როგორ გადაიბირა ედუარდ შევარდნაძემ ქართული „შავი სამყარო“
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 04.05, 2023 წელი
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
„ობშჩიაკი“
აკაკი ვარდოსანიძე, მეტსახელად „კაკუნა“, კანონიერი ქურდი იყო და ქსნის კოლონიაში ქურდული „ობშჩიაკი“ (საერთო სალარო) ებარა. მაისის ერთ დღეს „კაკუნა“ კოლონიის უფროსის კაბინეტში მიიყვანეს. იქ კი მას უცნობი მამაკაცი დახვდა და უთხრა:
– ბევრ ბაზარს არ დაგიწყებ და სიტყვა არ შემაწყვეტინო. ყურადღებით მომისმინე: ქურდულ „ობშჩიაკში“ 46 ათას 800 მანეთი გაქვთ. ეს ყუთი სამალავში აღარაა და ალბათ, შეხსენება არ გჭირდება თუ რა მოგელის კოლეგებისგან ობჩიაკის გაქრობის გამო?
„კაკუნა“ ყველაფერს მიხვდა და უცნობს მიუგო:
– რას მოითხოვთ ჩემგან?
– ვარამაძე უნდა აკურთხო ქურდად. ჯერჯერობით – ეს. დანარჩენ ინსტრუქციებს კი შემდგომში მიიღებ.
– ესე იგი, ჩემი დავერბოვკება გინდათ და აღარ მომეშვებით?
– ჩვენი კრიშა გექნება. ასეთ დღეშია შენი კოლეგების დიდი ნაწილი.
– მაშინ, გამოდის, რომ თავი უნდა მოვიკლა.
– არც ეს გიშველის. ისეთ ხმებს გაგივრცელებთ, თავიც რომ მოიკლა, შენი ოჯახის წევრები ცუდ დღეში ჩავარდებიან. ამიტომ, გირჩევნია, შემოთავაზებაზე დაგვთანხმდე და ობშჩიაკი სამალავში დაბრუნდება.
– ორი თვე მაინც უნდა მაცადოთ, რომ ვარამაძის ქურდად კურთხევისთვის ჩემიანები შევამზადო.
– ზუსტად სამი კვირა გაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იცი, რა გელოდება, – უთხრა უცნობმა „კაკუნას“ და კაბინეტიდან გაისტუმრა.
სამი კვირის შემდეგ ვარლამ ვარამაძე, მეტსახელად „ვარლამჩიკა“ კანონიერი ქურდი გახდა. სინამდვილეში „ვარლამჩიკა“ მილიციის ლეიტენანტი იყო და ის ქურდულ სამყაროში ჩანერგეს. უცნობი კი – მილიციის პოდპოლკოვნიკი ანზორა, პირადად იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის დავალებით მოქმედებდა.
ქსელი
ედუარდ შევარდნაძე საქართველოს ცეკას პირველი მდივნობისთვის ემზადებოდა და თადარიგს წინასწარ იჭერდა. „ამბროსოვიჩი“, ძირითადად, ორი მიმართულებით მუშაობდა. პირველი მიმართულება იყო ვასილ მჟავანაძისა და მისი უახლოესი გარემოცვის წევრების შესახებ კომპრომატების მოპოვება. მეორე მიმართულება კი – ქურდული სამყაროს გაკონტროლება. როგორც პირველ, ასევე, მეორე მიმართულებაში შევარდნაძემ წარმატებებს მიაღწია. მჟავანაძესა და მის გარემოცვაზე შეგროვებული კომპრომატები „ამბროსოვიჩმა“ კრემლში ჩაიტანა და მჟავანაძე საქართველოს ცეკას პირველი მდივნობიდან გაათავისუფლეს. მის ადგილზე კი თავად ედუარდ შევარდნაძე დანიშნეს. „ამბროსოვიჩს“ მჟავანაძის დაპატიმრება უნდოდა, მაგრამ ბრეჟნევმა ამის უფლება არ მისცა და მჟავანაძე მოსკოვში გადაიყვანა სამუშაოდ და ქარხნის დირექტორად დანიშნა. სამაგიეროდ, შევარდნაძემ მჟავანაძის მთელი გარემოცვა „გასროკა“. ქურდულ სამყაროში კი ისეთი ქსელი შექმნა, რომ საქართველოში პურის ნაჭერსაც კი ვერავინ მოიპარავდა ისე, რომ მილიციას არ გაეგო. შევარდნაძემ, ფაქტობრივად, სრული კონტროლი აიღო „შავებზე“ და ვინც მას არ შეეკრა, ან თავი მოიკლეს, ან გააციმბირეს. სამაგიეროდ, მილიცია თვალს ხუჭავდა იმაზე, რომ ქურდები „ძელეცებს“ (საქმოსნებს) ფულს „აწერდნენ“. ერთი სიტყვით, გასული საუკუნის 70-იანი წლების შუაში ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე საქართველოს სრული ბატონ-პატრონი იყო.
გლობალური მაფია
ედუარდ შევარდნაძემ კრიმინალურ-პარტიულ-საქმსოსნურ-მილიციური კლანი თავისი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის ბოლომდე შეინარჩუნა. მას მერეც, რაც „ამბროსოვიჩი“ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, ეს გლობალური სტრუქტურა გამართულად ფუნქციონირებდა, ამიტომ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ზვიად გამსახურდიას თაოსნობით, ხელისუფლების სათავეში ჭეშმარიტად ეროვნული ძალები მოვიდნენ, ზვიადის მთავარი ოპოზიცია, სწორედ, შევარდნაძის მიერ შექმნილი მაფიოზური დაჯგუფება იყო. და, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამ დაჯგუფებას, ეგრეთ წოდებული, „კანონიერი ქურდი“ (სინამდვილეში კი უკვე „კაგებეს“ სტაჟიანი აგენტი) ვარლამ ვარამაძე („ვარლამჩიკა“) ლიდერობდა. „ვარლამჩიკამ“ (შევარდანძის დაფინანსებით) შექმნა შეიარაღებული დაჯგუფება. მასში შედიოდა „შავი სამყაროს“ წევრთა 70 პროცენტი (ის ადამიანები, ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ აინტერესებდათ და მხოლოდ ფულის კრიმინალურად შოვნის ჟინი ამოძრავებდათ). „შავი სამყაროს“ 10 პროცენტი ზვიადის მხარეს დადგა, ისინი, ეგრეთ წოდებული, „მეგრული კლანის“ წევრები იყვნენ. ხოლო დანარჩენმა 20-მა პროცენტმა კი ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს და შემდგომში იმის მხარეს გადაიხარნენ, ვინც ამ ბრძოლაში გაიმარჯვა. ამგვარად, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ჩამოაგდეს რუსეთის მიერ მართულმა კრიმინალურმა ძალებმა, რომლებსაც „კაგებე“ აფინანსებდა და მათ სათავეში ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან, ედუარდ შევარდნაძე ედგა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან