კრიმინალური ისტორიები

როგორ გადაურჩა კანონიერი ქურდი „კაგებეს“ და ქურდების შურისძიებას

№11

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 24.03, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირის სახელი შეცვლილია და მისი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

უარი

1988 წელს 30 წლის ვიქტორ გეგეშიძე კანონიერ ქურდად აკურთხეს. 1958 წელს ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი ბიჭი საგულდაგულოდ იცავდა ქურდულ ტრადიციებს. პროფესიონალი მომპარავი გეგეშიძე სანამ უმაღლეს ქურდულ ტიტულს მიიღებდა, სამჯერ იჯდა ციხეში. საერთო ჯამში, 16 წლიდან მოყოლებული, საპყრობილეში 8 წელი ჰქონდა გატარებული. „შავ სამყაროში“ მას „ქოჩორას“ მეტსახელით იცნობდნენ. 1988 წელს გეგეშიძე მეოთხე „სროკზე“ წავიდა და 2 თვეში ორთაჭალის ციხეში ქურდად აკურთხეს. მას 4 წელი ჰქონდა მისჯილი და შემდგომ რუსთავის ¹2 კოლონიაში გადაიყვანეს. „ზონაში“ ჩასახლებიდან ერთი თვის შემდეგ „ქოჩორას“ პოდპოლკოვნიკი მარგალიტაშვილი ესტუმრა. პირისპირ ესაუბრა და ორგანოებთან თანამშრომლობა შესთავაზა. ნიაზ მარგალიტაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში აგენტურას კურირებდა და გადმობირების სპეციალისტად ითვლებოდა. გეგეშიძეს მან უთხრა:

– „ქოჩორა“, ყველა შენი ძმა, თავად ის ხუთეულიც, ვინც შენ გაკურთხა, ჩვენთან თანამშრომლობს. უბრალოდ, ხელწერილი დაგვიდე თანამშრომლობაზე და ზოგჯერ ჩვენი თხოვნები შეასრულე. გარწმუნებ, რომ ცუდს არაფერს მოგთხოვთ.

– მეტი რა უნდა მომთხოვო, უფროსო, ბოზობას მთავაზობ. რომც ჩამომახრჩოთ, მსგავსს ვერაფერს გამაკეთებინებთ! – მიუგო „ქოჩორამ“ მარგალიტაშვილს.

– ეს შენი ბოლო სიტყვაა? – დააზუსტა პოდპოლკოვნიკმა.

– ერთადერთი სიტყვაა და გინდა პირველი უწოდე და გინდა ბოლო, – მტკიცედ თქვა გეგეშიძემ.

– კარგი. ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, მერწმუნე, რომ ინანებ შენს სიჯიუტეს! – დაემუქრა მარგალიტაშვილი ქურდს.

გაქცევა

„ქოჩორას“ წინა დღით ვართან არუთინიანთან კარტში 2 ათასი მანეთი ჰქონდა წაგებული და მარგალიტაშვილი, სწორედ, ამით დაემუქრა გაგეშიძეს – „ფუფლოს“ „გაგაკატავებინებთ“. ხომ ვიცი, რომ ათ დღეში უნდა ჩააბარო თავანი. ზონას ჩავკეტავთ, ფულს არ შემოვუშვებთ და „გაკატავდები“. „ფუფლო“ ქურდი კი თავში ჩარტყმული არსებაა.

არუთინიანი შულერი იყო. მილიციასთან შეკრული და მარგალიტაშვილის დავალებას ასრულებდა. ისიც ქურდი იყო და „შავ სამყაროში“ „არმენას“ უწოდებდნენ.

როგორც კი მარგალიტაშვილი წავიდა, სულ რაღაც ორ საათში „ქოჩორა“ „კარცერში“ ჩააგდეს და სრულ იზოლაციაში მოახვედრეს. თუმცა, „გაკარცერებამდე“ გეგეშიძემ მოასწრო, თავის ერთგულ მეგობარს, ზაზა წიკლაურს ყველაფერი მოუყვა და სთხოვა, რომ „ქოჩორას“ გაქცევა მოეწყო. გეგეშიძემ წიკლაურს დაწვრილებით დაუხატა გაქცევის გეგმა და მის განხორციელებას სულ რაღაც 36 საათი დასჭირდა: „ქოჩორა“ უკვე „კარცერში“ იჯდა, როდესაც ქსოვილების საწყობს ღამის 3 საათზე ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლმა რამდენიმე ადგილზე ერთდროულად იფეთქა და უსწრაფესად გავრცელდა. ამისი მიზეზი კი ის იყო, რომ ქსოვილების ხვეულებში პატიმრებმა ანთებული სიგარეტის ნამწვავები ჩადეს. სანამ სახანძრო რაზმი „ზონაში“ მივიდა, ცეცხლმა ჟანგბადის ცეხამდე მიაღწია და ოთხი ბალონი გახეთქა. ცეხი კარცერების გვერდით მდებარეობდა. აფეთქებამ კარცერის კედელი გაგლიჯა. სწორედ ამით ისარგებლა „ქოჩორამ“ და სანამ ჩაბნელებულ პერიმეტრზე შეიარაღებული რაზმი ჩადგებოდა, ღამის წყვდიადში მიიმალა. „ქოჩორაზე“ ძებნა გამოცხადდა, მაგრამ სამძებრო ღონისძიებებმა დადებითი შედეგები ვერ მოიტანა.

ბესტსელერი

ვიქტორ გეგეშიძეს ერთი წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ და მხოლოდ მაშინ გაირკვა მისი ადგილსამყოფელი, როდესაც კანადაში გამოიცა წიგნი, სახელწოდებით – „დაკანონებული უკანონობა“. წიგნი ბესტსელერად გადაიქცა და არაერთ ენაზე ითარგმნა. მასში ყოფილი კანონიერი ქურდი ამხელდა, პირველ რიგში, საბჭოთა ძალოვან სტრუქტურებს, რომლებიც ყველაზე ბინძურ აკრძალულ ხერხებს იყენებდნენ ადამიანების გადასაბირებლად. „ქოჩორა“ „შავ სამყაროსაც“ ამხელდა და ჩამოთვლილი ჰქონდა იმ კრიმინალურ ავტორიტეტთა ვინაობები, ვინც, მისი ღრმა რწმენით, მილიციასთან და უშიშროებასთან იყვნენ შეკრულები. წიგნმა უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია როგორც საბჭოთა მთავრობაში, ასევე ძალოვან სტრუქტურებსა და „შავ სამყაროში“. პოლიტბიუროს ბრძანებით, „კაგებეს“ „ქოჩორას“ გატაცება და საბჭოეთში ჩამოყვანა დაევალა, უკიდურეს შემთხვევაში კი – მისი ლიკვიდაცია. ეს გადაწყვეტილება მას მერე იქნა მიღებული, რაც კანადის მთავრობამ უარი უთხრა საბჭოთა კავშირს გეგეშიძის ექსტრადიციაზე. „ქოჩორას“ საკუთარი განაჩენი გამოუტანეს ქურდებმაც, ასევე, სასიკვდილო. მიუხედავად ყველაფრისა, ვიქტორ გეგეშიძე ვერც „კაგებემ“ მოიხელთა, ვერც ქურდებმა და ის სპეციალურ პროგრამაში მოხვდა, რომელიც მის სიცოცხლეს იცავდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი