კრიმინალური ისტორიები

როგორ გააცურა „კაგებემ“ ამერიკის დაზვერვა

№19

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 16.05

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

წერილი

1969 წლის დეკემბერში მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები იორამ დუგლასი და რობერტ მორტონი „ბუიკით“ ბენზინგასამართ სადგურზე იყვნენ გაჩერებული და ავზის ავსებას ელოდებოდნენ. თოვდა და მხედველობის არეალი შეზღუდული იყო. უცებ მანქანის ღია ფანჯარაში ვიღაცამ წერილი შეაგდო და სწრაფად გაუჩინარდა. წერილში ეწერა: „მე ვარ ინჟინერი ანატოლი საველიევი. ვმუშაობ საკონსტრუქტორო ბიუროში, სტრატეგიულ სამხედრო პროექტებზე. მძულს კომუნისტები და მინდა, თქვენთან თანამშრომლობა. თვიური ანაზღაურებით 10 ათასი დოლარი. გთხოვთ, მენდოთ და დამიკავშირდეთ“. იქვე იყო მითითებული მისამართი და ბინის ტელეფონის ნომერი. დუგლასი და მორტონი „ცეერუს“ თანამშრომლები იყვნენ და ეს წერილი „კაგებეს“ პროვოკაციად მიიჩნიეს. თუმცა, ვაშინგტონს შეატყობინეს და იქიდან მიიღეს ნებართვა, რომ წერილის ავტორს დაკავშირებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, ანატოლი საველიევი მართლაც ინჟინერი იყო და საიდუმლო სამხედრო პროექტებზე მუშაობდა. ამიტომ ერთთვიანი თვალთვალის შემდეგ დუგლასმა ინჟინერს დაურეკა და შეხვედრაზე დაიბარა.

საიდუმლო თვითმფრინავი

დუგლასისა და საველიევის შეხვედრა მოსკოვის ერთ-ერთ მყუდრო კაფეში შედგა. დუგლასმა ინჟინერს შესთავაზა, რომ რაიმე სახის საიდუმლო საბუთი მოეპოვებინა და მისთვის გადაეცა. საველიევს გაეცინა. უბიდან ქაღალდების დასტა ამოიღო და ამერიკელს გადასცა, თან, უთხრა:

– ასეც ვიცოდი. აი, ჩვენი უახლესი საიდუმლო თვითმფრინავის სრული ნახაზები. თქვენს სპეციალისტებს არ გაუჭირდებათ ამ ნახაზების გარჩევა და სწორი შეფასება.

თვითმფრინავის ნახაზები ვაშინგტონში გაიგზავნა და ამერიკელები გახარებულები იყვნენ. ეს მართლაც უახლესი, შორსმფრენი ბომბდამშენის ნახაზები იყო, რომელსაც იმ პერიოდში მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნდა. ამიტომ, მოსკოვში დაშიფრული დეპეშა გაიგზავნა, რომელშიც ეწერა: „ობიექტმა უძვირფასესი ინფორმაცია მოგვაწოდა. გააგრძელეთ მასთან მუშაობა. მაგრამ, ძალიან ფრთხილად, რომ არ გაიშიფროთ“.

დუგლასი მეორედ შეხვდა საველიევს და უთხრა, რომ ცენტრში კმაყოფილები არიან და მისგან ახალ საიდუმლო ინფორმაციებს ელოდებიან. ასევე, უთხრა, რომ ბანკში მის ანგარიშზე 100 ათასი დოლარი იყო ჩარიცხული.

ზესაიდუმლო ინფორმაცია

საველიევი პერიოდულად ხვდებოდა ხოლმე დუგლასს და სხვადასხვა საიდუმლო დოკუმენტაცია მიჰქონდა. თანამშრომლობის დაწყებიდან 9 თვის შემდეგ კი ანატოლი საველიევმა დუგლასს ქაღალდების ორი უზარმაზარი დასტა გადასცა და უთხრა:

– ეს საბუთები ზესაიდუმლო სეიფიდან ჩემი კოლეგის მეშვეობით მოვიპოვე, თუმცა მან ეს არ იცის. ის ამ თემაზე მუშაობს. მე კი, სიმართლე გითხრათ, ამაში კარგად ვერ ვერკვევი. ჩემი პროფილი თვითმფრინაებია. თუმცა, ამ პროექტს ძალიან ასაიდუმლოებენ და ალბათ, თქვენი ამ დარგის სპეციალისტები დოკუმენტებში უკეთესად გაერკვევიანო.

საველიევის მიერ მოტანილი საბუთები ვაშინგტონში გაგზავნეს. და როდესაც მას სპეციალისტები გაეცნენ, შოკირებული იყვნენ. საქმე ის იყო, რომ ამ პროექტის მიხედვით, საბჭოთა კავშირს თითქმის დასრულებული ჰქონდა მუშაობა სამხედრო იარაღის კომპლექსზე, რომელიც კოსმოსში უნდა განთავსებულიყო და ორბიტიდან ამერიკისთვის ატომური იარაღი დაემიზნებინა. შეერთებულ შტატებს ამის საწინააღმდეგო არანაირი დამცავი სისტემა არ გააჩნდა და ამერიკელები საგონებელში ჩავარდნენ. სასწრაფოდ დაიწყეს დამცავ სისტემაზე მუშაობა, რომელიც რუსულ კოსმოსურ იარაღს შეაკავებდა.

ორი სპეცოპერაცია

სინამდვილეში ანატოლი საველიევი საბჭოთა კონტრდაზვერვის მაიორი იყო. კოსმოსური იარაღი კი – ბლეფი და ყოველივე ეს, ერთი მხრივ, ამერიკელებისთვის თავგზის ასაბნევად იყო მოწყობილი, მეორე მხრივ კი – მათი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დეზორგანიზაციისთვის. თვითმფრინავის ნახაზები კი რომელიც საველიევმა დუგლასს გადასცა, წინა თაობის იყო და საბჭოთა კავშირს უკვე შემდგომი კლასის თვითმფრინავი ჰქონდა გამოგონებული.

ამერიკელებმა სასწრაფოდ დაიწყეს ანტიკოსმოსური დამცავი ფარის შექმნა, რომელიც არაფერში სჭირდებოდათ და ამ საქმეში 50 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ამგვარად, „კაგებეს“ სპეცოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. თუმცა, 12 წლის შემდეგ ამერიკელებმა ანალოგიური ბლეფი ჩაატარეს, რაც ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა. პრეზიდენტმა რეიგანმა ოფიციალური განცხადება გააკეთდა კოსმოსური პროგრამა „საოისას“ შესახებ და ამ პროგრამის საწინააღმდეგო პროგრამის შექმნაში საბჭოეთმა იმდენი ფული გადაყარა წყალში, რომ ეკონომიკამ ვერ გაუძლო. როგორც ამბობენ, საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული