კრიმინალური ისტორიები

რისთვის მიუსაჯეს უვადო პატიმრობა პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკსა და მის მძღოლს

№39

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 06.10, 2022 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

პუბლიკაციის ყველა მონაწილის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

მძიმე დანაშაულები

მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში საქართველოში განხორციელებულმა ხელისუფლების ცვლილებამ ქვეყანას დროებითი აღმავლობა მოუტანა, ზოგადი კრიმინოგენური ვითარება ისევ ძალიან საგანგაშო იყო. ხოლო ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში კი – კატასტროფული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ ცენტრში გაკეთებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს რეგიონი მკვლელობის მაჩვენებლებით (რა თქმა უნდა, პროცენტულად) მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებდა და მხოლოდ ნიუ-იორკსა და მოსკოვს ჩამორჩებოდა. ზემოხსენებულ რეგიონში გახშირებული იყო ყაჩაღური თავდასხმები, რომლებიც მკვლელობებით სრულდებოდა. სქემა კი ასეთი იყო: რამდენიმე ბოროტმოქმედი ღამით შედიოდა მსხვერპლის სახლში და ფულსა და ძვირფასეულობას თხოულობდა. ხოლო თუკი ყაჩაღები უარს იღებდნენ, მაშინ მსხვერპლს სასტიკად აწამებდნენ – აუთოვებდნენ და ამგვარად აიძულებდნენ ფულისა და ძვირფასეულობის გამოჩენას, ბოლოს კი კლავდნენ. კლავდნენ მათაც, ვინც მოთხოვნილ ქონებას ნებაყოფლობით აძლევდნენ ყაჩაღებს, ანუ ბოროტმოქმედები მოწმეებს არ ტოვებდნენ. ძირითადად, ყაჩაღები იმ ადამიანების სახლებში შედიოდნენ, ვინც ახალი დაბრუნებული იყო უცხოეთიდან. როგორც ბალისტიკურმა ექსპერტიზამ აჩვენა, ყველა სასიკვდილო-საკონტროლო გასროლა წარმოებული იყო „მაკაროვის“ სისტემის ორი სხვადასხვა პისტოლეტიდან და თითოეულს მაყუჩი ეკეთა. იმ რაიონის პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ვარლამ სახვაძე იყო, მისი მოადგილე კი – პოდპოლკოვნიკი ჯონდო ლარიძე, რომელიც აგრეთვე, სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის პოსტსაც ითავსებდა. სახვაძე ძველი კადრი იყო, ლარიძე კი – ახალი. ორივე ხელმძღვანელი თბილისში დაიბარეს და ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მდგომარეობის გამოსასწორებლად მათ ორთვიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა.

მთავარი ბანდიტი

მიუხედავად მინისტრის მუქარისა, რაიონში დანაშაული არ შემცირებულა და მომდევნო 2 კვირის განმავლობაში კიდევ 2 ყაჩაღობა მოხდა, რომლებიც მკვლელობით დასრულდა. გაძარცვეს და მოკლეს ცოლ-ქმარი აზიაშვილები, რომლებიც ახალი დაბრუნებული იყვნენ რუსეთიდან და თბილისში ბინის ყიდვას აპირებდნენ. როგორც მათმა ქალიშვილმა განაცხადა, ფული მას ჰქონდა, ამიტომ აზიაშვილებისგან ყაჩაღები ხელცარიელნი წავიდნენ. თუმცა ცოლ-ქმარი ისე აწამეს, რომ ორივეს სული ამოხდა და საკონტროლო გასროლები არ დასჭირვებიათ. სამაგიეროდ, საკონტროლო გასროლით მოკლეს ონისე კარბელაშვილი. მისი სახლიდან კი 21 ათასი ლარი წიღეს. როგორც მისმა პარტნიორმა განაცხადა, მოკლული კარბელაშვილი ჯართის მიმღებ პუნქტს ფლობდა. იმ საღამოს სახლში ეს თანხა წაიღო, რომ მეორე დღეს მეწილეებისთვის გაეყო. პოლკოვნიკი ვარლამ სახვაძე შლეგივით აქეთ-იქით აწყდებოდა, მაგრამ შედეგი ნულის ტოლი იყო. ჯონდო ლარიძეს კი მთელი პირადი შემადგენლობა ფეხზე ჰყავდა დაყენებული, მაგრამ ვერც ამან მოიტანა სასიკეთო ძვრა. საქმე იქამდე მივიდა, რომ რაიონში ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დარეკა, პირადად პოლიციის უფროსს ელაპარაკა და შეჰპირდა, რომ თუკი მდგომარეობა დარჩენილ დროში არ გამოსწორდებოდა, არამც თუ ყველას გაყრიდა სამსახურიდან, არამედ ციხეში ამოალპობდა. ყოველივე ამას ისიც ერთვოდა, რომ რაიონში, ასევე, მოქმედებდა ვინმე გაიოზ ყვარელაშვილი, ის ციხიდან იყო გაქცეული და განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედების კატეგორიას მიეკვთვნებოდა. ხმა დადიოდა, რომ სწორედ მისი ბანდა მოქმედებდა, მაგრამ არც ის უნახავს ვინმეს და არც მისი „პაძელნიკების“ ვინაობა იცოდნენ. ბოლო დანაშაულიდან 4 დღის შემდეგ სახვაძე ისევ თბილისში დაიბარეს და მის ადგილზე ჯონდო ლარიძე დარჩა. შუაღამეს პოდპოლკოვნიკმა სპეცრაზმის თანამშრომლები შეკრიბა და უთხრა:

– მაქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომ გამთენიისას აკაკი კოხრეიძეზე უნდა მოხდეს თავდასხმა ამ საქმის მოთავეა გაიოზ ყვარელაშვილი. ისინი კლდეების მხრიდან წამოვლენ თეთრი „ნივით“ და არხთან უნდა ჩაუსაფრდეთ და თუკი მანქანას არ გააჩერებენ, უწყვეტი ცეცხლი გაუხსენით და ადგილზევე დაადუღეთ. ისინი უაღრესად სახიფათონი არიან და ფრთხილად იყავითო.

აღნიშნულ დროს კლდეების მხრიდან არხის მიმართულებით მართლაც მოძრაობდა თეთრი „ნივა“ მიუხედავად გაფრთხილებისა და ხიდთან დაგებული ეკლიანი ლენტისა, ავტომობილი დიდი სიჩქარით ცდილობდა გაღწევას. სპეცრაზმელებმა „ნივას“ ცეცხლი გაუხსნეს და მანქანა არხში გადავარდა. ამ დროს უკვე გათენდა და წყლიდან პოლიციელებმა სამი დაცხრილული ადამიანის ცხედრები ამოიღეს, თუმცა მათ შორის ყვარელაშვილი არ აღმოჩნდა. ძებნის არეალი გააფართოვეს. თუმცა, იმავე საღამოს თბილისიდან პოლიციის სპეცჯგუფი ჩამოვიდა. მათ პოდპოლკოვნიკი ჯონდო ლარიძე დააპატიმრეს და თბილისში წაიყვანეს.

საქმე კი ის იყო, რომ არხში გადავარდნილ „ნივაში“ მართლაც იჯდა „ცოცხი“, რომელიც მარჯვენა მხარში მსუბუქად დაიჭრა. მან არხიდან გაღწევა მოახერხა. შემდგომ თბილისში ჩააღწია პოლიციას ჩაბარდა და მოყვა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში, თან ერთ-ერთი მაყუჩიანი „მაკაროვიც“ წარადგინა. მისი თქმით, ბანდის მეთაური ლარიძე იყო და სწორედ ის მალავდა გაიოზ ყვარელაშვილი თავის აგარაკზე. პოდპოლკოვნიკი ბანდის წევრებს „ნაკოლებს“ აძლევდა და საქმეებზე აგზავნიდა, თვითონ კი აზღვევდა. ბანდის წევრი იყო ლარიძის მძღოლი, ემზარ ხორგუაშვილიც. შემდგომ თავად ლარიძე გამოტყდა, რომ გაიოზი და სხვა ბანდიტები შეგნებულად გაუშვა ვითომ საქმეზე, გზაში კი ჩასაფრება დაუხვედრა, რომ ისინი დაეხოცათ. შემდგომ კი იქიდან ორივე „მაკაროვს“ ამოიღებდნენ. ყველაფერი გაიოზ ყვარელაშვილსა და მოკლულებს „შეეტენებოდათ“, თავად კი მშრალი გამოძვრებოდა, თუმცა შემთხვევით გადარჩენამ მას გეგმები ჩაუშალა.

P.S. ყოფილი პოდპოლკოვნიკი და მისი მძღოლი დღემდე უვადო პატიმრობაში რჩებიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი