კრიმინალური ისტორიები

როგორ და ვისგან გაწმინდეს მოსკოვი ოლიმპიადის დროს

№33

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 24.08

დაკავება
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

შეთანხმება

1980 წლის 19 ივლისს მოსკოვში 22-ე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა, რომელიც 3 აგვისტოს დაიხურა. გახსნამდე ერთი თვით ადრე კი საბჭოეთის დედაქალაქიდან ყველა ბოროტმოქმედი, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი და პოლიტიკურად არასაიმედო პირი 101 კილომეტრის მოშორებით გაიყვანეს. მოსკოვი ჩაკეტილ ქალაქად გამოცხადდა და იქ მხოლოდ სპეციალური საშვებით იყო შესაძლებელი შესვლა. მაღაზიები კი გაივსო საბჭოთა მოქალაქეებისთვის მანამდე მიუწვდომელი პროდუქტებითა თუ ფართო მოხმარების ნივთებით. მილიციის ჯგუფები ძირითადად მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფდნენ. ანუ, რომელიმე მოსკოველს რომ სიმთვრალით არ შეეწუხებინა ათეულ ათასობით უცხოელი ტურისტი. დანარჩენი კატეგორიის დანაშაული კი იმ დღეების განმავლობაში იქ, პრაქტიკულად, არ მომხდარა. ქალაქის „გაწმენდის“ გარდა, პირადად მინისტრმა შჩოლოკოვმა დაიბარა მოსკოვში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტები და უთხრა, რომ „შავებისთვის“ ოლიმპიადის დღეებში „ჩალიჩი“ აეკრძალათ, რაც, ფაქტობრივად, პირნათლად შესრულდა. თუმცა, ერთი მსხვილი დანაშაული მაინც მოხდა.

ძარცვა

28 ივლისი ორშაბათი დღე იყო. ოლიმპიური თამაშები დასასრულს უახლოვდებოდა, დღის 1 საათსა და 30 წუთზე „მურში“ (მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო) შეტყობინება შევიდა, რომ გაძარცული იქნა ქალაქის ცენტრში მდებარე უმსხვილესი საიუველირო მაღაზია „სამოცვეტი“. მოგვიანებით დადგინდა, რომ მაღაზიიდან წაღებული ძვირფასეულობის ღირებულება სამასი ათას საბჭოთა მანეთს აჭარბებდა. თვითმხილველების თქმით, მაღაზიის შესვენებაზე დაკეტვამდე 10 წუთით ადრე, ანუ 12 საათსა და 50 წუთზე, იქ 4 ნიღბიანი ახალგაზრდა შეიჭრა. მათ ცეცხლსასროლი იარაღები ჰქონდათ და სულ რაღაც 5 წუთის განმავლობაში „გაასუფთავეს“ იქაურობა. იმ დროს მაღაზიაში 12 თანამშრომელი და 121 მყიდველი იყო, მათ შორის 9 იტალიელი ტურისტი, რომლებიც მაღაზიიდან გადიოდნენ. შეიარაღებული მძარცველების დანახვაზე უცხოელები მაშინვე იატაკზე დაწვნენ და ხელები კეფაზე დაიწყვეს. მძარცველებმა კი ორი შავი ტყავის ჩანთა გაავსეს და მაღაზია დატოვეს. შეტყობინებისთანავე გადაიკეტა (დამატებით) მოსკოვის გასასვლელები. ქუჩებში კი საეჭვო პირებს ჩხრეკდნენ. თუმცა მილიციისა და „კაგებეს“ ყველა მცდელობა, რომ მძარცველების კვალზე გასულიყვნენ, წარუმატებელი აღმოჩნდა.

მსხვილკარატიანი ლალის თვლები

დეფიციტურ საკვებ პროდუქტებთან და ნივთებთან ერთად მოსკოვის საიუველირო მაღაზიებში გამოიტანეს გასაყიდად მსხვილკარატიანი ლალის თვლები, რომლებიც სხვადასხვა სამკაულებსა და სუვენირებში იყო ჩასმული. ეს თვლები სპეციალურად მოსკოვის ოლიმპიადისთვის დაამუშავეს საუკეთესო საბჭოთა იუველირებმა. ძებნა ძირითადად, ამ ხაზით ხორციელდებოდა და მაძებრები იმედოვდნებდნენ, რომ თუკი ბოროტმოქმედები თუნდაც ერთი თვლის გაყიდვას ან მაღაზიაში ჩაბარებას დააპირებდნენ, მათ დაიჭერდნენ და საქმეც გაიხსნებოდა. ამგვარად, ლალის თვლები განსაკუთრებულ ძებნაში იყო, თუმცა მათი ასავალ-დასავალი მთელი საბჭოთა ქვეყნის მასშტაბით არსად ჩანდა. გააფრთხილეს ყველა იუველირი და გადამყიდველი. ძებნაში ჩაერთნენ ავტორიტეტებიც. თუმცა, ყველგან შედეგი ნულის ტოლი იყო: ნაძარცვი ნივთების ძებნისას მილიციელები ზოგჯერ კურიოზულ სიტუაციაში ვარდებოდნენ. იყო ათეულობით შემთხვევა (განსაკუთრებით მოსკოვში, როდესაც ფორმიანმა თუ გადაცმულმა ორგანოს თანამშრომელმა ძვირფას სამკაულიანი მოქალაქე გააჩერა და შემოწმებაზე მილიციაში წაიყვანა, თუმცა ნაძარცვი ლალისთვლიანი სამკაული არცერთს არ აღმოაჩნდა და რა თქმა უნდა, ყველა გაათავისუფლეს.

მძარცველები

1982 წლის 3 აგვისტოს, ანუ ძარცვიდან 2 წლის შემდეგ თბილისში მცხოვრებ იუველირთან, ვინმე ანგელოვთან ახალგაზრდა კაცი მივიდა და ლალის თვალი შესთავაზა გასაყიდად. ანგელოვიც გაფრთხილებული იყო. „კაგებესთგან“ ძებნილი თვალი უმალვე იცნო. ახალგაზრდას უთხრა: ხვალ გამომიარე, ფულს დაგახვედრებო. როდესაც ახალგაზრდა წავიდა, იუველირმა ნაცნობ „კაგებეშნიკს“ დაურეკა და ყველაფერი შეატყობინა. მეორე დღეს კი ახალგაზრდა ანგელოვის ბინაში ფაქტით დააკავეს. დაკითხვაზე წაიყვანეს და დადგინდა, რომ „სამოცვეტები“ დაკავებულმა და მისმა სამმა მეგობარმა გაძარცვეს. მძარცველები მოსკოვის უცხო ენების ინსტიტუტის კურსდამთავრებული ქართველები იყვნენ. ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ ამ საქმეში, ძარცვისას მათ ხისგან გამოთლილი, ოსტატურად კომუფლირებული პისტოლეტები ჰქონდათ. მძარცველებს ნაძარცვი ამოუღეს და 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იუველირი ანგელოვი კი ამ ამბიდან 3 წლის შემდეგ ანალოგიური დასმენისას ერთ-ერთმა მძარცველმა მძიმედ დაასახიჩრა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი