კრიმინალური ისტორიები

როგორ „გადააგდო“ იაპონელები თაღლითობის ქართულ-რუსულმა ტანდემმა

№18

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 12.05, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

„მიმინო“

1950 წელს თბილისში დაბადებული ბესო მიმინოშვილი ბავშვობიდან ავლენდა მრავალმხრივ ნიჭს და რომ იტყვიან, ფულს ჰაერისგანაც შოულობდა. მიუხედავად ამისა, „მიმინო“ (ეს მეტსახელი მას სკოლაში შეარქვეს) გულუხვი და მხარჯველი ადამიანი იყო. თავადაც „გულაობდა“ და ახლობლებსაც არ ივიწყებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამი ენის უზადოდ მცოდნე (ქართულ-რუსულს არ თვლიდა, ის თავისუფლად ლაპარაკობდა ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე), 17 წლის ყმაწვილი 1967 წელს მოსკოვში გაემგზავრა და უცხო ენების ინსტიტუტში მოეწყო, ინგლისურის განხრით. „მიმინოს“ ბავშვობიდანვე იტაცებდა თეატრი და ინსტიტუტის დრამწრეში მონაწილეობდა. მას გარდასახვისა და იმპროვიზაციის უნიკალური უნარი ჰქონდა და თავისი მომავალი საქმიანობაც სწორედ ამ კუთხით წარმართა.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბესო მიმინოშვილმა თარჯიმნად დაიწყო მუშაობა და ამ სამსახურში 4 წელი გაატარა. სწორედ, ეს დაეხმარა მას ფართო კავშირების გაბმაში და მალე „მიმინომ“ უამრავი საჭირო ადამიანი გაიცნო როგორც საბჭოეთში, ასევე საზღვარგარეთაც.

კრეატიული ტანდემი

სწავლისა და მუშაობის პარალელურად, ბესო მიმინოშვილი ინტენსიურად განაგრძობდა ფულის შოვნას, ეს საქმიანობა კი კრიმინალური იყო. „მიმინოს“ მხატვრობის უზადო ნიჭიც ჰქონდა. თუმცა, ბესო მიმინოშვილი, ძირითადად, ბილეთებისა და სხვადასხვა პრესტიჟული ღონისძიებების მოსაწვევებს ხატავდა, აყალბებდა და შემდგომ კი გაცილებით ძვირად ყიდდა. ხოლო რომ არ „დამწვარიყო“, პარიკისა და მაკიაჟის წყალობით გარეგნობას იცვლიდა. აგრეთვე, იცვლიდა სამეტყველო დიალექტსა და თუკი საქმე უცხოელებთან ჰქონდა, ენასაც. 1974 წელს „მიმინომ“„კრისტიან დიორის“ უახლესი მოდის პოდიუმზე დასასწრები ასი ცალი მოსაწვევი დაამზადა და თითოეული 200 მანეთად გაყიდა. ამ თაღლითობაში 20 ათასი მანეთი იშოვა, რაც იმ პერიოდში ძალიან დიდი თანხა იყო. დეფილე კრემლის ყრილობათა სასახლეში იმართებოდა. თაღლითობა მალე გამჟღავნდა, მილიცია წითურ, გრძელთმიან ფრანგს ეძებდა, სინამდვილეში კი „მიმინო“ შავგვრემანი იყო და მის კვალს ვერავინ მიაგნო. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი ოპერაციის შემდეგ გაიცნო „მიმინომ“ ბორის სოკოლოვი, რომელსაც ბესო მიმინოშვილმა კლიენტი „აახია“ და ამის შემდეგ მათ გენიალური ტანდემი შექმნეს. სოკოლოვიც ყალბი ბილეთების „შეტენვას“ ცდილობდა გადამყიდველისთვის. ორმა თაღლითმა ერთმანეთი შეიცნეს და „დაძმობილდნენ“.

სამეფო სარდაფები

მიმინოშვილ-სოკოლოვის დუეტს ოქროს ხანა „პერესტროიკის“ დროს დაუდგა. ნგრევაში მყოფ ქვეყანაში ყველა და ყველაფერი იყიდებოდა. ყვაოდა კორუფცია და განუკითხაობა ყოველდღიურად იზრდებოდა. ამიტომ, ქვეყანას უცხოელი ბიზნესმენები მიაწყდნენ და საბჭოთა თაღლითებიც ამუშავდნენ. „მიმინომ“ და სოკოლოვმა ფრანგი მეღვინე-ბიზნესმენი გაიცნეს და მას საიმპერატორო ღვინის სარდაფების შეღავათიან ფასებში შესყიდვა შესთავაზეს. ეს სარდაფები ყირიმში მდებარეობდა, სადაც ათეულ ათასობით ბოთლი უმაღლესი ხარისხის უძველესი ღვინოები ინახებოდა. ფრანგმა ჯერ ობიექტის დათვალიერება მოითხოვა და ესეც შეუსრულეს. დარაჯს ფული გადაუხადეს და უქმე დღეს ფრანგი სარდაფებში ჩაიყვანეს, იქაურობა დაათვალიერებინეს და ღვინოც გაასინჯეს. ფრანგმა იმის შიშით, რომ სხვამ არ დამასწროსო, თაღლითებს თანხმობა განუცხადა და წინასწარ 40 ათასი დოლარიც გადაუხადა ქეშად. სამი დღის შემდეგ კი, როდესაც ფრანგი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გასაფორმებლად ღვინის სარდაფების ადმინისტრაციაში მივიდა, სამართალდამცველების გამოძახება გახდა საჭირო.

თაღლითების ტანდემი კი უკვე მოსკოვში იმყოფებოდა.

„ვაზის“ აფერა

ერთ-ერთი თაღლითობა წყვილმა „პერესტროიკის“ მიწურულს განახორციელა. 1990 წელს ერთ-ერთმა იაპონურმა საავტომობილო ბრენდმა „ვაზის“ ავტოქარხნის შესყიდვა განიზრახა და მოსალაპარაკებლად დელეგაცია გამოაგზავნა. თარჯიმნის როლს „მიმინო“ ასრულებდა და თაღლითმა იაპონელები „დააბოლა“ და უთხრა, რომ თუ მეორე დღესვე ქეშად ბეს სახით 50 000 დოლარს გადაიხდიდნენ, მაშინ ბევრად უფრო ძვირიან კლიენტს უარით გაისტუმრებდნენ და ავტოქარხანას მას მიჰყიდდნენ. ეს იყო იმ პერიოდისთვის ტიპური კორუფციული გარიგება, რადგან „ვაზი“ ჯერ კიდევ სახელმწიფო საწარმო იყო. მსგავსი კორუფციული გარიგებებით უცხოურმა ფირმებმა უამრავი ფაბრიკა-ქარხანა ჩალის ფასად ჩაიგდეს ხელში. იგივე მოინდომეს იაპონელებმაც და დათანხმდნენ. მეორე დღეს კი „მიმინომ“ მათგან 50 000 დოლარი აიღო და სოკოლოვთან ერთად სამი დღის შემდეგ, ფულიანად, ეგზოტიკურ ქვეყანაში გაემგზავრა.

P.S. თაღლითთა ეს ტანდემი დღემდე ცოცხალია და მათ ვიეტნამში ლეგალური ბიზნესი აქვთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი