კრიმინალური ისტორიები

რისთვის შეიძინა პაბლო ესკობარმა ორი საბჭოთა წყალქვეშა ნავი

№49

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 15.12, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

გემების სასაფლაო

საბჭოთა კავშირს ჯერ კიდევ არ ჰქონდა წერტილი დასმული და ქვეყანა ისევ არსებობდა, როდესაც საბჭოეთის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილი, ფაქტობრივად, ტურისტულ მარშრუტად აქციეს და ის მნახველთათვის ხელმისაწვდომი გახადეს. ლაპარაკია სევასტოპოლის საზღვაო ბაზაზე.

1989 წლის შემოდგომაზე ამერიკელი, ბრიტანელი და ფრანგი სამხედრო ექსპერტები სევასტოპოლში ჩაიყვანეს და დაუფარავად აჩვენეს ის, რის ნახვასაც ამ ქვეყნის დაზვერვები 50 წლის განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ იქ ვერ აღწევდნენ. წყალქვეშა ნავებისთვის შექმნილმა უზარმაზარმა წყალქვეშა გვირაბებმა განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია სტუმრებში. უცხოელი ექსპერტები აღტაცებას ვერ მალავდნენ. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე აგრეთვე, ეგრეთ წოდებულმა, გემების სასაფლაომაც. ეს იყო ძველი წყალქვეშა ნავების სადგომები. ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ „დასაფლავებულთაგან“ ყველა, როგორც ამბობდნენ, „ხოდზე“ იყო. შეეძლოთ ეცურათ. თუმცა, თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებისთვის გამოუსადეგარი იყვნენ, ამიტომ ისინი ჩამოწერეს, რათა ჯართისთვის გამოეყენებინათ.

სარფიანი წინადადება

სევასტოპოლში ჩასულ სამხედრო ექსპერტებს შორის პოლკოვნიკი აურელიანო მენდესიც იყო. ეს სამხედრო კოლუმბიის არმიაში მსახურობდა. თუმცა, ამერიკული სამხედრო განათლება ჰქონდა მიღებული და ამერიკელებმა ის თავის ჯგუფში ჩართეს. 36 წლის მენდესი, თავისი ოფიციალური სტატუსის პარალელურად, პაოლო ესკობარის ნარკოკარტელის წევრი იყო და ცნობილ ნარკობარონს ეხმარებოდა, რაშიც ბოსისგან ფანტასტიკურ ჰონორარებს იღებდა. ინსპექტირების დროს პოლკოვნიკმა მენდესმა განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო ორ პატარა საბჭოთა წყალქვეშა ნავს, რომლებიც ჩამოსაწერად იყო გამზადებული. თუმცა, ცურვა შეეძლო და საკმაოდ მანევრირებაც. მასპინძლებს შორის ესპანურად მოლაპარაკე მხოლოდ 42 წლის კარლო ბაქრაძე იყო. მას სამხედრო ჩინი არ ჰქონდა, თუმცა ბაზაზე სამეურნეო („ზავხოზი“) თანამდებობა ეკავა და საკმაო გავლენაც ჰქონდა. ბაქრაძემ რომ მენდესს წყალქვეშა ნავებისადმი ინტერესი შეატყო, ესპანურად ჰკითხა:

– რამ დაგაინტერესათ, ბატონო პოლკოვნიკო?

– როგორც ვხვდები, ეს ძველი ნავები ჯერ კიდევ მწყობრში არიან, – მიუგო მენდესმა.

– ესენი მეორე მსოფლიო ომის დროინდელია და 40 წელია, აღარ მსახურობენ. თუმცა, ცურვაც შეუძლიათ და სროლაც. მაგრამ მათ ჩამოვწერთ, ჯართად ვაქცევთ და გადასადნობად წავიღებთ, – თქვა ბაქრაძემ.

მენდესი დაფიქრდა. შემდეგ ბაქრაძეს გაუღიმა და ხუმრობით უთხრა:

– ცოდოა ისინი გადასადნობად. მით უმეტეს, თუ გაცურავენ. ჩვენ სიამოვნებით შევიძენდით მათ, რა თქმა უნდა, თუკი მოგვყიდიან.

– რაში გამოიყენებთ? – იკითხა ბაქრაძემ. მენდესმა კი ხუმრობით მიუგო:

– ანტიკვარული სამხედრო აღჭურვილობის მუზეუმისთვის.

გამოცდილი ბაქრაძე მიხვდა, რომ მენდესი მყიდველი იყო და მსუყე თანხასაც გადაიხდიდა. ხოლო თუ რისთვის უნდოდა ისინი მენდესს, ბაქრაძეს ფეხებზე ეკიდა და პოლკოვნიკს უთხრა:

– თუ მართლა გსურს ყიდვა, შეგვიძლია, დავილაპარაკოთ და შევთანხმდეთ.

იდეალური ტრანსპორტი

კარლო ბაქრაძე და აურელიანო მენდესი ერთმანეთს სევასტოპოლის ერთ-ერთ რესტორანში შეხვდნენ და პოლკოვნიკმა დაადასტურა, რომ ორივე წყალქვეშა ნავს იყიდდა და თან მსხვილ თანხასაც გადაიხდიდა.

– მაინც რამდენად იყიდით, ბატონო პოლკოვნიკო, ამ ნავებს? – ჰკითხა ბაქრაძემ მენდესს.

– თქვენ ყიდით და ფასიც თქვენ უნდა დაადოთ, – მიუგო კოლუმბიელმა.

– 25 მილიონი დოლარი, – თქვა ბაქრაძემ.

– არაა ძვირი. მაგრამ ბაზიდან როგორ გამოიყვანთ? – იკითხა პოლკოვნიკმა.

– ეს ჩემი საქმეა. ნავებს თქვენს ნაპირებამდე ჩამოვიყვანთ. თუმცა, მანამდე 25 მილიონიდან 22 საბანკო ანგარიშზე უნდა დადოთ. 3 მილიონი კი ნაღდი ფული გადმომცეთ. შეძლებთ? – იკითხა ბაქრაძემ.

– უპირობოდ. მაგრამ იცოდეთ, რომ სერიოზულ შარში გავეხვევით ორივე, თუკი მე ფულს გადავიხდი და ნავებს კი ვერ მივიღებ, – თქვა პოლკოვნიკმა.

– დარდი ნუ გაქვთ, სენიორ მენდეს. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მოვილაპარაკეთ, – უთხრა ბაქრაძემ კოლუმბიელს.

ორი კვირის შემდეგ შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში წარმდგენზე 22 მილიონი დოლარი დაიდო. ხოლო 3 მილიონი დოლარი კი მენდესის ნდობით აღჭურვილმა პირმა ბაქრაძეს ხელიდან ხელში გადასცა.

ამ ამბიდან 3 დღის მერე ორმა ძველმა საბჭოთა წყალქვეშა ნავმა მშვიდობიანად დატოვეს სევასტოპოლის საზღვაო ბაზა და 10 დღეში კოლუმბიის ნაპირებს მიაღწიეს.

საქმე კი ის იყო, რომ ესკობართან შეკრულმა პოლკოვნიკმა ეს გემები თავისი ბოსის ფულით შეიძინა და კოლუმბიელები მათ კოკაინის გადასაზიდად იყენებდნენ (სავარაუდოდ, ეს დღემდე გრძელდება). ამ წყალქვეშა ნავებს კი ყოფილი საბჭოთა კაპიტნები და მათი საზღვაო გუნდი მართავდნენ, რაშიც კოლუმბიელები დიდ გასამრჯელოს იხდიდნენ. თუმცა, თითოეულ რეისზე მათ 7-8 მილიონი რჩებოდათ.

ბაქრაძემ ხელზე აღებული 3 მილიონიდან სულ რაღაც 50 ათასი დოლარი იმ კაპიტნებსა და მათ მატროსებს გადაუხადა, ვინც წყალქვეშა ნავები კოლუმბიის ნაპირებამდე ჩაიყვანა. 100 ათასი დოლარი ბაზის უფროსს ჩაუთვალა, რომელმაც ნავების ჩამოწერა და ბაზიდან გაშვება მოაგვარა. ბაქრაძეს კი 22 მილიონს პლუს 2 მილიონ 800 ათასი დოლარი ერგო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი