კრიმინალური ისტორიები

როგორ და ვინ გააცურა საბჭოთა დაზვერვა ქართველი ფიზიკოსის დახმარებით

№18

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 11.05, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„პენტაგონის“ „სუპერთხუნელა“

იოსებ დევიდი „პენტაგონის“ საიდუმლო ტექნოლოგიების განყოფილებაში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა. ის პროფესიით ფიზიკოსი იყო და ამასთან, სამხედრო ტექნოლოგიების უმაღლეს კლასიფიკაციას ფლობდა. დევიდის ბაბუა სოსო დავითაშვილი შეერთებულ შტატებში ჩავიდა და იქაური მოქალაქე გახდა. იქვე დაოჯახდა და ვაჟიც შეეძინა, რომელსაც საფუძვლიანად შეასწავლა მშობლიური ქართული ენა, ასევე, შვილიშვილს – სოსო უმცროსსაც. ერთადერთი, რასაც სოსო დავითაშვილი სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეეგუა, ის იყო, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას გვარის შემოკლება სთხოვა, რადგან დავითაშვილის წარმოთქმა უჭირდათ და მას დევიდი უწოდეს. უმცროსი იოსებ დევიდი „პენტაგონში“ საგანგებო შერჩევით მოხვდა და მალევე გამოამჟღავნა კრეატიულობა და ინოვაციიის ნიჭი. 1976 წელს იოსებ დევიდი მოსკოვში გაგზავნეს ფიზიკოსთა საერთაშორისო კონფერენციაზე. როგორც ეს ხდებოდა ხოლმე, ახალგაზრდა ამერიკელ მეცნიერს „კაგებემ“ დაადგა თვალი, მისი გადმობირება სცადეს და წარმატებითაც განახორციელეს. დევიდი საბჭოთა უშიშროებას „პენტაგონის“ საიდუმლო საბუთებს აწვდიდა. სამაგიეროდ, კი მის ანონიმურ ანგარიშზე, ჟენევის ბანკში, მსხვილი თანხები ირიცხებოდა. საბჭოთა უშიშროება კმაყოფილი იყო დევიდის საქმიანობით და მას „პენტაგონის“ „სუპერთხუნელას“ უწოდებდნენ.

ზესაიდუმლო ინფორმაცია

მას მერე, რაც „თეთრ სახლში“ პრეზიდენტი რონალდ რეიგანი შევიდა, ანტისაბჭოთა რიტორიკა გაძლიერდა. პარალელურად კი, გაორმაგდა საბჭოთა დაზვერვის მუშაობა ამერიკულ მიმართულებაზე. სხვადასხვა წყაროდან ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები საიდუმლოდ ზეიარაღზე მუშაობდა, რომელიც უშუალოდ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული და საფუძვლიანად დაანგრევდა საბჭოთა სამხედრო უსაფრთხოების სისტემას. აქედან გამომდინარე, იოსებ დევიდს დავალება მიეცა, რომ ამ ზეიარაღის შესახებ ინფორმაციები მოეპოვებინა. 1980 წელს დევიდისგან მოსკოვში გაიგზავნა საიდუმლო ინფორმაცია ამ იარაღის შესახებ. როგორც გაირკვა, ამერიკელებს შემუშავებული ჰქონდათ, ეგრეთ წოდებული, „სოის“ პროგრამა, ანუ, როგორც შემდეგში მას „ვარსკვლავური ომების“ პროგრამად მოიხსენიებდნენ. დევიდი წერდა, რომ იქმნებოდა ისეთი ტექნოლოგიური იარაღი, რომელიც კოსმოსში განთავსდებოდა და მას ვერანაირი იარაღით ვერ მისწვდებოდნენ. სამაგიეროდ კი, იმ იარაღს შეეძლო, დაერტყა დედამიწის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი ობიექტისთვის. დევიდს დაავალეს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა. პარალელურად კი საბჭოთა კავშირში დიდი სამეცნიერო-ტექნიკური და ფინანსური რესურსების მობილიზაცია განხორციელდა და სასწრაფოდ დაიწყეს მუშაობა „სოის“ საწინააღმდეგო იარაღის დამზადებაზე. იმავდროულად კი, საბჭოთა მთავრობამ ოფიციალურად განუცხადა მსოფლიოს „სოის“ შესახებ და ამერიკის ბოროტ ზრახვებზე ალაპარაკდა. პრეზიდენტი რეიგანი კი საპასუხო განცხადებით გამოვიდა და თქვა: „სოის“ პროგრამა სხვა არაფერია, თუ არა ამერიკის ირგვლივ უსაფრთხოების ქოლგის შექმნა და არავისზე თავდასხმას არ ვგეგმავთო. ამ ორაზროვანმა განცხადებამ კიდევ უფრო მეტად შეაშფოთა საბჭოთა მთავრობა და „ანტისოის“ პროგრამისთვის სამჯერ მეტი ფული გამოყვეს.

მთავარი მიზანი

„ანტისოის“ პროგრამამ კოლოსალური თანხები წაიღო და ამან საბჭოეთი გაღატაკებამდე მიიყვანა. გორბაჩოვის „პერესტროიკამ“ და სხვა არასწორმა ნაბიჯებმა კი ქვეყანა დაშლის პირას მიიყვანა და საბოლოოდ, საბჭოთა კავშირი ნაწილებად – დამოუკიდებელი სახელმწიფოებად დაიყო. 1990-იან წლებში კი გაირკვა, რომ „სოი“ აფერა იყო და ამერიკელებმა ეს „უტკა“ იმიტომ გაუშვეს, რომ სხვა მეთოდებთან ერთად, მისი გამოყენებით, საბჭოეთი დაეშალათ, რასაც მიაღწიეს კიდეც. „პენტაგონის“ „სუპერთხუნელა“ კი „კაგებეს“, სინამდვილეში, დეზინფორმაციებს აწვდიდა.

იოსებ დევიდი დღესაც ცოცხალია და შეერთებულ შტეტებში ცხოვრობს. „პენტაგონში“ აღარ მსახურობს, თუმცა, მას დროგამოშვებით „თეთრ სახლში“ საკონსულტაციოდ იწვევენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი