კრიმინალური ისტორიები

როგორ ამოიცნო თავისი მწვალებელი ჯალათი ქართველმა ექიმმა

№42

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 26.10

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

საიქიოდან მობრუნებული

1944 წლის 24 ივნისს ოპერაცია „ბაგრატიონის“ დაწყების მეორე დღეს ბელორუსიის დედაქალაქში „გესტაპო“ განსაკუთრებით გააქტიურდა. ფაშისტი ჯალათები მასობრივად აწამებდნენ ადამიანებს, ხოცავდნენ, შემდგომ კი მკვდრები ქალაქგარეთ გაჰყავდათ და უზარმაზარ თხრილში ყრიდნენ და მიწას აყრიდნენ. გერმანელი ფაშისტები და ბელორუსი „პოლიციები“ ყველგან ჯაშუშებსა და დივერსანტებს ეძებდნენ, რაც სიმართლეს მოკლებული არ იყო. ქალაქში პატრიოტული ჯგუფები მოქმედებდნენ, რომლებიც პერმანენტულად ესხმოდნენ თავს მტერს. მხოლოდ მაისის თვეში 60 ფაშისტი და პოლიცაი მოკლეს, მაგრამ პატრიოტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე 34 წლის ოლეგ მოზიარი ცოცხალი რჩებოდა. მოზიარი „გესტაპოს“ მთავარი ჯალათი იყო. ის საკუთარი ხელით ხვრეტდა პატრიოტებს. მოზიარზე რამდენიმე თავდასხმა მოაწყვეს, მაგრამ მისი მოკვლა ვერა და ვერ მოხერხდა. ერთ-ერთმა გოგონამ მას ყელში დანა დაარტყა, მაგრამ ფაშისტმა ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. სამაგიეროდ, მას ყელზე უზარმაზარი ნაიარევი დარჩა, რომელსაც წვერით ბოლომდე ვერ იფარავდა. ამ თავდასხმის შემდეგ მოზიარი გაათმაგებული ძალებით აგრძელებდა ადამიანების წამებასა და მათ ხოცვას. 24 ივნისს მოზიართან მორიგი ჯგუფი მიიყვანეს. ისინი ჯალათმა სასტიკად აწამა, 20 ადამიანი კი საიქიოში გაისტუმრა. შემდეგ ყველანი სატვირთო მანქანაზე შეაგდეს და ქალაქგარეთ წაიღეს დასამარხად. მათ შორის იყო 24 წლის ნოდარ ხუციშვილი, ერთ-ერთი დივერსიული ჯგუფის წევრი. ნოდარიც სხვა ნაწამებ ადამიანებთან ერთად ჩააგდეს თხრილში და მიწა დააყარეს. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, ხუციშვილი მხოლოდ გათიშული იყო და მიწის დაყრის დროს გამოფხიზლდა. მიწიდან ამოძვრა და ღამის წყვდიადში მოახერხა, იქაურობას გასცლოდა. ნოდარი საიქიოდან მობრუნდა. ერთხანს ერთ-ერთ ოჯახში იმალებოდა. ხოლო ბელორუსიის დედაქალაქის გათავისუფლების მერე კი სამხედრო კონტრდაზვერვა „სმერშში“ მივიდა და მათ თავისი ისტორია მოუყვა.

20 წლის შემდეგ

ომის დამთავრების შემდეგ ნოდარ ხუციშვილმა სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და ექიმი გახდა. სამუშაოდ ის მოსკოვში, ქირურგიის ინსტიტუტში გაამწესეს, ის მალე წამყვანი სპეციალისტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ნოდარს მარცხენა ფეხზე „გესტაპოში“ წამების შემდეგ სერიოზული პრობლემები ჰქონდა და კოჭლობდა, ის მაინც ახერხებდა მრავალი საათის განმავლობაში ფეხზე დგომასა და უნიკალური ოპერაციების ჩატარებას. ხუციშვილის მაღალი კვალიფიკაციის გამო კლინიკაში შესულ ყველა პაციენტს ნოდართან უნდოდა მკურნალობა. 1964 წლის 24 ივნისს, ანუ 20 წლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც ნოდარ ხუციშვილი საიქიოდან დაბრუნდა, კლინიკაში მორიგე იყო. მიმღები განყოფილებიდან დარეკეს და ხუციშვილი იხმეს. მორიგემ მას ტელეფონში უთხრა:

– ნოდარ ვარლამოვიჩ, მღვდელი მოიყვანეს. შოკურ მდგომარეობაშია და სავარაუდოდ, ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი.

– ახლავე მოვალ, – მიუგო მორიგეს ნოდარმა და მიმღებისკენ გაემართა.

ანაფორაში გამოწყობილ, გათიშულ სასულიერო პირს კოლეგა მღვდელმსახურები გარს ეხვივნენ.

მამა გერმოგენი 55-60 წლის, დაბალი, ტანსრული მამაკაცი იყო. გრძელ, მეჩხერ წვერს ატარებდა და პოდმოსკოვიეს ეკლესიაში მსახურობდა. ნოდარმა გულდასმით გასინჯა პაციენტი და თქვა:

– სასწრაფო ოპერაციაა საჭირო. ლავიწის ძვალი აქვს ჩამსხვრეული.

სულ რაღაც 40 წუთის შემდეგ ნოდარ ხუციშვილი პაციენტს რთულ ოპერაციას უტარებდა, რომელმაც 5 საათს გასტანა. უკვე თენდებოდა, როდესაც მან ოპერაცია დაასრულა და პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გაისტუმრა. გერმოგენის განკურნება სწრაფად მიმდინარეობდა. ამას კი ხელი შეუწყო წარმატებით გაკეთებულმა ოპერაციამ და სასულიერო პირი მეორმოცე დღეს კლინიკიდან გაწერეს. თუმცა, მის წასაყვანად მისული კოლეგების გასაკვირად, გერმოგენი მათ არ გაატანეს, ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში გადაიყვანეს. საქმე კი ის იყო, რომ გერმოგენში ნოდარმა მინსკის „გესტაპოს“ ჯალათი ოლეგ მოზიარი ამოიცნო. „კაგებეში“ მოზიარმა ყველაფერი აღიარა და პატიებას ითხოვდა. თუმცა, სასამართლომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რადგან ათასობით ადამიანი ჰყავდა ნაწამები და ასეულობით კი – მოკლული. „გესტაპოს“ ჯალათი ლეფორტოვოს ციხეში დახვრიტეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი