კრიმინალური ისტორიები

როგორ გადააგდო „ზაკვომ“ „მხედრიონი“

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 01.05

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ოფიცერი

პავლე ზარანდია საბჭოთა არმიის ოფიცერი იყო, შეიარაღების სპეციალისტი და პოდპოლკოვნიკის ჩინს ატარებდა. 1988 წლის აგვისტომდე ზარანდია ამიერკავკასიის სამხედრო შტაბში მსახურობდა და შეიარაღების განყოფილებაში საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა. მიუხედავად იმისა, რომ ზარანდია კომუნისტური პარტიის სტაჟიანი წევრი იყო, მასში ღრმად იყო გამჯდარი ქართული პატრიოტული სული. აქედან გამომდინარე, პავლემ თავიდანვე დააუჭირა მხარი აღორძინებულ ეროვნულ მოძრაობას. დაუახლოვდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას. აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში და ჯერ კომუნისტური პარტიის რიგები დატოვა, შემდგომ კი პატაკი დაწერა და სამსახურიდან წამოვიდა. თუმცა, თავის კოლეგებთან, საბჭოთა ოფიცრებთან კავშირი არ გაუწყვეტია. პავლე ზარანდია ეროვნული მოძრაობის სამხედრო რაზმებს იარაღით ამარაგებდა. ის ხალხისა და პატრიოტულად განწყობილი ბიზნესმენების მიერ შეგროვებული ფულით „ზაკვოში“ (ამიერკავკასიის სამხედრო შტაბი) თავისი ყოფილი კოლეგებისგან შეღავათიან ფასებში ყიდულობდა იარაღებსა და საბრძოლო მასალებს. იმ პერიოდში ჯაბა იოსელიანის „მხედრიონი“ ეროვნულ ორგანიზაციად მიიჩნეოდა და ზარანდიამ მათ საკმაოდ ბევრი იარაღი შეუძინა. პავლე ნდობით სარგებლობდა „ზაკვოში“, ამიტომ, როდესაც იარაღი იყო საჭირო და ფული ჯერ არ ჰქონდათ, ზარანდიას ნისიადაც აძლევდნენ მორიგ პარტიას. შემდგომ კი პავლე სრულად უხდიდა მათ თანხას და ორივე მხარე კმაყოფილი იყო. აღსანიშნავია, რომ პავლე ზარანდია წმინდა პატრიოტული მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა და ამ გარიგებიდან მას ერთი ცენტიც კი არ რჩებოდა. ყოფილა შემთხვევები, რომ პავლეს იარაღის შესასყიდად საკუთარი ჯიბიდან დაუმატებია ფული. ზარანდია ზვიად გამსახურდიას უაქტიურესი, უერთგულესი მომხრე იყო. როდესაც „მხედრიონი“ ზვიადს განუდგა, ზარანდიამ გამსახურდიას მხარე დაიჭირა და თბილისის ომის დროს მათ იარაღით ამარაგებდა. თუმცა, ამას ის ფარულად ახორციელებდა და მართალია, ალყაშემორტყმულ მთავრობის სასახლეში თავისუფლად შედიოდა და გამოდიოდა, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და რამდენიმე მისმა ერთგულმა ხელქვეითმა იცოდა. 6 იანვარს კი, როდესაც ზვიადმა საქართველო დატოვა, ზარანდია, ფოთის გავლით, ზღვით უკრაინაში წავიდა. ჯიბეში მას მხოლოდ 100 დოლარი ედო.

დიდი „კუში“

უკრაინაში პავლე ზარანდიამ რამდენიმე თვე დაჰყო, თბილისში კი მოულოდნელად დაბრუნდა. არც აცია, არც აცხელა და თავის ძველ ნაცნობს, ჯაბა იოსელიანს ეწვია „მხედრიონის“ შტაბ-ბინაში. როგორც „მხედრიონის“ მეთაურისგან შეიტყო, მათი რიგები საკმაოდ გაზრდილი იყო და ახალი წევრები რომ შეეიარაღებინათ, მინიმუმ, ავტომატები, პისტოლეტები და ხელყუმბარები იყო საჭირო. ასევე, სხვადასხვა კალიბრის ტყვიამფრქვევები, ყუმბარმტყორცნები და ნაღმმტყორცნები. ჯაბა იოსელიანმა საჭირო შეიარაღების სრული ნუსხა გადასცა პავლეს და სთხოვა, რომ რაც შეიძლება, შეღავათიან ფასებში შეეძინა ისინი. „მხედრიონის“ მეთაურისთვე თქმით, „მხედრიონი“ დასავლეთ საქართველოში აპირებდა გალაშქრებას და კბილებამდე უნდა შეიარაღებულიყვნენ. იმ პერიოდში „ზაკვოს“ მეთაური იყო ჩრდილოკავკასიელი გენერალი სუფინ ბეპაევი. პავლე ზარანდია მას ძალიან ახლოს იცნობდა. პირდაპირ მასთან მივიდა, საჭირო შეიარაღების ნუსხა მისცა და სთხოვა, შეღავათიანი ფასი დაესახელებინა. ბეპაევმა ნუსხა შეისწავლა და პავლეს უთხრა, რომ ამ შეიარაღების ფასი შავ ბაზარზე 3 მილიონი დოლარი იყო. თვითღირებულების ფასი – 2 მილიონი დოლარი, ხოლო პავლეს კი მილიონ დოლარად მიჰყიდდა. თანაც იქ ჩაუტანდა, სადაც ეტყოდნენ. ზარანდიამ ბეპაევს უთხრა, რომ იარაღი ორი კვირის შემდეგ ფოთში უნდა ჩაეტანათ და მილიონ დოლარს ჩატანიდან სამ დღეში გადაუხდიდა, რაზეც ბეპაევმა თანხმობა განაცხადა. ამ საუბრის შემდეგ ზარანდიამ ჯაბა იოსელიანს უთხრა, რომ ბეპაევი ამ შეიარაღებას თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში, ანუ 1,5 მილიონ დოლარად მისცემდა მათ და თხუთმეტი დღის შემდეგ მიუტანდა ნებისმიერ მითითებულ ადგილზე. თუმცა, „ზაკვოს“ შეფი ფულს, მაქსიმუმ, სამი დღის ვადაში ითხოვდა. იოსელიანმა ზარანდიას 1,5 მილიონი დოლარი ორი დღის შემდეგ მისცა. ბეპაევთან მოლაპარაკების შედეგად კი რუსებმა მთელი შეიარაღება ფოთში დანიშნულ დროზე ჩაიტანეს და თბილისში დაბრუნდნენ. იმავე ღამეს კი აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის ფერადკანიანმა მოქალაქეებმა მთელი შეიარაღება გემზე დატვირთეს და აფრიკის გზას გაუყენეს, სადაც სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული. ზარანდიას კი 2 მილიონი დოლარის ღირებულების ალმასები გადასცეს. პავლე ზარანდია იმავე ღამეს გაუჩინარდა საქართველოდან 1,5 მილიონი დოლარის ქეშითა და 2 მილიონი დოლარის ღირებულების აფრიკული ალმასებით. ხოლო როდესაც გაირკვა, რომ პავლე ზარანდიამ „ზაკვოც“ გადააგდო და „მხედრიონიც“, მას ძებნა დაუწყეს, მაგრამ გვიანი იყო. ზარანდიას კვალი გადაგდებულთათვის სამუდამოდ წაიშალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა