კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიხსნა მსხვილი ჯაშუშობის საქმე

№42

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 28.10, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

სონია-„ფისო“

1978 წლის 25 ივნისს თბილისის სატრანსპორტო მილიციის თანამშრომლებმა ცენტრალური ვაგზლის მოსაცდელ დარბაზში 29 წლის სოფია პავლენკო, იგივე სონია-„ფისო“ დააკავეს. პავლენკოზე საკავშირო ძებნა იყო გამოცხადებული. მას თაღლითობისა და ბინის მრავალჯერადი ქურდობისთვის ეძებდნენ. პავლენკო წარმოშობით სვერდლოვსკიდან იყო. მისი ქმარი, ცნობილი მძარცველი რეციდივისტი ვალენტინ შპაკი, მეტსახელად – „ბეცი“, 1971 წელს დახვრიტეს ინკასატორის მკვლელობისთვის. მას მერე დაქვრივებული სოფია პავლენკოც კრიმინალის გზას დაადგა. „ფისო“ ერთმა სვერდლოვსკელმა ქალმა იცნო, რომელიც ბათუმში მიემგზავრებოდა დასასვენებლად და სადგურის მილიციას შეატყობინა. დაკავებულს ორი დიდი ჩემოდანი აღმოაჩნდა. ჩხრეკისას მილიციამ იმპორტული საყოფაცხოვრებო ნივთები იპოვა, ასევე, ძვირფასეულობა, იაპონური ტრანზისტორი და 25 ათასი ამერიკული დოლარი. „ფისო“ თბილისის მილიციის სამმართველოში გადაიყვანეს. მან დაკითხვისას განაცხადა, რომ ეს ნივთები ვინმე გივის ბინიდან მოიპარა, რომელიც ამჟამად მივლინებაში იმყოფებოდა მოსკოვში. პავლენკომ მისამართიც დაასახელა და აღმოჩნდა, რომ გივი ვაკეში, ერთ-ერთ ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა. სოფია პავლენკო თავის ჩვენებაში წერდა: „მე ვეცნობი მარტოხელა მამაკაცებს და მათთან ბინაში ვსახლდები. ყველაფერს გულდასმით ვათვალიერებ ხოლმე. შემდეგ ბინის კარის გასაღების ანაბეჭდს ვიღებ, ჩემთვის გასაღებს ვამზადებ და ხელსაყრელ მომენტს ვარჩევ, როდესაც ისინი სახლში არ არიან. შევდივარ და ბინებს ვქურდავ. რაც შეეხება გივის, ის გუშინ მოსკოვში გაფრინდა. დღეს დილით კი მის ბინაში შევედი და მშვიდად გავქურდე“.

„ფისოს“ ამოღებული 25 ათასი დოლარი იმ პერიოდისთვის კოლოსალური თანხა იყო. თანაც „კაგებეს“ იურისდიქციაში ექცეოდა. ამიტომ, სოფია პავლენკო მილიციამ უშიშროების კომიტეტს გადასცა.

ჯაშუშის კვალი

სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა საქმეს ჩვეული პროფესიონალიზმით მოჰკიდა ხელი. დადგინდა, რომ ვინმე „გივი“ 41 წლის გურამ სარდიონის ძე ბუღაშვილი იყო. ის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს ფლობდა და თბილისის საავიაციო ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროში მუშაობდა, რომელიც საიდუმლო ობიექტს წარმოადგენდა. პარალელურად კი, ბუღაშვილი საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავიაციო ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობდა. ის, მართლაც, მოსკოვის საავიაციო ქარხანაში იმყოფებოდა მივლინებით. ბუღაშვილს შვილი არ ჰყავდა. მეუღლე ათი წლის წინ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. „ფისოსგან“ მილიციას დოლარები რომ არ ამოეღო, ეს საქმე უშიშროებაში არ გადაინაცვლებდა და დაზარალებულს მოპარულ ნივთებსაც უმალვე დაუბრუნდნენ, მაგრამ სავალუტო ოპერაციებისთვის საბჭოთა კავშირში დახვრეტა იყო. უშიშროებაში კი დაინტერესდნენ ვალუტის წარმოშობით და ნაქურდალ ნივთებს სკურპულოზური დათვალიერება ჩაუტარეს. აღმოჩნდა, რომ იაპონურ ტრანზისტორში პორტატული, თანამედროვე გადამცემი იყო ჩამონტაჟებული, რასაც ჯაშუშური საქმიანობისთვის იყენებდნენ. ფარულად გაიჩხრიკა ბუღაშვილის ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინა და კონტრმზვერავებმა ერთ-ერთ ყუთში მიკროფოტოაპარატი აღმოაჩინეს, რომელიც სანთებელით იყო შენიღბული და ჯაშუშური საქმიანობისთვის გამოიყენებოდა. შემდეგ, სოფია პავლენკოს დახმარებით, ყველა მოპარული ნივთი თავის ადგილზე დააბრუნეს. მოსკოვში კი, უშიშროების ცენტრალურ აპარატში, შესაბამისი მოხსენება გაიგზავნა და მივლინებაში მყოფ გურამ ბუღაშვილს უკვე უშიშროების კომიტეტის ცენტრალური აპარატის ოპერატიული ჯგუფი დააჯდა კუდზე – მას ოცდაოთხი საათის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი მოსკოველ კოლეგებს ადგილობრივი თანამშრომლებიც შეუერთდნენ და სავარაუდო ჯაშუში მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მოაქციეს.

აგენტის აღიარება

გურამ ბუღაშვილი კონტრდაზვერვამ 1978 წლის 28 სექტემბერს, სამთვიანი თვალთვალის შემდეგ თავისსავე ბინაში აიყვანა. მან აღიარა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვაზე მუშაობდა. ჩხრეკისას კი აღმოაჩნდა უახლესი საბჭოთა სამხედრო-გამანადგურებელი თვითმფრინავის ნახაზების მიკროფირები, რომლებიც საავიაციო ქარხანაში გადაიღო. ბუღაშვილის თქმით, ის თერთმეტი წლის წინ გადაიბირა მისმა მოსკოველმა უფროსმა კოლეგამ პავლე გოტმანმა, რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა. ბუღაშვილის თქმით, სამი თვის წინ კი მას ამერიკის შეერთებული შტატებიდან პორტატული გადამცემი და ახალი მიკროფოტოაპარატი გამოუგზავნეს, რაც ჯაშუშურ საქმიანობაში ეხმარებოდა. მისივე თქმით, ავანსი 25 ათასი დოლარი იყო, შეთანხმების მიხედვით კი კიდევ სამჯერ მეტ (75 ათასი) თანხას გამოუგზავნიდნენ. ამის შემდეგ საზღვარზე გადაიყვანდნენ და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაასახლებდნენ. მანამდე კი მას უახლესი თვითმფრინავის ნახაზები უნდა მოეპოვებინა. ბუღაშვილმა აღიარა, რომ მეუღლე მოკლა, რადგან მან (მეუღლემ) შეიტყო მისი ჯაშუშური საქმიანობის შესახებ. ბუღაშვილის თქმით, მან ქალი ჯერ მოწამლა, შემდეგ კი ვაზისუბანში ძველი სახლის ეზოში, 4 მეტრის სიღრმეზე ჩამარხა. სამწუხაროდ, ქალის გვამის ამოღება ვერ მოხერხდა, რადგან ვაზისუბანში, ზუსტად იმ ადგილზე უკვე კორპუსი იყო აშენებული.

ბუღაშვილი მოსკოვში გაასამართლეს და ლეფონტოვის ციხეში სიკვდილით დასაჯეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი