კრიმინალური ისტორიები

როგორ გააცურა ქართველმა კონტრმზვერავმა ამერიკელი კოლეგები

№12

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 31.03

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

ახალგაზრდა ინჟინერი

28 წლის მირიან ფოფხაძე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ ჰალეში საერთაშორისო სიმპოზიუმზე იმყოფებოდა. ის ავიაინჟინერი იყო და მისმა გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა კოლეგებს შორის. აღფრთოვანებული კონფერენციის მონაწილეები მასთან მიდიოდნენ, ეცნობოდნენ, ხელს ართმევდნენ და სადილზე ეპატიჟებოდნენ. კონფერენცია ერთკვირიანი იყო. მირიანი კი თავისი სიტყვის გამო პირველივე დღეს გახდა პოპულარული. მესამე დღეს, როდესაც სხდომა დასრულდა და მირიანმა მომხიბვლელი ქალი კოროლინა შევინსკა გაიცნო:

კოროლინა შევინსკა, ვარშავის საავიაციო-საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერ-კონსტრუქტორი აღმოჩნდა.

ქალი მირიანმა სასტუმროს ნომერში აიყვანა და მასთან მგზნებარე ღამე გაატარა. დანარჩენმა ოთხმა დღემაც მსგავსად ჩაიარა და როდესაც კონფერენცია დასრულდა და მისი მონაწილეები წავიდ-წამოვიდნენ, კოროლინამ მირიანს უთხრა:

– მიმძიმს შენთან განშორება, მაგრამ იმედია, ერთმანეთს მალე შევხვდებით. მე შენ ვიზას გამოგიგზავნი.

მირიანი კოროლინას გამოემშვიდობა და იმავე საღამოს სამშობლოში დაბრუნდა. მირიანი თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანაში მუშაობდა.

„ვერბოვკა“

თბილისში დაბრუნებიდან ერთი თვე იყო გასული. მირიანი, ჩვეულებისამებრ, სამსახურიდან სახლში დაბრუნდა. ის საბურთალოზე ცხოვრობდა. მანქანა ავტოფარეხთან მიაყენა და კარის გასაღებად გადმოვიდა, რომ უცებ მის წინ საშუალო ასაკის მამაკაცი აღიმართა და უთხრა:

– თუ არ მეშლება, მირიან ფოფხაძე ხართ.

– ვისთან მაქვს პატივი? – უპასუხა მირიანმა.

– მოდი, სალონში ჩავსხდეთ. ცოტა გავისეირნოთ და ვისაუბროთ, – თქვა მამაკაცმა.

– ვინ ბრძანდებით! თუ საქმე გაქვთ, აქაც შეგვიძლია საუბარი. სეირნობის არანაირი სურვილი არ მაქვს. დაღლილი ვარ, – მიუგო მირიანმა.

– კოროლინა შევინსკამ მოკითხვა შემოგითვალა, – თქვა უცნობმა და დაამატა, – არც ახლა გამასეირნებთ?

მირიანი საჭეს მიუჯდა. უცნობი უკანა სავარძელზე მოთავსდა და თქვა:

– დაიძარით, რას უცდით?

მირიანმა მანქანა ადგილიდან დაძრა და უცნობს უთხრა:

– აბა, ბრძანეთ, რა საქმე გაქვთ.

– იცით, კოროლინას ერთი სული აქვს შეგხვდეთ და ჩაგეხუტოთ. მანამდე კი ერთი პატარა თხოვნის შესრულება მოგიწევთ. თუ, რა თქმა, უნდა არ გაჯიუტდებით.

– რას ჰქვია, გავჯიუტდები?! რა თხოვნის?

– ნუ ცხარობთ, მირიან! კოროლინამ გთხოვათ, რომ თქვენი მუშაობის პროცესს რამდენიმე ფოტო გადაუღოთ, ანუ იმას, თუ როგორ ეწყობა სამხედრო თვითმფრინავი.

მირიანმა მკვეთრად დაამუხრუჭა. უცნობმა მირიანს ვიდეოკასეტა გაუწოდა და უთხრა:

– აი, ესაა ორიგინალის ასლი და გაეცანი. მასზეა ჩაწერილი შენი და კოროლინას სექსუალური თავგადასავალი, რაც საბჭოთა კავშირში ამორალურად ითვლება და დასჯადია, მით უფრო უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან. აქვე მკაფიოდ ისმის, თუ როგორ ლანძღავთ თქვენს ქვეყანას და საზღვარგარეთ გაქცევაზე ოცნებობთ, რაც კიდევ უფრო მძიმე დანაშაულია. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ თქვენ თქვენი სტატუსი გაამხილეთ და თითქმის დაწვრილებით მოჰყევით თქვენი საქმიანობის შესახებ, რაც სახელმწიფო დანაშაულია. ეს კასეტა რომ „კაგებეში“ მოხვდეს, დახვრეტას თუ გადაურჩით, ციხეში ამოგალპობენ.

– რას მოითხოვთ ჩემგან? – მოტყდა მირიანი.

– აი, ეს სულ სხვა საუბარია. მოდი, ახლა შენ სახლში დაბრუნდი კასეტიანად და ყველაფერი კარგად გაიაზრე. ხვალ კი მე იმავე დროს, იმავე ადგილზე მოვალ და დავალებასაც მაშინ მიიღებ. ახლა კი წავედი. შეხვედრამდე! – თქვა უცნობმა და მანქანიდან გადავიდა.

დეზინფორმაცია

უცნობი რომ წავიდა, მირიანმა მანქანა უშიშროების კომიტეტის ერთ-ერთი კონსპირაციული ბინისკენ გააქანა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან მართალია, მირიანი ინჟინერი იყო და 31-ე ქარხანაში მუშაობდა, მაგრამ ის, აგრეთვე, კონტრდაზვერვის ოფიცერი იყო. ის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, რომელიც კონტრდაზვერვამ დაგეგმა. საზღვარგარეთიდან აგენტურული გზით მიღებული ცნობებით, „ცეერუ“ დაინტერესებული იყო 31-ე ქარხანაში მიმდინარე სამუშაოებით და კონტაქტის პოვნას და მის გადაბირებას ცდილობდა. „კაგებემ“ „ცეერუს“ ამოცანა შეუმსუბუქა და ავიაკონფერენციაზე მირიანი მიავლინა, რადგან ივარაუდეს, რომ მის გადაბირებას შეეცდებოდნენ. და მართლაც, ეს ასე მოხდა და მას პოლონელი გოგონა მიუგზავნეს, რომელიც „ცეერუზე“ მუშაობდა. ერთი თვის მერე კი მირიანს უკვე „ვერბოვშიკი“ გამოეცხადა და „დააშანტაჟა“. მეორე დღეს კი „ვერბოვშიკმა“ მირიანს 6 ცალი მინიატურული ფოტოაპარატი მისცა და თვითმფრინავების ამწყობ ცეხში მისი დაყენება უბრძანა, რაც მირიანმა განახორციელა კიდეც. მირიანი პერიოდულად ცვლიდა მიკროფირს და ახალს აყენებდა. ხოლო, როდესაც „ცეერუში“ ფირი მჟღავნდებოდა, მასზე ასახული იყო უახლესი ტიპის საბჭოთა თვითმფრინავი. სინამდვილეში კი ეს იყო მაკეტი. თითქმის სამი წლის განმავლობაში ცდილობდნენ ამერიკელები ანალოგიური თვითმფრინავის შექმნას, რაშიც უამრავი ფული ტყუილად დახარჯეს. სიმართლე მხოლოდ მაშინ გაირკვა, როდესაც „კაგებეს“ ოფიცერმა ყველაფერი ოფიციალურად დაფქვა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 23 – 29 მაისი