რისთვის დახვრიტეს 21 წლის მილიციის თანამშრომელი
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 16.01
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
„შავი ანჟელა“
გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში თბილისში ვინმე „შავი ანჟელა“ ცხოვრობდა, რომელიც მილიციასთან იყო შეკრული და ბინძური სქემით მოქმედებდა. ეს ქალი, ძირითადად, ოპერის თეატრის წინ, ჭავჭავაძის ქუჩის აღმართთან დადგებოდა ხოლმე, კერძო მანქანას გააჩერებდა და სოლოლაკში წაყვანას სთხოვდა. მოკლე „იუბკაში“ გამოწყობილი ქალი მძღოლის გვერდით იკავებდა ადგილს და მთაწმინდის გავლით ჭონქაძის ქუჩაზე ჩამოდიოდა, ფულს იხდიდა და სადარბაზოში შედიოდა. კერძო მძღოლს კი, სულ რაღაც, 50 მეტრში სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლები აჩერებდნენ. მის ავტომობილს ჩხრეკდნენ და წინა სავარძლის ქვეშ ნარკოტიკებს პოულობდნენ, რომელიც, რა თქმა უნდა, „შავი ანჟელას“ მიერ იყო ჩადებული. „ნარკოტიკების ამოღების“ შემდეგ იწყებოდა ვაჭრობა და მილიცია „დამნაშავე მძღოლს“ ფულს ართმევდა და უშვებდა. შემდგომ კი წილი თანაბრად ტყდებოდა და ანჟელაც თავისას იღებდა. 27 წლის „შავი ანჟელა“ სინამდვილეში ოლღა სიდამონიძე იყო. ის საქართველოს ერთ-ერთი რაიონიდან იყო და ოჯახიდან მეძავობის გამო გამოაგდეს. თბილისში ჩამოსულმა ქალმა საქართველოს დედაქალაქშიც განაგრძო თავისი საქმიანობა და კალინინის (მთაწმინდის) რაიონის მილიციის თანამშრომელს ვასიკო ქებურიას გადაეკიდა, მისგან ვაჟი გააჩინა და ისევ ბინძურ საქმიანობას მიჰყო ხელი. ქებურიას ცოლ-შვილი ჰყავდა. ვაჟს არ აღიარებდა და ანჟელამ ბიჭს თავისი გვარი მისცა. აქედან გამომდინარე, ქებურია იძულებული გახდა, თბილისი დაეტოვებინა და სამუშაოდ ქალაქ სოჭში გადასულიყო.
შურისძიება
ჯემალ სიდამონიძე, სულ რაღაც 5 წლის იყო, როდესაც „შავი ანჟელა“ ყელგამოჭრილი იპოვეს მთაწმინდაზე, ეგრეთ წოდებულ „მუსორტრესტის“ ტერიტორიაზე, სადაც ქალაქის დასუფთავების სამსახური იყო განთავსებული. ოლღა სიდამონიძეს არტერია ჰქონდა გადაჭრილი, სხეულზე კი მკვლელს 20 ჭრილობა მიეყენებინა. ეს დანაშაული კალინინის რაიონის პროკურატურის ქვემდებარე იყო და გამოძიება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლით აღიძრა. მილიციამ კი ორი დღის შემდეგ 30 წლის ვალიკო ვიბლიანი დააკავა, რომელმაც „შავი ანჟელას“ მკვლელობა აღიარა. ვიბლიანის განცხადებით, ერთი თვის წინ „ანჟელამ“ მას მორფის ამპულები ფარულად ჩაუდო ავტომობილში, რის გამოც მილიციამ მას 3 ათასი მანეთი გამოსძალა. ვიბლიანს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და რუსეთში განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გაგზავნეს. ობლად დარჩენილი ჯემალ სიდამონიძე კი უპატრონო ბავშვთა სახლში გაამწესეს და მისი აღზრდა სახელმწიფომ აიღო თავის თავზე.
სასტიკი მკვლელობები
გორბაჩოვისეული „პერესტროიკა“ ჯერ კიდევ ძალას იკრებდა. უზარმაზარ ქვეყანაში ყველა სტრუქტურა გამართულად მუშაობდა, ხალხი კი თავისუფალ სიტყვას ჯერ კიდევ არ იყო ჩვეული. თუმცა, ხალხში ხმა დადიოდა, რომ ქვეყანაში პირსისხლიანი მანიაკი გამოჩნდა, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა თავის მსხვერპლს. საქმე ის იყო, რომ ქალაქ სოჭში განსაკურთებული სისასტიკით მოკლეს მილიციის პოლკოვნიკი ვასიკო ქებურია. ის ერთ-ერთი რაიონის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი იყო და არა მარტო ქალაქში, რეგიონშიც კარგად იცნობდნენ. ძალოვნები ვარაუდობდნენ, რომ ქებურია რომელიმე „შავი სამყაროს“ წარმომადგენელმა მოკლა შურისძიების მიზნით, რადგან ქართველი პოლკოვნიკი დაუნდობლობით იყო გამორჩეული და არაერთი ბოროტმოქმედი ჰყავდა გამწარებული, მათ შორის, ლიკვიდირებულიც. მთელი მილიცია ფეხზე იდგა და რამდენიმე ეჭვმიტანილიც დააკავეს. თუმცა მალევე გაუშვეს, რადგან უდანაშაულოები იყვნენ. ამგვარად, ეს საქმე ჩიხში იყო შესული. მოკლულ ქებურიას გული ჰქონდა ამოჭრილი, თვალები დათხრილი და სასქესო ორგანო ამპუტირებული. ამ შემთხვევიდან ერთი თვის მერე თბილისში, ნახალოვკაში 46 წლის ვალიკო ვიბლიანის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ზუსტად იმავე ხელწერით იყო მოკლული, როგორც პოლკოვნიკი ქებურია სოჭში. იმ პერიოდში უზარმაზარი ქვეყნის მასშტაბით არსებობდა მძიმე დანაშაულებების შემკრები ერთიანი ცენტრი და ორივე მკვლელობის საქმე იქ გადაიგზავნა. ამის შემდგომ კი ანალიტიკოსებმა ივარაუდეს, რომ ორივე მკვლელობა ერთი და იმავე ადამიანის მიერ იყო ჩადენილი. ეს ორი საქმე ერთმანეთთან დააკავშირეს და 21 წლის ჯემალ სიდამონიძეზე გავიდნენ. ის თბილისის მილიციის თანამშრომელი იყო და როცა აიყვანეს, აღიარა, რომ თავისი ბიოლოგიური მამა – პოლკოვნიკი ქებურია და დედამისის, „შავი ანჟელას“ მკვლელი ვალიკო ვიბრიანი შურისძიების მიზნით მოკლა.
21 წლის მილიციის ზემდეგს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და დახვრიტეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან