კრიმინალური ისტორიები

რისთვის მიუსაჯეს ქართველ განგსტერს გრძელვადიანი პატიმრობა

№43

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 31.10

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

რეკეტიორი

ეგრეთ წოდებული, საძმოები რომ დაიშალა, ცოცხლად გადარჩენილთა 90 პროცენტი ციხეებში გაამწესეს. მხოლოდ მათი მცირე ნაწილი გადაურჩა პატიმრობას და მათ საქართველო დატოვეს. გაქცეულთა შორის აღმოჩნდა 26 წლის აკაკი ბერია, რომელიც ერთ-ერთn ყველაზე მძლავრი და სასტიკი საძმოს მეთაური იყო. ბერიამ დაკარგული ცხინვალის გავლით, რუსეთში მოახერხა გადასვლა და მოსკოვში ჩავიდა. რუსეთის დედაქალაქში მან ორიოდე თვე დაყო, ერთ-ერთ ქართველ ბიზნესმენს 130 ათასი დოლარი გამოსძალა და საოკეანო ლაინერით კანადაში გაიქცა. ბერიას ივანე პავლოვის სახელზე გაცემული რუსული პასპორტი ჰქონდა და ქვეყანაში ამგვარად შევიდა, იქ კი უზარმაზარი უკრაინული დიასპორის კრიმინალურ დაჯგუფებაში შეაღწია. ძალიან მალე ლიდერობას და რეკეტიორობას მიჰყო ხელი. ბერია და მისი ჯგუფი კანადასა და შეერთებულ შტატებში ჰოკეის ნაციონალურ ლიგაში მოთამაშე რუსი და უკრაინელი ეროვნების ვარსკვლავებს დაასხდნენ და ფულს სძალავდნენ მათ. რეკეტიორები ამა თუ იმ ჰოკეისტს ბინაზე „სტუმრობდნენ“ და მოკვლის მუქარით ყოველთვიურ გადასახადს უწესებდნენ. ჰოკეის ვარსკვლავები კი სიკვდილის ან მძიმე ტრავმის შიშით ფულს უხდიდნენ რეკეტიორებს და სულ რაღაც ერთ წელიწადში ბერიას დაჯგუფებამ მილიონამდე დოლარის მოგროვება მოახერხა. თუმცა, კანადისა და შეერთებული შტატების ძალოვანმა სტრუქტურებმა შეიტყვეს ამ საქმიანობის შესახებ და ფარული გამოძიება ჩაატარეს. დაადგინეს კრიმინალების მოქმედების სქემა და სპეცოპერაციის შედეგად ბერიას მთელი დაჯგუფება დააპატიმრეს, გარდა მეთაურისა. პავლოვის ვინაობით მოქმედი აკაკი ბერია ხელიდან დაუსხლტა ჩრდილოამერიკელ სამართალდამცველებს და საოკეანო ლაინერით ევროპაში გაიქცა. ტყავის ქეისში კი მას 700 ათასი დოლარი ჰქონდა მოთავსებული და ორკვირიანი კრუიზის შემდეგ მარსელის პორტში ჩავიდა.

სპორტსმენთა რისხვა

კრიმინალურ მარსელში აკაკი ბერიამ ფეშენებელური ვილა შეიძინა და ამ საპორტო ქალაქში უკვე თავისი ნამდვილი ვინაობით დაფუძნდა. ერთი წლის განმავლობაში ბერია კანონმორჩილ ცხოვრებას ეწეოდა. ის ადგილობრივ სიტუაციას სწავლობდა, რომ შემდგომ კრიმინალურ საქმიანობაში ჩაბმულიყო. იქ, ძირითადად, ნარკობიზნესი ყვაოდა, რადგან მარსელი ნარკოტრანზიტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ცენტრი იყო ევროპაში. ბერიამ რამდენიმეჯერ წარუმატებლად სცადა ამ ბიზნესში ჩართვა, მაგრამ უშედეგოდ. ბერიას ამის საშუალება არ მისცა მისივე თანამემამულემ, ცნობილმა კრიმინალმა გოდერძი ჭკადუამ. ის ერთ-ერთი საძმოს მეთაური იყო, ბერიაზე ადრე გამოიქცა საქართველოდან და ევროპულ ნარკოტრანზიტში წარმატებით ჩაერთო. გოდერძიმ აკაკი შეხვედრაზე დაიბარა და უთხრა, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ კლავს მას, რომ ისიც ქართველია და გააფრთხილა, რომ ეს სფერო მას ეკუთვნოდა და მას სხვა საქმიანობა აერჩია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყოველივე ბერიას ლიკვიდაციით დასრულდებოდა. აკაკი ბერია უაღრესად იყო შეურაცხყოფილი, მაგრამ ჭკადუას ძალიან ძლიერი დაჯგუფება ჰყავდა და თანამემამულეს დაეთანხმა. ხელცარიელი რომ არ დარჩენილიყო, ძველი, ნაცადი სქემით დაიწყო საქმიანობა. იმ პერიოდში ევროპაში რამდენიმე ათეული ქართველი სპორტსმენი მოღვაწეობდა სპორტის სხვადასხვა სახეობის წამყვან გუნდებში. აკაკი ბერიამ მათი დარეკეტება გადაწყვიტა და ჩვეული სქემით დაიწყო მუშაობა: ბერია ცნობილ ქართველ სპორტსმენებს სახლებში აკითხავდა, ყოველთვიურ გადასახადს უწესებდა და ეუბნებოდა – უნდა გადაიხადო. ეს ფული საქართველოს აღორძინების ფონდში მიდის და მოშიმშილე ქართველებისთვისაა განკუთვნილი. ხოლო თუ უარს იტყვი, სნაიპერული შაშხანიდან ჩემი „პაძელნიკი“ მუხლს გაგიხვრეტს და შენს კარიერას წერტილი დაესმებაო. ასეთი მონოლოგის შემდეგ ესა თუ ის ქართველი ვარსკვლავი მოთხოვნილ თანხას იხდიდა და სულ რაღაც 9 თვეში ბერიამ ნახევარი მილიონი დოლარი შეაგროვა. ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ ქართველი სპორტსმენების რისხვა, აკაკი ბერია მარტო მოქმედებდა. ევროპაში მას არანაირი „პაძელნიკები“ არ ჰყავდა და მას არც არავისთვის შეეძლო მუხლის გახვრეტა თუ სხვა ორგანოს დაზიანება.

ექსტრადაცია

ფინანსურად მოძლიერებულმა აკაკი ბერიამ მარსელში საკმაოდ მძლავრი კრიმინალური დაჯგუფება შექმნა, რომელშიც ძირითადად, ალჟირელები იყვნენ გაერთიანებული და მიზერული ანაზღაურების ფასად აბსოლუტურად ყველაფერზე იყვნენ მზად. ბერიამ მათი მეშვეობით სამიოდე რეიდი მოაწყო ჭკადუას დაჯგუფების წინააღმდეგ და იმას მიაღწია, რომ გოდერძი ჭკადუა ბერიასთან შეხვედრაზე მივიდა. აკაკი თავის თანამემამულისგან წილში ჩაყენებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰპირდებოდა, რომ ალჟირელი „ბოევიკების“ მეშვეობით მის დაჯგუფებას სრულად გაანადგურებდა და მთელ მის ნარკობიზნესს ხელში ჩაიგდებდა. ჭკადუა იძულებული გახდა, დათანხმებოდა ბერიას და ხელშეკრულებაც დაედო, თუმცა, მარსელის პოლიციამ, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში უთვალთვალებდა ორივე ქართველი კრიმინალი, ჭკადუაც და ბერიაც ერთად დააკავა და ისინი საპყრობილეში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ გოდერძი ჭკადუას ყველაზე ცნობილი ფრანგი ადვოკატი ჰყავდა, მას ორი 20-20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბერია კი მხოლოდ იარაღის უკანონო ფლობისთვის გაასამართლეს და ციხეში 4 წლით ჩასვეს. თუმცა, საქართველოში სულ მალე „ვარდების რევოლუცია“ მოხდა და ბერიას ექსტრადაცია განხორციელდა. რის მერეც ის ახალმა მთავრობამ გაათავისუფლა. დღესდღეობით ეს ადამიანი ცოცხალია და აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა, რაც შეეხება გოდერძი ჭკადუას, ის სასჯელს ისევ საფრანგეთში იხდის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა