კრიმინალური ისტორიები

როგორ გადაურჩა სიკვდილმისჯილი ქართველი დახვრეტას

№26

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 07.07

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

სასიკვდილო განაჩენი

1964 წლის 12 მარტს საქართველოს უმაღლესი სასამართლოს საკასაციო პალატამ თამაზ მიხეილის ძე კვირიკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა და 46 წლის კაცს სიკვდილი მიუსაჯეს. რჩებოდა ერთადერთი იმედი – შეწყალება. თუმცა, მაშინდელი საბჭოთა კავშირის მეთაურს, ნიკიტა ხრუშჩოვს ქართველები ჭირივით სძულდა. შეწყალება კი სწორედ მის სახელზე უნდა დაწერილიყო. თამაზ კვირიკაშვილი, ეგრეთ წოდებული, „ცეხავიკი“ იყო. თუმცა, ძალიან მსხვილი მასშტაბისა და საერთაშორისო გაქანების. თამაზი პროფესიით ტყავ-ბეწვეულის ტექნოლოგი იყო. ოფიციალურად ტრიკოტაჟის ფაბრიკაში მუშაობდა ინჟინრად, „გვერდზე“ კი, წავის ბეწვეულის საკერავი საამქრო ჰქონდა უზარმაზარ სამოქალაქო თავდაცვის ბუნკერში, რომელიც ფაბრიკის ქვეშ მდებარეობდა. იქ მას 20 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. დამონტაჟებული ჰქონდა იმ პერიოდისთვის უახლესი დანადგარები ამ „ცეხში“ იკერებოდა უმაღლესი ხარისხის წავის ბეწვის ქურქები, რაც ძალიან ძვირი ღირდა. ნიშანდობლივი კი ისაა, რომ თამაზ კვირიკაშვილი ამ ქურქებს ვალუტაზე, ამერიკულ დოლარებზე ყიდდა. ყოველ ერთ თვეში ბათუმში ჩამოდიოდა გემი, რომელსაც კუბური შაქარი ჩამოჰქონდა. სწორედ იმ გემს ატანდა კვირიკაშვილი „ნორკის შუბებს“ და წამღები 100 ათას დოლარს ტოვებდა. თითოეული ქურქის ფასი 2 ათასი დოლარი იყო. უცხოეთში კი ისინი ხუთჯერ ძვირად იყიდებოდა. თამაზ კვირიკაშვილს მოსყიდული ჰყავდა პორტის საბაჟოს უფროსი. საქმე ჰქონდა ჩაწყობილი ადგილობრივ „კაგებესა“ და პარტიულ ხელმძღვანელობასთან. მაღალ ხელფასებს უხდიდა მკერავ-არალეგალებსა და იმ სამ ციმბირელ პარტნიორს, ვისაც „ნორკის“ ბეწვი თბილისში ჩამოჰქონდათ. ამ ყველაფერში კვირიკაშვილი შემოსავლის 70 პროცენტს იხდიდა. თავად 30 პროცენტი რჩებოდა, მაგრამ ეს იმდენად დიდი ფული იყო, რომ მას ძალიან დიდი ქონება დაუგროვდა. თუმცა, სასიკვდილო განაჩენს მაინც ვერ ასცდა და მას შემდეგ, რაც ხრუშჩოვისგან შეწყალებაზე უარი მიიღო, ორთაჭალის ციხის დასახვრეტ ჯურღმულში სიკვდილს ელოდა.

„ქართული სასწაული“

მიუხედავად იმისა, რომ კვირიკაშვილს ყველა მოსყიდული ჰყავდა და ერთი შეხედვით ცუდი არაფერი ემუქრებოდა, მაინც ჩავარდა. საქმე ის იყო, რომ ციმბირში ადგილობრივმა „ობეხეესმა“ წავის ბეწვის დატაცების თაობაზე შეტყობინება მიიღეს და გამოძიებას შეუდგნენ. ერთ-ერთმა კვალმა მილიციელები თბილისში ჩამოიყვანა და კვირიკაშვილი ამოტივტივდა. რომ არა ვალუტით ვაჭრობა, თამაზი „ობეხეესს“ ფულს გადაუხდიდა და საქმე ჩაიფარცხებოდა, მაგრამ დოლარები ძალიან სარისკო საქმე იყო. ამიტომ, მილიციამ საქმეში „კაგებე“ ჩართო და კვირიკაშვილი გაება. „ცეხავიკის“ ბინისა და აგარაკის ჩხრეკის შედეგად 1 მილიონ 250 ათასი ამერიკული დოლარი ამოიღეს, ეს კი იმ პერიოდისთვის ასტრონომიული თანხა იყო და „კაგებეს“ ოპერები თვალებს არ უჯერებდნენ. საქმე მოსკოვში გადააგზავნეს. როდესაც მასალებს „კაგებეს“ თავმჯდომარე ვლადიმირ სემიჩასტნი გასცნობია, უთქვამს: დაუჯერებელია ეს ყოველივე, ნამდვილი ქართული სასწაულიაო...

მილიონიანი ქრთამი

თამაზ კვირიკაშვილს ძალიან გაუმართლა, რომ ის მოსკოვში არ გაგზავნეს და იქ არ გაასამართლეს. არადა, თავდაპირველად სწორედ ამას აპირებდნენ თბილისში ჩამოსული „კაგებეს“ გამომძიებლები. თუმცა, არსებული კანონით ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და დამნაშავე იქ უნდა გაესამართლებინათ, სადაც დანაშაულს სჩადიოდა, ანუ საქართველოში. მაგრამ ყველა სასამართლოს „კაგებეს“ მოსკოველი კურატორები ესწრებოდნენ და მხოლოდ მაშინ წავიდნენ, როდესაც განაჩენი სასამართლოს ბოლო ინსტანციამაც დაამტკიცა. ხოლო ხრუშჩოვი რომ კვირიკაშვილს არ შეიწყალებდა, ამაში კურატორები სრულიად დარწმუნებული იყვნენ. როგორც კი ზედმეტი თვალი გაქრა, საქმეში იმჟამინდელი საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე ჩაერთო და იმდენი მოახერხა, რომ კვირიკაშვილის სიკვდილით დასჯა გააწელინა და თამაზი 7 თვის განმავლობაში სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა. ხოლო, როდესაც ხრუშჩოვი გადააყენეს, შესაძლებელი გახდა, შემცვლელი მმართველობა საქმის გადასინჯვაზე დაეთანხმებინა. საამისოდ კი კვირიკაშვილის ახლობლებმა მილიონი მანეთი შეაგროვეს და მოსკოვის მაღალჩინოსნები მოქრთამეს. ამის შედეგად კი თამაზს არა მარტო დახვრეტა მოუხსნეს, არამედ სასჯელი პირობითზე ჩამოუყვანეს – ვითომდა საქმე უფლებამოსილების გადამეტებაში იყო და გარეთ გამოუშვეს.

„პერესტროიკის“ დროს თამაზ კვირიკაშვილს უკვე ბეწვეულის ფაბრიკა ჰქონდა მოსკოვში და ვალუტაზე ლეგალურად ვაჭრობდა. მულტიმილიონერი გახდა და 2001 წელს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №33

15-21 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მამუკა ონაშვილი

როგორ აიტანა საშინელი ტკივილი მამუკა ონაშვილმა მეგ...