კრიმინალური ისტორიები

როგორ დაიღუპა ლიფტში თბილისელი ულამაზესი გოგონა

№37

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 25.09

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

საშინელი აღმოჩენა

გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მეეზოვე აივაზ ბალთაროვი მუშაობდა. იქაურობა რომ დაასუფთავა, 50 წლის ულვაშა მეეზოვე სადარბაზოში შევიდა, რომ სამუშაო ნივთები საკუჭნაოში დაებინავებინა. ამ დროს რვასართულიანი კორპუსის ლიფტი გაიღო და კაბინიდან ახალგაზრდა გოგონა გადმოვარდა. აივაზმა ლიფტთან მიირბინა და დახედა თუ არა, იცნო – ის ლიკუნა იყო. მეეზოვე ხშირად ხედავდა ხოლმე მას ამ კორპუსში და მართალია, ისიც კი არ იცოდა, ეს ულამაზესი გოგონა ამ სახლის მობინადრე იყო თუ სტუმარი, მაგრამ მისი სახელი გაგონილი ჰქონდა და ლიკუნათი მიმართავდა ხოლმე. მეეზოვემ ლიკუნას გონზე მოყვანა სცადა, მაგრამ გვიან იყო. ის უძრავად იწვა და აღარაფერი ეშველებოდა, უკვე გარდაცვლილი იყო. მეეზოვე რომ ამას მიხვდა, თავში ხელები წაიშინა და თვალები აუცრემლდა, თან თავის ენაზე რაღაც ფრაზა თქვა, რომელიც გლოვას გამოხატავდა. შემდეგ კი ქუჩის ტელეფონიდან მილიციაში დარეკა და საშინელი აღმოჩენის შესახებ შეატყობინა.

საეჭვო ვითარება

პრესტიჟული სახლის ლიფტში გარდაცვლილი გოგონა, სახელად ლიკუნა, ლიკა ავთანდილის ასული ჭიჭინაძე იყო. 23 წლის გოგონა მორფის ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა. ლიკა ინტელიგენტი მშობლების შვილი იყო, ავთანდილ და მართა ჭიჭინაძეების დედისერთა ქალიშვილი. მართა – თურქული ენის სპეციალისტი, უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. ავთანდილი კი – რადიო-ელექტრონიკოსი მოსკოვში ერთ-ერთი საიდუმლო სამსახურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, დოქტორის ხარისხითა და პროფესორის წოდებით. მას თავისი ცოლ-შვილი ერთხანს თავისთან ჰყავდა. ისინი მოსკოვში, ფეშენებელურ, პარესტიჟულ სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ მართა ვერ შეეგუა იქაურობას და ლიკასთან ერთად, თბილისში დაბრუნდა. ავთანდილი კი, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა, თბილისში ჩამოდიოდა ცოლ-შვილთან და მცირე ხნით რჩებოდა. ლიკა ყველაფრით უზრუნველყოფილი იყო, მაგრამ ფაქტობრივად, მშობლებისგან ყურადღება აკლდა. მამა შორს მუშაობდა, დედა კი ადრე მიდიოდა სახლიდან და გვიან ბრუნდებოდა. ლიკა წამოიზარდა. თბილისის ულამაზესი გოგო გახდა, მაგრამ უბედურება ის იყო, რომ განარკომანდა. თავდაპირველად ამას მართა ვერ ამჩნევდა, მაგრამ, როდესაც შეიტყო, უკვე გვიან იყო. ლიკა მყარად იყო წამალზე დამოკიდებული და ამ მდგომარეობაში ის მილიციის მაიორმა, ანტონ ოყროშიძემ ჩააყენა. სწორედ ანტონთან დადიოდა ლიკა წამლისთვის და მარტოხელა ოყროშიძე მას მრავალმხრივ იყენებდა. სწორედ მისგან წამოვიდა ლიკა იმ საბედისწერო დილას, როდესაც გოგონა საეჭვო ვითარებაში ლიფტში გარდაიცვალა.

შურისძიება

ულამაზეს ლიკა ჭიჭინაძეს მთელი თბილისი გლოვობდა. მართა და ავთანდილი შვილის ცხედარს მიჰყვებოდნენ და უსაზღვრო მწუხარებისგან ცრემლი შეშრობოდათ. გოგონა ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მილიციაში ჩატარებული მოკვლევის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღძრულა. უბრალოდ დაიწერა, რომ გოგონა მორფის ზედოზირებით გარდაიცვალა. ეს იყო და ეს. უმცროს ლეიტენანტ ბადრი კირვალიძეს, ვისაც ეს მოკვლევა დაევალა, მხოლოდ ექსპერტის დასკვნაზე დაყრდნობით წარმოებული მოკვლევა გადასცეს და მიუთითეს, რომ დანაშაულის არარსებობის საბაბით საქმე დაეხურა. არადა, მას უნდა გამოეკვლია, თუ ვისთან იმყოფებოდა გარდაცვლილი, საიდან მოხვდა მის ხელში მორფი და ყველაფერი ის, რაც მეტ-ნაკლებად ნათელს მოჰფენდა ამ ყველაფერს. ახალბედა, გამოუცდელ მილიციელს სწორედ იმიტომ დაავალეს ამ საქმის დახურვა, რომ სიმართლე არ გარკვეულიყო და ამაში დაინტერესებული სწორედ მაიორი ანტონ ოყროშიძე იყო. იმ დილას ლიკა ოყროშიძესთან მივიდა და მორფი მოსთხოვა, რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამჯერად მილიციის მაიორმა ულამაზეს ნარკომან გოგონას ერთ პარტიულ მაღალჩინოსანთან სექსი დაავალა. ამას ლიკა უკვე ერთი წლის განმავლობაში აკეთებდა მაიორის მოთხოვნით, სანაცვლოდ კი მისგან მორფს იღებდა. ოყროშიძე ამ ყველაფერს ფარული კინოკამერით აფიქსირებდა. შემდეგ კი პარტიის მაღალჩინოსნებსა თუ სხვა ბობოლებს აშანტაჟებდა და ფულს „აწერდა“. იმავდროულად, ოყროშიძე ნარკოტიკებითაც ვაჭრობდა და ნარკომოვაჭრეებსაც მფარველობდა. ამჯერად, ლიკამ უარი უთხრა ოყროშიძეს და დაამატა, რომ სექსმუშაკობას აღარ გააგრძელებდა. ოყროშიძე დაემუქრა, რომ მორფს აღარ მისცემდა და გოგონას „ლომკა“ მოკლავდა. მაშინ ლიკა თავად დაემუქრა მაიორს, რომ ყველაფერს უშიშროებას მოუყვებოდა. ამ მუქარამ „მოალბო“ მაიორი და გოგონას თავისი ხელით გაუკეთა მორფის დიდი დოზა. შემდგომ კი, იმ იმედით გაუშვა, რომ ლიკა სახლში დალევდა სულს, მაგრამ გოგონა ლიფტშივე გარდაიცვალა.

ლიკას დასაფლავებიდან სამი თვის შემდეგ, მაიორი ოყროშიძე თავმოკვეთილი და სხეულდანაწევრებული აღმოაჩინეს მეზობლებმა მისსავე ბინაში. მილიციამ მკვლელის კვალს ვერ მიაგნო. თუმცა გავრცელდა ხმა, რომ ნაძირალა მაიორი „კაგებეს“ შემსრულებლებმა მოკლეს, გოგონას მამის თხოვნით. პროფესორი ავთანდილ ჭიჭინაძე ამ უწყების განსაკუთრებულ აღრიცხვაზე იმყოფებოდა და გამორიცხული არაა, რომ მათ გამწარებული მამის შეკვეთა შეასრულეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა