრებოდა. მატარებელში ჩაჯდომის წინ კი ახალგაზრდა გოგონას გამოესარჩლა, რომელსაც ვიღაც ჯმუხი მამაკაცი შეუჩნდა. ჩოჩქოლზე მილიცია მოვიდა. პავლემ გაქცევა სცადა, მაგრამ ვაგონი ბლოკირებული იყო და ის დააკავეს. მილიციის განყოფილებაში კი იდენტიფიკაცია მოახდინეს და როდესაც მისი ვინაობა შეიტყვეს, მკაცრ იზოლაციაში მოათავსეს. ორ კვირაში პავლე ისევ გაასამართლეს, გაქცევისთვის 3 წელი დაუმატეს და ურალში უკრეს თავი. ამჯერად უკვე მკაცრი რეჟიმის ციხეში, საიდანაც გაქცევა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. პავლემ ამ ციხეშიც მოიპოვა პატიმრების პატივისცემა, თუმცა ამჯერად მასზე ყოველგვარი შეზღუდვები ვრცელდებოდა და ციხის ადმინისტრაცია მკაცრად აკონტროლებდა მას. მიუხედავად ამისა, ციხეში კანონით დაშვებული ნივთიერებების (ნიტროგლიცერინი, „მარგანცოვკა“ და ასე შემდეგ) გამოყენებით ასაფეთქებელი მოწყობილობა გააკეთა. ხოლო მუშაობდა რა ციხის მოსამსახურე პერსონალად („აბსლუგა“) სამრეცხაოში კედელი ააფეთქა და სანამ გაირკვეოდა, თუ რა მოხდა, გაქცევით უშველა თავს. ამჯერად პავლემ თითქმის 2 წელიწადი დაჰყო „სვაბოდაზე“ და ის მოსკოვში, კონსპირაციულ ბინაში დააპატიმრეს, სადაც ქვრივ ქალთან იმალებოდა. პავლე ქალის მეზობელმა მამაკაცმა „ჩაუშვა“ და ზაქარიაძე 1978 წლის 10 სექტემბერს აიყვანეს...

ახალ ამპლუაში

პავლე ზაქარიაძე კვლავ გაასამართლეს და 3 წელი დაუმატეს. ხოლო გაქცევაზე რომ არ ეფიქრა, პავლე ნოვოჩერკასკის ციხეში, ერთადგილიან საკანში განათავსეს. ეს ციხე იმით იყო ცნობილი, რომ ზედამხედველებად იქ ქალები მსახურობდნენ. ისინი ისე იყვნენ გამოწვრთნილები, რომ ადამიანების შებრალება არ იცოდნენ. პავლემ იქიდანაც სცადა გაქცევა და გადაწყვიტა, ზედამხედველი გოგონა მოეხიბლა, რომელიც მას ციხიდან გაიყვანდა. ქართველმა ფიზიკოსმა გაქცევა ვერ შეძლო, მაგრამ 26 წლის კლარა ვეტროვამ, თავისი იურისტი მამიდაშვილის მეშვეობით, პავლეს საქმის გადახედვა მოახერხა. ამასობაში „პერესტროიკა“ დაიწყო და ექვსწლიანი ერთადგილიან საკანში პატიმრობის შემდეგ პავლე ზაქარიაძე ჯერ საერთო საკანში გადაიყვანეს. 1985 წელს კი მას პატიმრობის ვადა შეუმცირეს და 1986 წლის აგვისტოში ციხიდან გაათავისუფლეს. 36 წლის ქართველმა ფიზიკოსმა კლარა ვეტროვა ცოლად მოიყვანა და როსტოვში დასახლდა. იქ კი 1987 წელს ელეტრომოწყობილობის მცირე საწარმო გახსნა. შემდგომ შესაბამისი ფირმა დააარსა და ბიზნესმენი გახდა. ყოფილ დევნილ პატიმარს სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა, რომლებიც დღესდღეობით მამის მიერ დაარსებულ ფირმას ხელმძღვანელობენ. პავლე და კლარა კი დღესაც როსტოვში ცხოვრობენ, შვილიშვილებს უვლიან და 70 წლის პავლე ამ ახალ ამპლუაში შესანიშნავად გრძნობს თავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

12-18 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

კვირის დღეების ასტროპროგნოზი