კრიმინალური ისტორიები

„სიძემ სიმამრს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, ოთახებში ნავთი მოასხა, ცეცხლი წაუკიდა და იქაურობას მოშორდა“- როგორ გაიხსნა სისხლიანი ძარცვის საქმე 12 წლის შემდეგ

№27

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 14.07, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების სახელები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია და წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ხანძარი

1978 წლის 16 მარტს ქართლის ერთ-ერთ სოფელში 55 წლის კოტე მაზიაშვილს სიძემ, ნოდარ კვალიაშვილმა საღამოს 10 საათზე მიაკითხა და სესხად 500 მანეთი სთხოვა. სიმამრმა სიძეს უარი უთხრა, უსაქმური „კარტოჟნიკი“ უწოდა და ძველი ვალის, 200 მანეთის დაბრუნება მოსთხოვა. ამის გამო კაცებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა და მათ ერთმანეთს მუშტები დაუშინეს. ხელჩართული ჩხუბის დროს სიძემ სიმამრს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა და ძირს დასცა. შემდგომ თავი გულზე დაადო, პულსი გაუსინჯა და უმოძრაო სიმამრი მკვდრად მიიჩნია. შემდეგ პირველ სართულზე ჩავიდა, ნავთი მოიძია, ოთახებში მოასხა, ცეცხლი წაუკიდა და იქაურობას მალულად მოშორდა. ოთხასიოდე მეტრი რომ გაიარა, გორაკზე შედგა და აგიზგიზებულ სახლს თვალი შეავლო. შემდეგ კი ნაბიჯს აუჩქარა და თავისი ძმის სახლისკენ გაემართა. შემთხვევის ადგილზე მისულ მეხანძრეებს სახლი უკვე დაფერფლილი დახვდათ. დათვალიერებისას მათ იქ დანახშირებული ცხედარი აღმოაჩინეს.

აღიარებითი ჩვენება

ნოდარ კვალიაშვილმა თავის ძმას, გურამს ყველაფერი მოუყვა და სთხოვა, მისთვის ალიბი გაეკეთებინა და ეთქვა, რომ ხანძრის ღამეს ნოდარი გათიშული მთვრალი იყო და შუადღემდე ეძინა. იმ პერიოდში ნოდარის მეუღლე, ინგა მაზიაშვილი თავის ორ შვილთან ერთად ბაკურიანში იყო დასასვენებლად. 17 მარტს ორივე ძმა გამომძიებელმა დაჰკითხა და მათ ერთნაირი პასუხი გასცეს. ამ საქმეს რაიონის პროკურატურა იძიებდა, რომელსაც გივი პაპაშვილი უძღვებოდა. 38 წლის პაპაშვილი საუკეთესო გამომძიებლად მიიჩნეოდა და მას არაერთი ჩახლართული საქმე ჰქონდა გახსნილი. პაპაშვილი არასოდეს აკეთებდა კომენტარს და დაზარალებულ მხარეს საქმიდან მხოლოდ იმ დეტალებს აცნობდა ხოლმე, რაც მისი აზრით, ძიებისთვის იყო საჭირო. პაპაშვილმა ნოდარ კვალიაშვილი მეორედაც დაჰკითხა და გაუშვა. სიძე კი ადგილს ვერ პოულობდა, ცოლს თვალს არიდებდა და ამ ამბიდან მეათე დღეს, ანუ 27 მარტს, პაპაშვილს პროკურატურაში ეახლა და სიმამრის მკვლელობის შესახებ საკუთარი ხელით დაწერილი აღიარებითი ჩვენება მიუტანა. პაპაშვილმა ყურადღებით წაიკითხა ჩვენება და ნოდარს ჰკითხა:

– აქ წერთ, რომ სიმამრი თავში ჩაქუჩის ჩარტყმით მოკალით და ხომ არაფერი გეშლებათ?

– არა. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც აქაა აღწერილი და არაფერი მეშლება, – თქვა ნოდარმა.

– კარგი, გასაგებია, – თქვა პაპაშვილმა და დაამატა, – ახლა მოდი, ასე მოვიქცეთ: არავის არაფერი მოუყვეთ და სახლში წადით. როცა საჭირო იქნება, მე თვითონ გამოგიძახებთ. აქ სხვაგვარადაა საქმე. თქვენ სიმამრი არ მოგიკლავთ და სახლში აღმოჩენილი ცხედარი თავში ორი გასროლითაა მოკლული. იცოდეთ, სიტყვა არავისთან დაძრათ.

სისხლიანი ძარცვა

ექსპერტიზის დაკვნით, სახლში დანახშირებული ცხედარი „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტიდან თავში ორი გასროლით იყო მოკლული. ეს კი სიძის ჩვენებას არ ემთხვეოდა, ხოლო ნოდარ კვალიაშვილი რომ სიმართლეს ლაპარაკობდა, ამაში პაპაშვილს ეჭვიც არ ეპარებოდა. გამომძიებელმა შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ტყვიის გულების მონაცემები მოსკოვში, საკავშირო ცენტრალურ მასროთეკაში გაგზავნა და პასუხი მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ 1966 წლის თებერვალში სწორედ ამ იარაღიდან გასროლილი ტყვიებით იყვნენ მოკლული მოსკოველი იუველირი ცოლ-ქმარი – სარა და მიხეილ ბერიძეები. მათი ბინიდან კი, როგორც მათმა ვაჟმა განაცხადა, ძვირფასი თვლების უმდიდრესი კოლექცია იყო წაღებული. მილიციამ კი ბოროტმოქმედთა კვალს ვერ მიაგნო და ვერც მათი ვინაობა დაადგინეს და ვერც რაოდენობა. გივი პაპაშვილის ვერსიით, კოტე მაზიაშვილს ამ დანაშაულთან ჰქონდა კავშირი და გამომძიებელი ფიქრობდა, რომ მაზიაშვილი ცოცხალი იყო. ამიტომ, 55 წლის კოტე მაზიაშვილზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა და მისი ფოტოსურათები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიგზავნა. და, მართლაც, 1978 წლის 20 ივლისს კოტე მაზიაშვილი მილიციამ ქალაქ სოჭის პორტში დააკავა. ჩხრეკისას კი მას იუველირი ბერიძეების ბინიდან წაღებული ძვირფასეულობის კოლექცია აღმოუჩინეს. მაზიაშვილმა აღიარა, რომ ცოლ-ქმარი მისმა „პაძელნიკმა“ ალექსეი კამენევმა დახოცა და კამენევი კი მან თავის სახლში ორი გასროლით მოკლა. მაზიაშვილის თქმით, როდესაც ცოლ-ქმარი გაძარცვეს და ძვირფასეულობა წაიღეს, კამენევი სამი დღის შემდეგ ძველ საქმეზე, ყაჩაღობისთვის დააპატიმრეს და 11 წელი მიუსაჯეს. ციხიდან რომ გამოვიდა, კამენევმა მაზიაშვილი მოძებნა და თავისი წილი მოსთხოვა. მათ კონფლიქტი მოუვიდათ და მასპინძელმა ძველი „პაძელნიკი“ მოკლა და სარდაფში დააგდო. ამ დროს კი მას სიძე ეწვია, ფული სთხოვა და კონფლიქტი რომ მოუვიდათ და სიძემ მას ჩაქუჩი ჩაარტყა, გათიშა და სახლს ცეცხლი წაუკიდა, სწორედ ამ დროს მოვიდა გონზე მაზიაშვილი და გადაწყვიტა, გამქრალიყო.

მაზიაშვილს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ნოდარ კვალიაშვილს კი სამწლიანი პირობითი სასჯელი გამოუტანეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი