კრიმინალური ისტორიები

როგორ გადაარჩინეს დახვრეტას ძმაკაცი სოხუმელმა თამბაქოს მაფიოზებმა

№36

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 15.09, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

ტექნოლოგი

ჯამბულ ესვანჯია სოხუმის თამბაქოს ფაბრიკის ერთ-ერთი ტექნოლოგი იყო, მაგრამ „პარადი“ მას მიჰყავდა და რაც ამ საწარმოში ფული კეთდებოდა, ყველა კომბინაცია ჯამბულის მოფიქრებული იყო. გასული საუკუნის 80-იან წლებში სოხუმში გამოშვებული ფილტრიანი სიგარეტი „კოსმოსი“ („აკოსმოსი“) მთელს საბჭოთა კავშირში საუკეთესო იყო ამ დასახელების ნაწარმს შორის. და ეს იმ დროს, როცა სხვა ფაბრიკებში ბევრად უკეთესი დანადგარები იყო და ნედლეულიც უმაღლესი ხარისხის მისდიოდათ. მთელი საიდუმლო კი ის იყო, რომ ჯამბული უმაღლესი კლასის ტექნოლოგი იყო. სიგარეტში ისეთ არომატიზატორს ურევდა, რომ საუკეთესო მსოფლიო სტანდარტებს უთანაბრდებოდა. არომატიზატორებს კი ფაბრიკაში მდებარე ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში იღებდნენ ჯამბულ ესვანჯიას ტექნოლოგიით. ხოლო მას მერე, რაც სოხუმში „მარლბოროს“ გამოშვება დაიწყეს, ჯამბულმა ფრთები გაშალა. ამ სიგარეტის უმაღლესი ხარისხის ნედლეულს ჯამბული დაბალი ხარისხის თამბაქოს ურევდა. ამგვარად რაოდენობა სამმაგადებოდა. თუმცა, ჯამბულის მიერ მიღებული არომატიზატორების წყალობით, ეს ხარისხს არ ეტყობოდა. პირიქით – ხარისხი და გემო უკეთესიც კი იყო. ამგვარად, ჯამბული დაწესებული რაოდენობის „მარლბოროს“ ყოვლად ლეგალურად უშვებდა სავაჭრო ქსელში. ხოლო ორჯერ მეტი კი „ლევად“ გადიოდა და კოლოსალური შემოსავალი მოჰქონდა. სულ რაღაც 6 თვის განმავლობაში „ლევმა“ „მარლბორომ“ ჯამბულსა და კამპანიას 6 მილიონის შემოსავალი მოუტანა, რაც თვეში მილიონს უდრიდა და ამ თანხას სულ 40 ადამიანი იყოფდა, რაც თითოეულზე 250 ათას შეადგენდა. იმ პერიოდში კი ეს ასტრონომიული რაოდენობის თანხა იყო.

ხანძარი

ჯამბულს ისე ჰქონდა აწყობილი სისტემა, რომ „ობეხე“ მას არ ეკარებოდა, რადგან, ადგილობრივი მილიციის მაღალჩინოსნებსაც უხდიდა „მსუყე“ თანხებს. მილიცია მას „კრიშავდა“და ესვანჯია, ფაქტობრივად, ხელშეუხებელი იყო. ხოლო თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდებოდა და რევიზია მოსკოვიდან ჩამოდიოდა, ჯამბულს ამას უმალვე ატყობინებდნენ და ესვანჯია მომზადებული ხვდებოდა მათ... მაისის მიწურული იყო. ჯამბულს 2 მილიონი მანეთის „მარლბოროს“ ნედლეული ჰქონდა მიღებული, რომელიც სულ მალე 6 მილიონად გადაიქცეოდა. ძვირფას თამბაქოს, სხვა, „ლევ“ ნედლეულთან ერთად, ის „მარლბოროს“ საწყობში ინახავდა. იმავე საწყობში კი, ცეცხლგამძლე სეიფში 350 ათას მანეთს მალავდა. შუადღე სრულდებოდა, როდესაც ჯამბულს მოადგილემ უთხრა: სასწრაფოდ ტელეფონზე გირეკავენო. ჯამბული აპარატთან მივიდა და „ობეხეს“ პოლკოვნიკის, ომარ თარბას აღელვებული ხმა მოესმა:

– ჯამბულ, მოსკოვიდან რევიზაა ჩამოსული შენს გასაფუჭებლად. ვიღაცას უჩივლია. „კაგებეს“ ხალხია. ამ წუთას გავიგე ეს. უკვე მანდ მოდიან და თავს უშველეო.

ესვანჯიამ ყურმილი დააგდო. შენობიდან გარეთ გამოვარდა და დაინახა, თუ როგორ უახლოვდებოდა ფაბრიკის შენობას 3 შავი „ვოლგა“. ის მაშინვე თავის „ვოლგასთან“ მიიჭრა და საბარგულიდან ბენზინით სავსე 20-ლიტრიანი ბიდონი ამოიღო. შემდეგ საწყობში შეიტანა და იქ განთავსებულ ნედლეულს მიასხა. სეიფი გააღო, ბენზინი ფულსაც დაასხა, მერე იქაურობას ცეცხლი წაუკიდა და საწყობიდან გამოვარდა, თან ყვიროდა: ხანძარია, მომეშველეთ, რომ ჩავაქროო. ამ სცენას „კაგებეს“ რევიზორებიც შეესწრნენ. ფაბრიკის თანამშრომლებმა ხანძრის ჩაქრობა დაიწყეს, თუმცა მთელი ნედლეული და ფული ძალიან მალე ჩაიფერფლა. სახანძრო რაზმი რომ მოვიდა, რევიზორებმა მათ წყლის მისხმის უფლება არ მისცეს.

ახალი ბიზნესი

„კაგებეს“ სპეცჯგუფი მაშინვე მიხვდა, თუ რაში იყო საქმე. ამიტომ ესვანჯია ადგილზევე დააკავეს. შემდგომ შემთხვევის ადგილზე ექსპერტთა ჯგუფი შეუშვეს და კვლიფიციურმა ექსპერტებმა თითქმის ზუსტად დაადგინეს, თუ რა რაოდენობის „ლევი“ ნედლეული განადგურდა. ხოლო სეიფში გამობუგული ფულის ზუსტი თანხა დაადგინეს და მართალია, ესვანჯია უარყოფდა მასთან კავშირს, მაგრამ ამან მას არ უშველა. ჯამბული გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. ის მოსკოვში, ბუტირკის ციხის ერთადგილიან საკანში ელოდა განაჩენს. ამასობაში, სოხუმის მთელი „თამბაქოს მაფია“ „ჩალიჩობდა“ რომ ძმაკაცი გადაერჩინათ. მით უმეტეს, რომ ჯამბულს არცერთი მათგანი არ დაუსახელებია და ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. საბოლოოდ, სოხუმელებმა ეს საქმე მაინც გაჩარხეს. მოსკოვში 3 მილიონი მანეთი ჩაიტანეს და ესვანჯიას სასჯელი გადაუკვალიფიკაციეს, რაც 25-წლიან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, შემდეგ ეს ვადა 19 წლამდე ჩამოუყვანეს. 5 წელიწადში კი ჯამბული საერთოდ გათავისუფლდა ციხიდან. „პერესტროიკის“ დროს კი მან ჯერ მოსკოვში გახსნა თამბაქოს საწარმო, შემდგომ კი თურქეთში წავიდა და იქ სიგარეტის მოზრდილი ბიზნესი ააწყო, მილიონერი ლეგალურად გახდა და იქვე დაიდო ბინა. ჯამბულ ესვანჯია 2000 წელს სტამბოლში გარდაიცვალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი