კრიმინალური ისტორიები

როგორ დაგეგმა და შეასრულა 33 წლის ქართველმა ფიზიკოსმა ფანტასტიკური ძარცვა

№38

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 29.09, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

1972 წლის 30 მარტს ჩრდილო ურალის დაბა სნეჟნაიადან მინიგაბარიტის სატვირთო „იაკი“ აფრინდა და გეზი სვერდლოვსკისკენ აიღო. თვითმფრინავს სნეჟნაიაში მოპოვებული 500 კილოგრამი ოქრო გადაჰქონდა. დაშტამპული 999 სინჯის 5-5-კილოგრამიანი ბაჯაღლო ოქროს ზოდები 5 სპეციალურ ყუთში იყო განთავსებული, თითოეულში 20 ზოდი ელაგა. თვითმფრინავში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. „იაკი“ სვერდლოვსკში, სპეციალურ საფრენ ბილიკზე უნდა დამჯდარიყო. იქ მას ბანკის შეიარაღებული დაცვა დახვდებოდა, ოქროს დაჯავშნილ მანქანაში ჩააწყობდნენ და სახელმწიფო ბანკის საცავში მოათავსებდნენ. ფრენას ტაიგის თავზე 40 წუთი სჭირდებოდა. თუმცა ათწუთიანი ფრენის შემდეგ დისპეტჩერმა ეკიპაჟის უფროსს კოორდინატები გადასცა და სასწრაფოდ დაჯდომა უბრძანა. ამის მიზეზად კი ცენტრის ბრძანება დაასახელა. ჩვეული მარშრუტის ცვლილების შესახებ. ეკიპაჟი მითითებულ კოორდინატებზე შუაგულ ტაიგაში სამხედრო აეროდრომზე დაჯდა. იქ კი ეკიპაჟს სიურპრიზი ელოდა. მფრინავებს სამხედრო ფორმებში გამოწყობილი 4 შეიარაღებული პირი დახვდა. მათ ეკიპაჟის წევრები გაკოჭეს, ოქრო სასწრაფოდ გადატვირთეს მუხლუხოვან თვითმავალში და ტაიგაში გაუჩინარდნენ. აშკარა იყო, რომ ბოროტმოქმედებმა რადიოკავშირის ხაზის სკანირება მოახერხეს, ეკიპაჟს ჩაერთნენ, თვითმფრინავი ამგვარად დაასმევინეს და გაძარცვეს.

გენიალური რადიოტექნიკოსი

მთელი ეს ოპერაცია 33 წლის ანდრო ლოლაშვილის მიერ იყო დაგეგმილი. დეტალურად და მისი და მისი მეგობრების მიერ უზადოდ შესრულებული. ლოლაშვილი მოსკოვის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებული იყო. რამდენიმე უინტერესო და დაბალანაზღაურებადი სამუშაოს შემდეგ, ანდრო მოსკოვიდან ციმბირში გაემგზავრა და ოქროს საბადოზე უბრალო მუშად დაიწყო მუშაობა. მას ფული სჭირდებოდა. საბადოზე ბევრად მეტი გამომუშავება იყო, ვიდრე აკადემიკოსის ხელფასი. თუმცა, ანდროს უფრო მეტი სურდა და სწორედ ამიტომ მოიფიქრა ასეთი კომბინაცია. მან ამ სქემის გაშიფვრას 2 წელი მოანდომა. ხოლო ძალისმიერ შემსრულებლებად კი ანდრომ თავისი მამიდაშვილის მეუღლე და მისი სამი მეგობარი გამოიყენა. რადიოაპარატურა ლოლაშვილმა თავად ააწყო. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მარშრუტი და დრო წამებსა და მეტრებში გათვალა და ამ შემთხვევის მომკვლევები და გამომძიებელნი გაოცებას ვერ მალავდნენ და ჯერჯერობით უცნობ ბოროტმოქმედს გენიალურ რადიოტექნიკოსს უწოდებდნენ.

ტოტალური ძებნა

500 კილოგრამი ოქროს გატაცება, თანაც ასეთი დახვეწილი მეთოდით, საბჭოთა სისტემისთვის დიდი დარტყმა იყო და ამ საქმის გამოძიება „კაგებემ“ ითავა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საბადოს ყველა მოქმედი თანამშრომლის დოსიეები შეამოწმეს. ლოლაშვილი 2 წლის წამოსული იყო საბადოდან და პირველი შემოწმების ტალღას გადაურჩა. „კაგებემ“ მეორე ტალღა დაიწყო და უკვე ყველა იმ ადამიანის დოსიე შეამოწმეს, ვინც საბადოზე ბოლო ათი წლის განმავლობაში მუშაობდა. ანდრო აქაც გაძვრა, რადგან, როდესაც საბადოდან მოდიოდა, უკვე წინასწარ ვარაუდობდა, რომ მას კადრების განყოფილების არქივითაც დაუწყებდნენ ძებნას. ამიტომ ისარგებლა კადრების უფროსთან მეგობრობით. მას უკვე სამსახურიდან წამოსულმა მიაკითხა, სასმელი და მისაყოლებელი მიართვა და როდესაც შეზარხოშებული კადრების უფროსი ტუალეტში გავიდა, კარადიდან კარტოთეკა გამოიღო, თავისი ბარათი და სურათი სხვა ბარათითა და სურათით შეცვალა და კარტოთეკა უკან დააბრუნა. ერთი წლის შემდეგ კადრების უფროსი გამოიცვალა და ძარცვა რომ არ მომხდარიყო, კარტოთეკას 100 წელი არავინ მოიკითხავდა. თუმცა, ახალი კადრების უფროსს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ძველ თანამშრომლებზე და ლოლაშვილი მეორე ტალღასაც იოლად გადაურჩა. „კაგებე“ დროებით მოეშვა საბადოს თანამშრომლების დოსიეების „ჩითვას“ და სხვა მიმართულებით განაგრძო ძიება. თუმცა, სხვაგან რომ ვერაფერს გახდნენ, თან, ანალიტიკოსებს მიაჩნდათ, რომ საქმეში მაღალი დონის ფიზიკოსი, რადიოტექნიკოსი ფიგურირებდა, ისევ ძველი გზით განაგრძეს ძიება და შემოწმების მესამე ტალღა დაიწყეს.

ბანდა

მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაშაული თითქმის იდეალურად იყო შესრულებული, მისი გახსნა უმარტივესად მოხდა. ერთ-ერთი შემსრულებელი, 30 წლის იგორ ვასინი „მოგულავე“ ადამიანი იყო და ფულის შოვნის მიზნით თავისი წილი ოქროს ერთ-ერთ ზოდს 100 გრამი ჩამოახერხა და ოქროს შემსყიდველთან მიიტანა. ის კი „კაგებეს“ მიერ იყო გაფრთხილებული და ვასინის შესახებ მათ შეატყობინა. უშიშროებამ სამი კვირა უთვალთვალა ვასინს. შემდგომ კი შემსრულებელთა ოთხეული ერთად დააპატიმრეს და მათგან 393 კილოგრამი ოქრო ამოიღეს. მათი მეშვეობითვე გაიგეს ანდრო ლოლაშვილის ვინაობაც. თუმცა მას მხეცის ყნოსვა აღმოაჩნდა და მიიმალა. შემსრულებლებს 15-15 წელი მიუსაჯეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ლოლაშვილსა და 100 კილოგრამ ოქროს კი ინტენსიურად ეძებდნენ. ანდრო ქალაქ სნეჟნაიაში იმალებოდა. ის ქმარგაცილებული ვარვარა კრასინას სახლში დააკავეს.

ანდროს გატაცებული 100 კილოგრამი ოქრო ჩამოართვეს და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ქალს კი 5 წლით აღუკვეთეს თავისუფლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი