კრიმინალური ისტორიები

რისთვის ჩასვეს ციხეში მილიციის ყოფილი პოლკოვნიკი და ორი მოქმედი ოპერი

№8

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 02.03, 2023 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

პოეტ ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძესა და მის მეუღლეს, სალომე ივანეს ასულ ორბელიანს 4 შვილი ჰყავდათ.

მათი ვაჟი, დავით ჭავჭავაძე, 1818 წლის 15 აგვისტოს დაიბადა კახეთში, სოფელ წინანდალში. მამის მსგავსად, ცხოვრების მთავარ საქმედ დავითმაც სამხედრო კარიერა აირჩია. განათლება სანქტ-პეტერბურგის გვარდიის პოდპრაპორშჩიკთა სკოლაში მიიღო და 1834 წლიდან რუსეთის არმიაში, ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში დაიწყო სამსახური უნტერ-ოფიცრად. 1839 წელს, 21 წლის ასაკში, ოფიცრობა უბოძეს და როგორც მედროშე ოფიცერი, კავკასიელთა უშიშარ კორპუსთან ერთად, ჩრდილო კავკასიის მუსულმანური ტომების წინააღმდეგ საბრძოლველად მიავლინეს.

1840 წელს დავით ჭავჭავაძე ნიჟნი ნოვგოროდის ქვეითთა პოლკში გადაიყვანეს. პარალელურად, ის ფსკოვის კირასირთა პოლკშიც მსახურობდა. იმავე წელს კავკასიაში გააგზავნეს. 1843 წლიდან მონაწილეობდა დაღესტნელი იმამ შამილის (ლეკი პარტიზანების საველე მეთაური) წინააღმდეგ მიმართულ ექსპედიციაში.

1844 წელს დავით ჭავჭავაძემ შტაბს-კაპიტნის ჩინი მიიღო და კახეთის ცხენოსანთა მილიციის მეთაურად დაინიშნა. 1847 წელს მას უკვე კაპიტნის წოდება აქვს და კავკასიის ცალკე კორპუსის მეთაურის მ. ს. ვორონცოვის ადიუტანტია. 1851 წელს კაპიტანი ჭავჭავაძე პირად მცველთა ლაიბ-გვარდიის გრენადერთა პოლკში გადაიყვანეს, ხოლო, 1854 წელს კავალერიის ლეიტენანტ-პოლკოვნიკი გახდა.

1854 წელს, ყირიმის ომის დროს, დავით ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა კახეთის დაცვას შამილის რაზმების თავდასხმებისაგან და თავი გამოიჩინა შილდის დაცვისას, რისთვისაც პოლკოვნიკ-ადიუტანტის ტიტული მიენიჭა. ამავე წელს მან განსაკუთრებული დამსახურებისთვის მეფის ფლიგელ-ადიუტანტობაც მიიღო.

ყირიმის ომის დროს ჭავჭავაძეების ოჯახს თავს დიდი ტრაგედია დაატყდა. შამილის მარბიელი რაზმები 1854 წლის 4 ივლისს მოულოდნელად დაესხნენ თავს და გადაწვეს დავითის მამული წინანდალში, მისი მეუღლე და შვილები კი ტყვედ აიყვანეს. მათ, ასევე, დაატყვევეს ელენე ორბელიანი – დავითის ცოლისდა და მისი ვაჟი, რომლებიც მაშინ ჭავჭავაძეებს სტუმრობდნენ; თან, რამდენიმე მსახურიც მიაყოლეს. დარბევის დროს დავით ჭავჭავაძის უმცროსი შვილი, რამდენიმე თვის ლიდია დაიღუპა.

ტყვეების სანაცვლოდ შამილი მოითხოვდა, რომ გაეთავისუფლებინათ მისი უფროსი ვაჟი, ჯამალ ედ-დინი, რომელიც რუსებმა 1839 წელს ექვსი წლის ასაკში მძევლად აიყვანეს. იმ დროისათვის იგი უკვე ოც წელს მიღწეული ახალგაზრდა იყო და რუსეთის არმიაში ლეიტენანტად მსახურობდა. ჯამალ ედ-დინი სანკტ-პეტერბურგში აღიზარდა და მისი ოჯახისა და ისლამის მიმართ გაუცხოებულად გრძნობდა თავს.

შამილმა გათვალა, რომ ტყვეების აყვანის ეს სასოწარკვეთილი აქცია შვილის დაბრუნებაში დაეხმარებოდა, რადგან დავით ჭავჭავაძე რუსეთის არმიის დამსახურებული ოფიცერი იყო და ჭავჭავაძეებს რუსეთის მთავრობასთან შესანიშნავი დამოკიდებულება ჰქონდათ.

მომხდარმა მთელი ქვეყანა შეძრა. მოლაპარაკებები თითქმის ცხრა თვე გაგრძელდა. უიმედოდ დარჩენილი, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დავითი შამილს წერილებით უკავშირდებოდა და ოჯახის გათავისუფლებას ევედრებოდა. ის პირადად ეახლა რუსეთის ხელმწიფეს და შუამავლობა სთხოვა. საბოლოოდ, ნიკოლოზ პირველი ჯამალ ედ-დინისა და სხვა 16 მთიელი ტყვის გათავისუფლებას დათანხმდა. მან, ასევე, უზრუნველყო გამოსასყიდი 35.000 ვერცხლისა და 5.000 ოქროს ფულის ოდენობით. ტყვეების გაცვლა 1855 წლის 10 მარტს მდინარე მიჩიკის მიმდებარე მინდორში შედგა.

1856 წელს დავით ჭავჭავაძე ტფილისის ეგერთა პოლკში გადაიყვანეს. 1861 წელს ის გენერალ-მაიორი გახდა და იმპერატორის ამალაში ჩაირიცხა, თუმცა, ისევ განაგრძობდა სამხედრო სამსახურს კავკასიის არმიაში.

ხანგრძლივი სამხედრო კარიერის განმავლობაში დავით ჭავჭავაძეს მრავალი ჯილდო ჰქონდა მიღებული. მათ შორის: წმიდა ანას მესამე და მეორე ხარისხის, წმიდა ვლადიმირის მესამე ხარისხის, წმიდა სტანისლავის მესამე და პირველი ხარისხის ორდენები.

ალექსანდრე ჭავჭავაძის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ წინანდლის მამულის მემკვიდრე დავითი გახდა. მან ოჯახური საქმეების მართვა და საგვარეულო ტრადიციების გაგრძელება გადაწყვიტა, მაგრამ მისთვის სამეწარმეო საქმიანობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

მამის, ალექსანდრეს, მსგავსად დავითი ბანკებიდან სესხს იღებდა, რათა ოჯახური მეურნეობა დაეფინანსებინა, მაგრამ არ გაუმართლა და ვალებში აღმოჩნდა. საბოლოოდ, დავითის პირადი ქონების მართვაში რუსეთის მონარქია ჩაერია: წინანდლის მამულის ძირითადი ნაწილი რუსეთის მთავრობას გადაეცა, ხოლო ჭავჭავაძეების საგვარეულო მიწები გაიყიდა.

დავით ჭავჭავაძე 1846 წელს დაქორწინდა ერეკლე მეორის შვილიშვილზე – გიორგი მეთორმეტის ვაჟის, ილია ბატონიშვილისა და ანასტასია ობოლენსკაიას ასულზე – ანა გრუზინსკაია-ბაგრატიონზე. ანა რუსეთის სამეფო კარის ფრეილინა, ევროპული განათლებით აღზრდილი ქალი იყო. ძალიან კარგად იცოდა ფრანგული ენა და კარგად ცეკვავდა. დავითზე გათხოვების შემდეგ ის განაგებდა ჭავჭავაძეების სალონს, რომელიც ძველებურად რჩებოდა თბილისის არისტოკრატიისთვის განსაკუთრებულად საყვარელ, თავშეყრის უპირველეს ადგილად.

ანას და დავითს 11 შვილი ჰყავდათ – რვა ქალიშვილი: სალომე, მარიამი, თამარი, ელენე, ანასტასია, ნინო (ელისაბედი და ლიდია პატარაობაშივე გარდაიცვალნენ) და სამი ვაჟი: ალექსანდრე, ილია და არჩილი. ანა, ოჯახთან ერთად, სხვა საქმეებსაც კარგად უძღვებოდა. ის, ასევე; ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. მან 1867 წელს თელავში პირველი ქალთა სკოლა დააარსა, ორ წელიწადში კი მსგავსი სკოლა წინანდალშიც გახსნა.

დავით ჭავჭავაძე 1884 წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია კახეთში, შუამთის დედათა მონასტერში.

გამოყენეული მასალების წყარო: ნაცარაშვილი ოთარ. კახეთის გამოჩენილი ადამიანები; „ვიკიპედია“; ka.rodovid.org/wk; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი